იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 128 მომლოცველი დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, იერუსალიმში წელს მომლოცველთა ორი ჯგუფი წავიდა, რომელთა შორისაც სასულიერო პირებიც არიან. პირველი ჯგუფი თბილისიდან იერუსალიმში 16 აპრილს გაფრინდა, მეორე ჯგუფი - 17 აპრილს. გარდა ამისა, მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისტული კომპანიების მეშვეობითაც გაემგზავრნენ.
ამასთან, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად საქართველოდან ისრაელში მომლოცველთა ჯგუფი კომპანია "პილიგრიმს ტურსის" მეშვეობით 14 აპრილს გაემგზავრა. წმინდა ცეცხლს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩამოიტანს. მომლოცველები წმინდა ცეცხლს თბილისში ჩარტერული რეისით სავარაუდოდ, 19 აპრილს, 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ.
უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულები წელს ზეციური, უნივთო ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.