უკრაინის ოპოზიციისა და პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს, თუ მოვლენები კვლავ დაპირისპირების სცენარით წარიმართა. ამის შესახებ კლიჩკომ უკრაინულ Hromadske Tv-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"არ გამოვრიცხავ სამოქალაქო ომის დაწყებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, პარტია "უდარის" ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამოუკიდებლობის მოედანზე მომხდარი ყველა მოვლენის საქმის კურსშია.
"იანუკოვიჩს ვუთხარი, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა. თუმცა, ის სიხარულით არ შეხვედრია ამ წინადადებას. გარკვევით განვუმარტე, რომ მოთხოვნა მთავრობისა და პრეზიდენტის გადაგომაა. იანუკოვიჩმა კი ისეთი სახე მიღო, თითქოს არაფერი გაუგია", - განაცხადა პარტია "უდარის" ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას.
ამასთან, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნა და 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება იქნება.
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებებში მონაწილეობისას თავად ვიტალი კლიჩკოც დაშავდა. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრისას, იანუკოვიჩი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდა.
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
მომზადებულია Hromadske Tv-ს მიხედვით.