ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გუშინ განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტალი ზახარჩენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქცია შემოიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია "ბატკივშინას" წევრმა, ვლადიმერ იავორივსკიმ გაავრცელა.
"ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა სანქციები შემოიღო უკრაინის შს მინისტრის, ვიტალი ხაზარჩენკოს წინააღმდეგ", - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მას არ დაუსახელებია წყარო, ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია. მას არც ის განუმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობს ზახარხჩენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციები.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კეიტლინ ჰეიდანი უკრაინის ხელისუფლებას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვს. თუ უკრაინის ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აშშ მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს.
"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, მათ შორის გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანისა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბერკუტმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
მომზადებულია TSN-ის მიხედვით.