კიევში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს უკრაინის სპეცსამსახურები ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. როგორც "ევროპეისკაია პრავდა" იუწყება, ამის შესახებ ტელეკომანია "ტაბულას" ჟურნალისტებმა თავად განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, სასტუმრო "დნეპრში" მათთან დღეს სამი ახალგაზრდა მივიდა, რომლებმაც ჟურნალისტებს მიგრაციის სამსახურისა და უშიშროების საბჭოს მოწმობები წარუდგინეს.
"ტაბულას" ჟურნალისტებს წაუკითხეს უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის 10 დეკემბრის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ქართველმა ჟურნალისტებმა უკრაინა უნდა დატოვონ. ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინაში მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში.
"ევროპეისკაია პრავდას" ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უკრაინაში მასობრივი არეულობისა და ხელისუფლების შეცვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ტარდება. სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლიც გააცნეს. მათ ქართველი ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ თუ უკრაინას ნებაყოფლობით არ დატოვებს, იძულებით გააძევებენ.