ევროკავშირი იმედგაცრუებულია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომზადების პროცესი. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ ეს იმედგაცრუებაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვისაც. რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ტარდებოდა, იმედისმომცემი იყო", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის იმის ნათელი სიგნალი გახდებოდა, რომ უკრაინა მზადა არის მოდერნიზაციისთვის და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის მყარი პარტნიორი გახდებოდა.
"გვჯერა, რომ უკრაინა გააგრძელებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ უკრაინელი ხალხის წინაშე არსებულ მტკიცე ვალდებულებებს", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.
21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეაჩერა რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.