ავტორი:

ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა

ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა

ისრაელის სოფლები, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან მდებარეობს, მუდმივად თავდასხმის მოლოდინშია. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ნეტივ ჰასარას მხოლოდ ბეტონის მაღალი კედელი ჰყოფს. პალესტინელების ლოცვის ხმა სოფელში მკაფიოდ ისმის, კედლის მიღმა ჰამასის მებრძოლებს წვრთნიან.

ნეტივ ჰასარას მცხოვრებლებმა კედლის გასალამაზებლად კერამიკის პატარა, ჭრელი ფილები დაამზადეს, კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა "მშვიდობა".

ადგილობრივი ფერმერი, ჰილა ფენლონი 40 წლისაა, მას ორი შვილი ჰყავს. ჰილა იხსენებს, რომ გემრიელი ჰუმუსის დასაგემოვნებლად ბავშვობაში მშობლებთან ერთად მიდიოდა ღაზას სექტორში, პალესტინელებს კი - ისრაელში მასპინძლობდნენ. თანამედროვე ებრაელი ბავშვებისთვის ღაზა ახლა "სიკვდილის ზონაა".

რაკეტები ნეტივ ჰასარაში ხშირად ცვივა, თუმცა ნაღმის ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი ირთვება და მოსახლეობას რამდენიმე წამი აქვს იმისთვის, რომ ბომბსაფარს შეაფაროს თავი. ბომბსაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტშია, საზღვრისპირა სოფლებში კი - ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებებზეც კი.

ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ ბავშვების ფსიქიკაზე, რადგან განგაშის სიგნალი მათზე მძიმედ მოქმედებს. საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ქუჩაში თამაშის საშუალება არ აქვთ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბომბსაფრებში ატარებენ, იქ თამაშობენ, სძინავთ და სწავლობენ.

ნეტივ ჰასარაში სათამაშო მოედნები გაუქმებულია, რადგან ღია სივრცეში თავის დაცვა შეუძლებელია.

ჰილა ფენლონი იხსენებს, როგორ ცდილობდა, მცირეწლოვანი შვილებისთვის რაკეტების შიში შეემცირებინა. მისთვის რთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის ახსნა, რომ ვიღაცას მათი მოკვლა გამიზნულად სურდა, ამიტომ შვილები დაარწმუნა, რომ განგაშის სიგნალის შემდეგ სოფელში რკინის წითელი ჩიტები მოფრინდებოდნენ და თავს სწორედ მათგან იცავდნენ.

სოფელში ჰილას შვილების მსგავსად არცერთ ბავშვს მშვიდად არ სძინავს. მათ რაკეტები, სიგნალები, წითელი ჩიტები ძალიან ხშირად ესიზმრებათ. ფსიქოლოგენის დახმარება კი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ - მათ მშობლებსაც მუდმივად სჭირდებათ.

კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ფენლონი ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის. ფერმერი დარწმუნებულია, რომ "თუ სოფლიდან წავა, ტერორი გაიმარჯვებს, მოსახლეობა კი – დამარცხდება" :

"ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე მაქვს იმედი…"-ამბობს ჰილა.

ღაზას სექტორის ქუჩებში ამ წუთებში საპროტესტო აქციები გრძელდება, პალესტინელები აშშ-ს მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ. მათ დაწვეს ირაელისა და აშშ-ს დროშები, ჰამასმა მომდევნო მანიფესტაციებიც დააანონსა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"