აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბიზნესიმპერია იზრდება. მისი უმცროსი ქალიშვილი არზუ ალიევა მოულოდნელად ერთ-ერთი მსხვილი ბანკის და ავიახაზების მომსახურების კომპანიის თანამფლობელი გახდა.
აზერბაიჯანში არსებობს ჰოლდინგი SW Holding, რომელიც იმდენად მსხვილი მონოპოლისტური კომპანიაა, რომ საკუთარი ბანკიც კი აქვს - "სილქ ვეი ბანკი". ამ ბანკის მფლობელად ორი ქალი სახელდება, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ქვეყნის მმართველობასთან. ერთი მათგანი ზარიფა გამზაევაა, სახელმწიფო საავიაციო კომპანია "აზალის" უფროსის მეუღლე და არზუ ალიევა, პრეზიდენტის ქალიშვილი.
ილჰამ და მეჰრიბან ალიევები შვილებთან, ლეილასთან, არზუსთან და ჰეიდართან ერთად
აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს ქვეყნის ფასეული აქტივების შესანახად იყენებს. არადა აზერბაიჯანული კანონების მიხედვით, სახელმწიფო პირებს ეკრძალებათ მსგავსი აქტივობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი 12-წლიანი პატიმრობაა.
ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა პარლამენტის წევრი და ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. ალიევების უმცროსი ვაჟი ჰეიდარი დუბაიში 44 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას ფლობს. ქალიშვილები ლეილა და არზუ აგრეთვე ფლობენ სახლებს დუბაიში. ჯამში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქონება 75 მილიონ დოლარად ფასდება.
ალიევს ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტზე წელიწადში 230 000 დოლარი აქვს ხელფასი. თუმცა ის ქვეყნის ნავთობს მკაცრად აკონტროლებს. მიუხედავად რამდენიმე ათეული მილიონიანი ქონებისა, არც ილჰამს, არც მის ცოლს ქონებრივი დეკლარაცია არ აქვთ შევსებული, რაც აზერბაიჯანის კანონებს ეწინააღმდეგება. ქვეყნის კანონი მაღალჩინოსნებს ბიზნესსაქმიანობას უკრძალავს.
მას შემდეგ, რაც "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია ალიევის ვაჟის მილიონიანი სახლის შესახებ დუბაიში, აზერბაიჯანში ზოგიერთი ვებგვერდი და სოციალური ქსელი დაბლოკეს. ალიევის 11 წლის შვილი გახდა ცხრა სასახლის მფლობელი დუბაის ყველაზე მდიდრულ უბანში. მის სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება, მაგრამ "ვაშინგტონ პოსტს" ოფიციალურმა მაღალჩინოსნებმა ბაქოში კითხვებზე პასუხი არ გასცეს.
მომზადებულია Kapital.kz-ს მიხედვით