ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი სწორედ დონალდ ტრამპი გახდეს, ექსცენტრიკული მილიარდერი ბობოქარი წარსულითა და ჯერ გაურკვეველი პოლიტიკური მომავლით.
ამერიკელი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 72-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის ბიზნესმენი, რომელიც უძრავი ქონებისა და ტელევიზიის სფეროში წლებია მოღვაწეობს, დროის უმეტეს ნაწილს მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ თაუერში" ატარებს - სადაც მუშაობს და ცხოვრობს კიდეც.
სამდონიანი პენტჰაუსი, რომელიც შუაგულ მანჰეტენზე მდებარეობს და ცენტრალ პარკს გადაჰყურებს, უფრო ვერსალის სასახლეს მოგაგონებთ. 24-კარატიანი ოქროსა და ბრილიანტის დეტალები, მარმარილო და ხელით მოხატული ფრესკები ჭერზე - ეს იმ ფუფუნების მცირე ნაწილია, რაც ტრამპების სახლში თვალში მოხვდება მნახველს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული პენტჰაუსია ნიუ-იორკში და 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
პრეზიდენტობის კანდიდატი პენტჰაუსში მესამე მეუღლესთან - სლოვენიელ მოდელ მელანი შნაუსთან და 10 წლის ვაჟიშვილთან ბარონ უილიამ ტრამპთან ერთად ცხოვრობს.