პარიზში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილმა გოგონამ, იზაბელ ბოუდერიმ ტრაგიკული ღამის შესახებ საკუთარი მოგონებები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. ნათარგმნ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ვერასოდეს იფიქრებ, რომ ეს შეიძლება შენ დაგემართოს. უბრალოდ, პარასკევი საღამო იყო როკ კონცერტზე. ბედნიერი ატმოსფერო იდგა, ყველა ცეკვავდა და იღიმოდა. შემდეგ უცებ მამაკაცები შემოვიდნენ მთავარი შესასვლელიდან და სროლა დაიწყეს. ჩვენ მიამიტურად დავიჯერეთ, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. ეს არ იყო უბრალოდ ტერორისტული შეტევა, ეს იყო სასაკლაო. ათეულობით ადამიანი დაცხრილეს ჩემს თვალწინ. იატაკი სისხლის აუზად იქცა. ზრდასრული მამაკაცები, რომელთაც მოკლული შეყვარებულების სხეულები ხელში ეჭირათ, ტიროდნენ.
ერთ წამში მომავალი დამახინჯდა, ოჯახები განადგურდა. შოკირებული და მარტო მყოფი, საათზე მეტხანს იატაკზე ვიწექი და თავს ვიმკვდარუნებდი. სუნთქვას ვიკავებდი, ვცდილობდი არ მემოძრავა, არ მეტირა, არ დამენახებინა ტერორისტებისთვის შიში, რომლის დანახვაც ასე სურდათ. ძალიან გამიმართლა, რომ გადავრჩი. მაგრამ ძალიან ბევრი ვერ გადარჩა. ის ადამიანები, რომლებიც გასართობად მივიდნენ კონცერტზე, უდანაშაულონი იყვნენ. სამყარო სასტიკია. მსგავსი ქმედებები წარმოაჩენს ადამიანების უზნეობას.
ტერორისტების გამოსახულება, რომლებიც თავს ყორნებივით დაგვტრიალებდნენ, ცხოვრების ბოლომდე არ მომასვენებს. როგორ უმოწყალოდ ესროდნენ ადამიანებს და არაფრად აგდებდნენ იმ ფაქტს, რომ ხალხს სიცოცხლეს ართმევდნენ. ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ხდებოდა. ყოველ წუთს ველოდი, რომ ვინმე მეტყოდა, ეს უბრალოდ კოშმარი იყოო. მაგრამ ამ საშინელებას გადარჩენილის როლი საშუალებას მაძლევს, გმირების სახელს შუქი მოვფინო.
კაცი, რომელიც გადამეფარა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, წყვილი, რომელთა ბოლო სასიყვარულო სიტყვებმა დამარწმუნა, რომ სამყაროში სიკეთე არსებობს, პოლიცია, რომელმაც წარმატებით გადაარჩინა ასობით ადამიანი, სრულად უცნობი ადამიანები, რომლებმაც დამიმგზავრეს და მამშვიდებდნენ 45 წუთის მანძილზე, როდესაც მეგონა, რომ ჩემი შეყვარებული გარდაცვლილი იყო, დაჭრილი კაცი, რომელიც ჩემ შეყვარებულში ამერია და რომელმაც მითხრა, რომ სხვა იყო და მამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მარტო და შეშინებული იყო.
ქალი, რომელმაც გადარჩენილებს საკუთარი სახლის კარები გაუღო, მეგობარი, რომელმაც თავშესაფარი შემომთავაზა და ახალი ტანსაცმელი მიყიდა, რომ ეს სისხლიანი მაისური არ მცმოდა. ყოველი თქვენგანი, ვინც მხარდაჭერის გამომხატველი გზავნილი გამოგვიგზავნეთ, თქვენ დამარწმუნეთ, რომ ამ სამყაროს გააჩნია პოტენციალი იყოს უკეთესი, რათა მსგავსი ფაქტები აღარასოდეს განმეორდეს.
მაგრამ განსაკუთრებით ის 80 ადამიანი, ვინც დარბაზში მოკლეს, რომლებსაც არ გაუმართლათ, რომლებიც დღეს ვერ გაიღვიძებენ. წარმომიდგენია რამხელა ტკივილს განიცდიან მათი მეგობრები და ოჯახები. ძალიან ვწუხვარ. არ არსებობს არაფერი, რაც ტკივილს გააქრობს. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, აქ რომ ვარ მათი უკანასკნელი ამოსუნთქვისათვის.
მაშინ, როდესაც სჯეროდათ, რომ მოვკვდებოდნენ, გეფიცებით, მათი უკანასკნელი ფიქრები იმ ცხოველების შესახებ არ ყოფილა, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს. ისინი იმ ადამიანებზე ფიქრობდნენ, ვინც უყვარდათ. როდესაც უცხო ადამიანების სისხლში ვიწექი და ველოდებოდი ტყვიას, რომელიც ჩემს 22 წლიან სიცოცხლეს დაასრულებდა, ყველა იმ ადამიანის სახე დამიდგა თვალწინ, ვინც ოდესმე მყვარებია და ჩემთვის ვჩურჩულებდი, თუ როგორ მიყვარდა ისინი. ისევ და ისევ. თვალწინ მედგა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. ვნატრულობდი, რომ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მიყვარდა, ეს ცოდნოდათ, რომ რაც არ უნდა დამმართნოდა, ადამიანური სიკეთის რწმენა არ დაეკარგათ. რომ არ მიეცათ იმ კაცებისთვის გამარჯვების საშუალება.
გასულ ღამეს ბევრი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ახლა ჩვენი ვალია უკეთესი ადამიანები ვიყოთ. ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორზეც ამ ტრაგედიის უდანაშულო მსხვერპლნი ოცნებობდნენ. სიმშვიდეში განისვენეთ, ანგელოზებო. ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ".
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ტერორისტული აქტების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა. როგორც "სიენენი" პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.
საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.