უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებას ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განუცხადა.
"ეს არ იყო ინციდენტი, არც კატასტროფა, არამედ იყო ტერორისტული აქტი"- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს, რომელსაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოროშენკოს განმარტებით, მომხდარი ფაქტი უკანასკნელ დღეებში მესამე შემთხვევაა, მანამდე რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოგდებულ იქნა ან-26 ტიპისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი.
პოროშენკოს ინფორმაციით, მისი დავალებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ ინციდენტის გამოძიებაზე იმუშავებს. მისივე თქმით, გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ნიდერლანდებისა და ICAO -ს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა გამოძიებაში ნიდერლანდელი სპეციალისტები ჩაერთონ.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
დეტალები ფაქტის შესახებ:
-უკრაინაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა
-პირველი ფოტოები დონეცკში ბოინგის ჩამოვარდნის ადგილიდან
ვიდეო:
-შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18)
-გავრცელდა "ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ