"ჩემი ჩაცმულობის მანერით საზოგადოებაში სიცილი გამოვიწვიე, მაგრამ ზუსტად ამაშია ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ გამოვიყურები ისე, როგორც სხვები", - ეს სიტყვები კოკო შანელს ეკუთვნის, თუმცა, იყო დრო, როდესაც იგივე სიტყვებს, იგივე წარმატებით კახი კალაძეც იტყოდა, როდესაც ინტერნეტში მისი ფოტო გაჩნდა. ფოტოზე იმ დროს ჯერ კიდევ ფეხბურთელი და ბიზნესმენი კალაძე ქუსლიანი ფეხსაცმელითა და კლასიკურ კოსტიუმთან შეუხამებელ წითელ, თავისუფალი სტილის შარვალში ჩანდა.
დიახ, მაშინ კალაძეზე ბევრი იხუმრეს, ბევრი იქილიკეს, თუმცა მისი სტილი, ისევე როგორც მისი პოლიტიკური კარიერა არნახული სიჩქარით განვითარდა და დღეს კალაძე დახვეწილი ჩაცმულობით გამოირჩევა. ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი მალე თბილისის მერად მოგვევლინება - 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, კალაძე 51.6%-ით ლიდერობს.
წარმოგიდგენთ სტატიას AMBEBI.GE-ს არქივიდან: "კალაძის სტილის ევულუცია", რომელშიც თვალს გადავავლებთ, თუ როგორ იცვლებოდა კალაძის ჩაცმულობის სტილი პოლიტიკური გემოვნების პარალელურად. ამავე სტატიაში თქვენ ნახავთ კალაძის ფოტოსესიას, რომელიც ქართველ ინტერნეტ-აუდიტორიისთვის ამ დრომდე უცნობი იყო:
ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული. დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც კახი საფეხბურთო სამყაროში პირველ წარმატებას აღწევს. პირველი წარმატება კალაძის ჩაცმულობაზე მეტად მის კომფორტზე აისახა, უპირველესად კი - ავტომობილზე.
კალაძის პირველი წარმატება
280.000 ევრო - ეს ის თანხაა, რის სანაცვლოდაც 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ქართველი ფეხბურთელი კიევის "დინამოში" გადავიდა. ეს იყო 1998 წლის იანვარი.
უფრო დიდი წარმატება, უფრო დიდი და მაგარი მანქანა და უფრო დახვეწილი სტილი - ეს უკვე კახი კალაძის იტალიური მონაპოვარია. დამსახურებული შრომითა და ოფლით.
კალაძე 2001-ში, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ კიევის "დინამოს" ემშვიდობება, "მილანის" საკუთრებაში გადადის და ხდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში.
იტალიაში ჩასვლით რადიკალურად იცვლება კალაძის ცხოვრებისა და ჩაცმულობის სტილი. იცვლება მისი ინტერესებიც და ფეხბურთელს ეძლევა მეტი შანსი შესაძლებლობების სხვა მიმართულებით რეალიზებისთვისაც.
დიახ, თუ ცხოვრება ლიმონს გაძლევს, ლიმონათი გააკეთე. რატომაც არა?! - კალაძე მილანში არნახული წარმატების კვალდაკვალ, ფულს ჭკვიანურად ხარჯვას, არა, - უფრო დაბანდებას იწყებს. ის რესტორან "ჯიანინოს" მფლობელი ხდება. პარალელურად, მისი ბიზნეს საქმიანობა იწყება უკრაინაში, ყაზახეთსა და მშობლიურ საქართველოში.
იცვლება სტილიც და ეს აისახა როგორც მის ჩაცმულობაზე, ასევე ცხოვრების სტილზეც. კალაძე, როგორც მისი მეუღლე იტყოდა, იწყებს ჩაცმას, როგორც "ნამდვილი ევროპელი მამაკაცი". მისი ჩაცმულობა არ ჯდება ქართულ სტანდარტებში. ქართულ სტანდარტებს ცდება მისი კომფურტული ქცევა ფოტოკამერების წინ თამამად პოზირების თვალსაზრისითაც. კალაძე არ ერიდება თითქმის შიშველი ფოტოების გადაღებას (აქ უნდა ყოფილიყო მისი ცნობილი ფოტო ტრუსებში, მაგრამ მისი სტატიაში გამოყენება, ვფიქრობ, ზედმეტად ბანალურია).
განსაკუთრებით სიამოვნებით კი პოზირებს ფოტოებში, რომელშიც ხაზს საკუთარ ფიზიკურ მონაცემებსა და საყვარელ ტატუს უსვამს; ტატუს, რომელიც ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გაიკეთა და რომელიც, გარკვეულწილად, მისი წარმატების სიმბოლოდ იქცა.
ამ პერიოდში კალაძე უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ვარცხნილობასაც. ცნობილი ფეხბურთელი რომში თანამშრომლობას იწყებს ვალერია ორლანდოსთან, რომელიც მაკიაჟისა და თმის სტილის სპეციალისტია. მასთან თანამშრომლობა მის ვარცხნილობაზეც აისახა, საბოლოო შედეგის დემონსტრირებისთვის კი შავ-თეთრ ფოტოპროექტში იღებს მონაწილეობას, რომელშიც ფეხბურთელი ფოტომოდელებისთვის შესაშური გამოხედვით პოზირებს ფოტოობიექტივთან. შედეგად კი ის ფოტოგალერეა მივიღეთ, რომელსაც Adami.ge-ს მკითხველი ამ გალერეაში ნახავს; ეს არის ფოტოები, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში, მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცხოა...