მსოფლიოში არსებობს მრავალი ფესტივალი, რომელიც საზოგადოებას დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს, მაგრამ არსებობს უცნაური ფესტივალებიც. ვებსაიტმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ფესტივალების ხუთეული წარმოადგინა:
1. La Tomatina: ტომატინას ფესტივალი ესპანეთში აგვისტოს თვეში ტარდება. ფესტივალის მონაწილენი ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან და წითლად მოსვრილები ნამდვილ "ომს" აჩაღებენ. ფესტივალის ორგანიზატორებს პომიდვრებით ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება - ესტრემადურა ამარაგებს, სადაც ბოსტნეული სპეციალურად ღონისძიებისთვის მოჰყავთ და იაფადაც იყიდება. მონაწილეებს უფლება აქვთ, თავი დაიცვან მუქი ფერის სათვალითა და ხელთათმანით.
ყოველ წელს ფესტივალზე დაახლოებით, 150 000 პომიდორი გამოიყენება. დაახლოებით 1 საათის შემდეგ სიგნალი მონაწილეებს აუწყებთ, რომ ფესტივალი დასასრულდა. ღონისძიების შემდეგ მთელი ქალაქი წითლად არის შეღებილი.
2. Hadaka Matsuri: ეს უჩვეულო ფესტივალი იაპონიაში ტარდება. ფესტივალის მონაწილეებს მხოლოდ საცვლები აცვიათ, ზოგჯერ მოკლე ნაჭერი აქვთ წელზე შემოხვეული.
მამაკაცებს ბამბუკის ღეროები მთავარი სალოცავისკენ მიაქვთ. შემდეგ ყველანი ელოდებიან, შეკრებილი მამაკაცებისგან ვის დაასახელებენ ”შინ-ოტოკოდ” (Shin-Otoko), ეს ფესტივალში მონაწილე ყველა მამაკაცისთვის დიდი პატივია.
ფესტივალი საუკუნეებს ითვლის და მონაწილეებს სწამთ, რომ უიღბლობას განდევნიან.
3. წმინდა ჯონის კოცონი: ნუსხაში რიგით მესამე უჩვეულო ფესტივალი კვლავ ესპანეთში, ივნისში ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში უამრავი ადამიანი იკრიბება და უზარმაზარ კოცონს ანთებს. სანახაობაზე ყველაზე მეტად პატარები ერთობიან, ბავშვები გაჩირაღდნებულ კოცონს ახტებიან და ბევრს ოხუნჯობენ.
საზოგადოება ყველაზე ლამაზ ქალბატონებს ფესტივალის დედოფლებად არჩევს.
4. ყველის დაგორების ფესტივალი: ტრადიციული ფესტივალი ინგლისში, გორაკ Cooper- ზე ტარდება. ფესტივალი უკვე 200 წელია აღინიშნება.
დღესასწაულს ადგილობრივებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუმარი ესწრება.
მისი ფორმატი ასეთია: გორაკის მწვერვალიდან ყველს დააგორებენ და მონაწილეები ძირს თავდაყირა ეშვებიან. ვინც ყველაზე პირველი დაეშვება მიწაზე და განსაზღვრულ ხაზს გადაკვეთს, გამარჯვებულადაც ის სახელდება, მას თავგანწირვისთვის ყველით აჯილდოვებენ.
გორაკი ციცაბოა და ტრამვებისა და მოტეხილობების გარეშე ფესტივალი არ მთავრდება.
5. თხის ტყორცნის ფესტივალი: თხის ფანჯრიდან გადაგდების ფესტივალი ესპანეთში ტარდება.
ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი ეკლესიიდან ცოცხალ თხებს ყრის. ღონისძიების მონაწილენი კი ქვემოთ იკრიბებიან და იმედოვნებენ, რომ ფანჯრიდან გადმოფრენილი თხა გაშლილ ზეწარზე დაეცემა.
ფესტივალი სისასტიკესთან ასოცირდება და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს.
ფესტივალი ყოველ წელს იანვარში, თვის ბოლო კვირა დღეს ტარდება.
მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.