გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში ფორტეპიანო აღმოაჩინეს, რომელზეც ვოლფგანგ ამდეუს მოცარტი უკრავდა, იტყობინება ტელეარხი SWR.
1760 წელს გამოშვებული ინსტრუმენტი ამჟამად ფორტეპიანოს სახელოსნოში ინახება. სახელოსნოს მეპატრონე მარტინ ბეკერმა ის 1980-იან წლებში სტრასბურგელი ანტიკვარიატით მოვაჭრისგან შეიძინა. ახალ მეპატრონეს მთელი ამ დროის მანძილზე ფორტეპიანოსთვის რესტავრაცია არ გაუკეთებია, ამის გათვალისწინებით ნივთი საკმაოდ კარგად გამოიყურება.
2010 წელს ბეკერმა ფორტეპიანოს გაყიდვა გადაწყვიტა და ვებ-გვერდ pianoscout.de-ზე განცხადება განათავსა (ფასი 5 მლნ ევრო იყო). განცხადებას მუსიკის ისტორიკოსი ანდრეას ბოიერმანი გამოეხმაურა.
ის ბეკერს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ამ ფორტეპიანოზე სტრასბურგში მოცარტი უკრავდა (კომპოზიტორი საფრანგეთში 1778 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა). ბოიერმანის თქმით, ფორტეპიანო მან ნახატის წყალობით ამოიცნო, რომელიც ვენაში ინახება და რომელზეც მოცარტთან ერთად ჰაიდნიცაა გამოსახული.
ფორტეპიანოს შემქმნელი - ცვაინბრიუკენელი ოსტატი ქრისტიან ბაუმანია. მან კიდევ რამდენიმე ანალოგიური ინსტრუმენტი დაამზადა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის მფლობელი გრაფი იერონიმ კოლორედო იყო, ზალცბურგის არქიეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო კაპელაში 1777 წლამდე მოცარტი მევიოლინედ მსახურობდა.
SWR-ის ინფორმაციით, Christie's-ის სააუქციონო სახლის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს მანდვილად ის ფორტეპიანოა, რომელზეც მოცარტი უკრავდა, ახლა კი მის ისტორიას სწავლობენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.