თბილისში, ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 16 წლის ლევან დადუნაშვილი და 16 წლის დათო სარალიძე, თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა საზოგადოებაში მთავარი საუბრის თემა კვლავ დაღუპული ახალგაზრდები, თინეიჯერების გაუგონარი სისასტიკე და მისი შედეგებია.
ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რის გამო და რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება, როგორ განვითარდა მოვლენები ფატალურ შემთხვევამდე და მის შემდეგ და ა.შ. საზოგადოება ამ თემის მიმართ განსაკუთრებულად სენსიტიურია და ნებისმიერ ახალ ინფორმაციას ტრაგიკულად იღებს.
სწორედ მაშინ, როცა საზოგადოება ასე მგრძნობიარედაა განწყობილი ამ თემის მიმართ, "ფეისბუქში" გავრცელდა ფოტოები, რომელზეც თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ფოტოები რამდენიმე საიტმა გაავრცელა შემდეგი ტექსტით:
"ეს ფოტო გადაღებულია მკვლელობის დროს. აქ ჩანს, როგორ ურტყამს მკვლელი დანას ერთ-ერთ გარდაცვლილს, ფოტო მეგობრის კედლიდან გადმოვიტანე, ამის გაწმენდა და მკვლელის ამოცნობა შესაძლებელია და იმ ბავშვებისაც ვინც აქ დგას" - ვკითხულობთ ტექსტში.
ეს ფოტოები არ შეესაბამება სინამდვილეს, სავარაუდოდ, კადრები გრაფიკაა და არ ასახავს რეალურ შემთხვევას. უცნობია, ვინ გაავრცელა ფოტო პირველმა, თუმცა ფაქტია, რომ ის რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდმა საიტზე განათავსა და ათობით ათასმა მკითხველმა და ინტერნეტმომხმარებელმა აღიქვა, რომ ეს კადრები შემთხვევის დროსაა გადაღებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ფეისბუქში" ყალბ ფოტოებს რეალურად ასაღებენ. სოციალური ქსელი ყალბი ინფორმაციის გავრცელების ადგილი ხშირად ხდება. "ფეისბუქზე" ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედება ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებს მათ. ხშირად, ეს ყალბი ამბები უწყინარია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა ნამდვილ ამბად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ზიანის მომტანი გამხდარა საზოგადოებისთვის.
წაიკითხეთ მეტი: 5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა