"ეს ფოტო ამერიკელის გადაღებულია და ჯეოგრაფიკის გამარჯვებულია! წალენჯიხა! მდინარე ჭანისწყალს უამრავი შენაკადი გააჩნია. ერთ-ერთია "ოტოფუე", აპრილის თვეში იქ ქვირითის დასადებად თევზები ამ სახით მიერეკებიან ხოლმე" - ფოტომ ამ წარწერით ქართული ინტერნეტსივრცე ორი დღეა დაიპყრო. ულამაზესმა სანახაობამ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ "საქართველოს ბუნება ასე მდიდარია", ნაწილს კი დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ამდენ თევზს "გამრავლებას ვინმე დააცდიდა, ლიფსიტასაც კი არ დატოვებდნენ".
მოკლედ, ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გვერდიდან, სადაც ფოტო 2015 წელსაა განთავსებული, იგი 3 ათასამდე ადამიანმა გააზიარა.
დავინტერესდით, ნამდვილად საქართველოშია თუ არა გადაღებული ფოტო და არის თუ არა ის National Geographic-ის გამარჯვებული.
Google-ში ხანგრძლივი ძიების შედეგად ირკვევა, რომ ეს ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ ტაილანდშია გადაღებული, ნამტოკის ეროვნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რომელიც მდიდარია მდინარეებითა და ჩანჩქერებით.
სამდონიანი ჩანჩქერის ერთ-ერთი მონაკვეთია ცივი, კამკამა წყლის აუზი, სადაც ასობით თევზი ცურავს და მათთან ერთად ბანაობის უფლებას პარკის დამთვალიერებლებსაც აძლევენ.