ულამაზესი სოფელი, რომელიც პატარა შვეიცარიას შეიძლება შევადაროთ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი. მას შემდეგ, რაც აქაურობა დაიცალა, მოსახლეობამ სოფელი საზაფხულო საცხოვრებლად და საძოვარ-სათიბად აქცია.
გონამდე ჯერ შობეთი უნდა გაიარო, მერე ველები, ჩვეშო, ლობჟანიძეების სალოცავი საჯვარია. კლიმატი თანდათან საგრძნობლად იცვლება. გონას მთელ სიგრძეზე მდინარე ჩვეშური გასდევს. სოფელი მის ცალ მხარესაა დასახლებული. ძველი ხის სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით დგას.
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმის ქვით. გამოირჩევა თავისებური არქიტექტურით - შიგა სივრცე ერთიანად გადახურულია ცილინდრული კამარით, კონქი არ აქვს და საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ პილასტრებით. შეკეთებულია XIX საუკუნის დასასრულს.
ფოტოები: გიორგი ნიკოლავა