ორი კვირის წინ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან გამონახა დრო და ჩვენს კითხვებს უპასუხა.
- როგორია თქვენი ემოციები ახალი სამსახურის დაწყებისას?
- მეორე დღეა, რაც ახალ სამსახურში ვარ. პირველმა დღემ ემოციურად და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით ჩაიარა. პასუხისმგებლობა სავალდებულოა მაღალჩინოსნებისთვის და მით უფრო, ჩემი თანამდებობის ადამიანისთვის. გავერკვიე სპეციფიკაში, თუმცა მოგეხსენებათ, ეს ჩემთვის უცხო არაა. 2005 წლამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ვიყავი.
- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.
- ოჯახში ვართ ოთხნი. მე, ჩემი და და ჩვენი ორი შვილი. მეც ერთი გოგო მყავს და ჩემს დასაც. ვცხოვრობთ დატვირთული რეჟიმით, ორივე და დასაქმებული ვართ. ჩემი შვილი - თიკო, თერთმეტი წლისაა, ჩემი დისშვილი - 15-ის. სტანდარტული ოჯახი გვაქვს. ვჩხუბობთ სწავლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტელეფონები და კომპიუტერებია დავის საგანი. წიგნთან ყველა ნაკლებად ურთიერთობს და მათ შორის ჩვენი ბავშვებიც, რასაც ძალიან განვიცდი, მაგრამ ვერ გეტყვით, პრობლემის გადაჭრა მოვახერხე-მეთქი. იმდენად დამოკიდებული არიან ტელეფონებზე, რომ ამის გამო ძალიან ხშირად კონფლიქტამდეც მივდივართ, მაგრამ გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. შეიძლება ითქვას, ცუდად არ სწავლობენ სკოლაში, მაგრამ რისი მოცემაც წიგნთან ურთიერთობას შეუძლია, ამაში ნამდვილად პრობლემები გვაქვს. დაკავებული არიან ცეკვით და კალათბურთით, რაც მათ დიდ დროს ართმევს. დამოუკიდებლად ცხოვრების წესს მიჩვეულები არიან, ელემენტარულად თავის მიხედვა შეუძლიათ, როცა უფროსები არ ვართ შინ. სახლში საქმეებს მე და ჩემი და ვინაწილებთ. არ გვყავს დამხმარე და არც არასდროს გვყოლია. დასვენების დღეებში სახლის საქმეებს შეთანხმებულად ვუძღვებით. მე ჰიგიენის დაცვა მევალება, ჩემს დას კერძების მომზადება.
- სამზარეულოში რატომ არ ტრიალებთ?
- ძალიან კარგად მეხერხებოდა საჭმელების მომზადება, უბრალოდ, ასე გადავინაწილეთ ფუნქციები.
- და რას საქმიანობს?
- იურისტია. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიცაა და ექსპერტიზაში მუშაობს.
- არ გიხსენებიათ მეუღლე...
- არ მყავს. მე და ჩემი და ვზრდით ორ გოგონას.
- სამწუხაროა, რომ ასე მოხდა...
- მგონი, არც ისე. ჩვენ ამ ცხოვრების სტილს უკვე დიდი ხანია, შევეგუეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის დისკომფორტი ნამდვილად არაა.
- გვეტყვით, ვინ იყო თქვენი მეუღლე?
- მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ.
- თიკოს რა გვარი აქვს?
- გვენეტაძეა.
- მგონია, რომ ძალიან მკაცრი ხართ ურთიერთობებში.
- არანაირად არ ვარ მკაცრი. ადამიანურად ძალიან ლიბერალი ვარ. ეს თავის ქება არაა, ნა-მდვილად ასეა. მკაცრი მხოლოდ იმ საკითხებში ვარ, რაც საქმეს შეეხება.
- მინდოდა მეთქვა, მამაკაცებთან დაკავშირებით იქნებოდით მკაცრი.
- არც ამ შემთხვევაში ვარ მკაცრი. ძალიან კარგი სამეგობრო მყავს და იქ ნამდვილად არ გამოვირჩევი სიმკაცრით.