პროსტატიტი

პროსტატიტი

პროსტატიტის სიმპტომები

არსებობს მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად, არასათანადოდ ნამკურნალები, მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლებელია, პროცესი თავიდანვე დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს პაციენტის ყურადღებას და შედეგად, ქრონიკული პროსტატიტი ჩამოყალიბდეს. ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივი ანუ გამეორება. მწვავე პროსტატიტის მოხშირება მეორეული მორფოლოგიური ცვლილებებისა და ქრონიკული პროსტატიტის მიზეზია. დაავადების გაქრონიკულებას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ. ქრონიკული პროსტატიტი გამწვავების პერიოდებით გამოირჩევა.

მწვავე პროსტატიტის (ან ქრონიკული ფორმის გამწვავების) დროს:

*სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39-40 გრადუსამდე; ავადმყოფს ამცივნებს.

*თავს იჩენს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგანაც ანატომიურად, ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის ზომაში მომატების დროს ვითარდება შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა:

*შარდვის დაწყების გაძნელება;

*წყვეტილი შარდვა;

*შარდის სუსტი ნაკადი;

*წვეთ-წვეთად შარდვა;

*შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;

*უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით - ღამის საათებში;

*იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და შარდის შეუკავებლობა ამ დროს;

*სქესობრივი ფუნქციის მოშლა:

*ურეთრის და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;

*სუსტი ერექცია;

*ნაადრევი ეაკულაცია;

*ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია) და სხვა;

*ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვემოთა მიდამოში, საზარდულის არეში, თეძოების ან წელის არეში;

*ნერვული სისტემის მოშლა (ნევროზული მდგომარეობა, განპირობებული ავადმყოფობაზე ყურადღების კონცენტრირებით).

პროსტატიტის მიმდინარეობა (როდის უნდა მიიტანოს მამაკაცმა ეჭვი პროსტატიტზე)

პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად, როგორც მწვავე ანთებითი დაავადება, ყველა თანმხლები სიმპტომით. ამ შემთხვევაში ავადმყოფს აღენიშნება ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე, მწვავე ტკივილი შორისის, საზარდულის, ბოქვენის, ანუსის მიდამოში. შარდვა და დეფეკაცია იმდენად მტკივნეულია, რომ ჩვეულებრივ, ეს უმტკივნეულო ფიზიოლოგიური პროცესი, მამაკაცს სატანჯველად ექცევა. აღსანიშნავია, რომ შეიძლება განვითარდეს აბსცესი (ჩირქგროვა) წინამდებარე ჯირკვალზე და სხვა.

უფრო ხშირად დაავადება ვითარდება ფარულად და თანდათან იძენს ქრონიკულ მიმდინარეობას. ქრონიკული პროსტატიტის დროს ავადმყოფის ჩივილები ძალზე ფართოა: სქესობრივი ფუნქციის დარღვევით დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ასეთი ავადმყოფები ხშირად, წლების მანძილზე მიმართავენ თერაპევტს ჩივილებით - წელის ტკივილზე, დაღლილობაზე, გულის არეში ტკივილზე და ა.შ. ასეთი მიმართვების შედეგად დიაგნოზად დგინდება: რადიკულიტი, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზი და ა.შ. და მხოლოდ ექიმის მხრიდან პაციენტის სწორად წარმართული გამოკითხვა გამოავლენს ჩივილის ნამდვილ მიზეზს.

ვირუსული პროსტატიტები

ცალკე უნდა შევეხოთ ვირუსულ პროსტატიტებს. გამომწვევია ჰერპესი, ციტომეგალია, პაპილომავირუსი. ეს ვირუსები არცთუ იშვიათად იწვევს ურეთრიტს (შარდსადენის ანთება), რაც პროსტატიტის მიმდინარეობას ამძიმებს და მამაკაცში უშვილობას იწვევს. განსაკუთრებულად ყურადსაღებია ამ ტიპის პროსტატიტები, რადგან კანსა და ლორწოვანზე ყოველგვარი გამოვლინების გარეშე, ვირუსი შეიძლება, აღმოჩენილი იქნას მხოლოდ სპერმის ან სეკრეტის ლაბორატორიული კვლევით. ხშირად ასეთი ავადმყოფები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ყოველგვარი დადებითი შედეგის გარეშე, რადგან დაავადების ვირუსული ფორმა მკურნალობის აბსოლუტურად სხვა ტაქტიკას (ანტივირუსული მკურნალობა, იმუნოთერაპია და ა.შ.) მოითხოვს.

პროსტატიტის გართულებები:

ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. ბოლო ხანს ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, ქრონიკული პროსტატიტის დროს, პერმანენტულად ხდება გარკვეული ნივთიერებების - კინინების პროდუქცია. კინინები ატიპური (კიბოსეული) უჯრედების გამრავლებას განაპირობებს. ამგვარად, ქრონიკულ პროსტატიტსა და პროსტატის კიბოს შორის უშუალო კავშირია.

გარდა ამისა, ქრონიკული პროსტატიტი რთულდება ვეზიკულიტით (სათესლე ბუშტუკების ანთება), ეპიდიდიმოორხტით (საკვერცხეების და მისი დანამატების ანთება). შედეგად ამას მოჰყვება მამაკაცის უნაყოფობა (წინამდებარე ჯირკვალს აღარ შეუძლია, გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობით ხარისხიანი სეკრეტი, რაც აუცილებელია სპერმატოზოიდის მოძრაობისთვის), იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია (თესლის გამოყოფა). ამიტომ პროსტატიტის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზევეა აუცილებელი და ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მკურნალობის შედეგიც.

პროსტატიტი და იმპოტენცია

ჩვენ უკვე შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ გვინდა განვმარტოთ, რომ პროსტატის ანთება თავისთავად, არ იწვევს იმპოტენციას, თუმცა ქრონიკულმა პროსტატიტმა მკურნალობის გარეშე, ისევე, როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, არასაკმარისი ერექცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და ე.წ. "წაშლილი" ორგაზმი.

გამოკვლევა

პროსტატიტის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის სეგმენტური (და არა შარდის საერთო) ანალიზი. ეს კვლევა იძლევა შარდში არსებული ცვლილებების გენეზისის დადგენის საშუალებას.

ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ექოსკოპიური კვლევა. აუცილებელია აგრეთვე რამდენიმე სახეობის სხვა გამოკვლევების ჩატარება.

პროსტატიტის პროფილაქტიკა

* არ დაუშვათ გადაცივება, განსაკუთრებით - ცივ ზედაპირზე ჯდომა;

* რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რათა შენარჩუნდეს სპერმის მუდმივი ცირკულაცია და წინამდებარე ჯირკვლის აქტიური სისხლმომარაგება. თუმცა მხედველობაში მისაღებია სქესობრივი გზით გადამდემი ინფექციებით პროსტატიტის პროვოცირება, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც.

* თითოეული მამაკაცი აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას უნდა გადიოდეს წელიწადში ერთხელ მაინც. პირველ რიგში, გამოკვლეულ უნდა იქნას წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი და ჩატარდეს უროლოგიური კვლევა;

* დამზოგველი დიეტა (ალკოჰოლის, მწარე, ცხიმიანი და კონსერვირებული საჭმლის გამორიცხვა);

* ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას; ადამიანებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ძირითადად ჯდომა უხდებათ, რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა, ფეხით სიარული, სპორტი - სირბილი, ცურვა, ჩოგბურთი და სხვა;

* დაბოლოს, გადატანილი პროსტატიტის შემდეგ, ამბულატორიულად პრევენციული კურსის ჩატარება სულ ცოტა, წელიწადში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

მკურნალობა

მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება კვლევის შედეგები, ექიმი-უროლოგი მკურნალობის პროგრამას შეადგენს. ეს პროგრამა სამკურნალო ღონისძიებების მთელ სპექტრს მოიცავს. პროსტატიტის განვითარების პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოქმედებაა საჭირო. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის, როგორც წესი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტო-ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, წურბელებით მკურნალობა), ასევე, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები; პროსტატის მასაჟის კურსი.

პროსტატის მასაჟის კურსი, მიუხედავად უსიამოვნო შეგრძნებებისა, აუცილებელი პროცედურაა. თუმცა, მას ექიმები ყოველთვის როდი მიმართავენ.

ეს მნიშვნელოვანია!!!

პაციენტთა საყურადღებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ პროსტატიტის ანტიბაქტერიული მკურნალობა სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს, რათა ზუსტად იქნას შერჩეული სათანადო ანტიბაქტერიული პრეპარატი, განისაზღვროს მკურნალობის ხანგრძლივობა, დოზები. ზოგჯერ, როცა პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ, იყენებენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, ირჩევენ მათ უსაფუძვლო კომბინაციებს, დროზე ადრე წყვეტენ მკურნალობას, რაც დაუშვებელია.

პროსტატიტის მკურნალობა ხალხური მედიცინით

მკურნალობა სატაცურის წვენით

წვენი უნდა სვათ იმდენი, რამდენიც გესიამოვნებათ, ძალდატანების გარეშე. როგორც წესი, შესამჩნევი შედეგისთვის აუცილებელია დღეში არანაკლებ 600 მლ-ისა.

ცხოველური ცხიმების მუდმივი მიღება იწვევს თირკმლებისა და სხვა გამომყოფი ორგანოების გადატვირთვას, შედეგად, ორგანიზმიდან სულ უფრო მცირე რაოდენობის შარდოვანა გამოიყოფა და შესაბამისად, კუნთების მიერ მეტი რაოდენობა შთაინთქმება. ეს პროცესი წინამდებარე ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია. ამ შემთხვევაში კარგი საშუალებაა - სატაცურის წვენი, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენთან ერთად.

ოხრახუშის თესლი

ა) ოხრახუშის თესლი უნდა დაიფქვას: 4 ჩ/კ ფხვნილს დაასხით

1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ

15 წთ; გააცივეთ, გაწურეთ; მიიღეთ 1 ს/კ, 4-6-ჯერ დღეში.

ბ) ცივი წყლით მომზადებული ნაყენი: 1 ჩ/კ თესლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და გააჩერეთ 8 სთ; მიიღეთ

1/4 ჭიქა, 4-ჯერ დღეში. მიიღება წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს.

შიმშილით მკურნალობა

თუ ზედმეტი წონა გაქვთ და პროსტატა ზომაში მომატებულია, რეკომენდებულია რამდენიმედღიანი შიმშილი. მაგრამ შიმშილი მხოლოდ მცირე ხნით უზრუნველყოფს მდგომარეობის შემსუბუქებას; თუ ცხოვრების წესი არ შეიცვლება, ეს არ იქნება საკმარისი, რომ ჯირკვალი ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდეს. შიმშილის დროს შარდვა შედარებით თავისუფალია და ზოგიერთი უსიამოვნო შეგრძნება იხსნება.

პროსტატიტის საწყის სტადიაში ერთ და ორდღიანი შიმშილობა საკმარისია შარდის ნორმალური გამოდენის აღსადგენად. ეს პროცედურა შეიძლება განმეორდეს პერიოდულად, საჭიროების მიხედვით.

უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი და დამხმარე საშუალებები. კვალიფიციური, პროფესიული დახმარების გარეშე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ ჯანმრთელობას.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი