ყველაზე ნაკლებპრობლემური ე.წ. ნორმალური ტიპის თმაა. მის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. მაგრამ ძალზე მშრალი ან პირიქით, ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ - თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანგებოდ უნდა მოუარონ.
ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში); მშრალი თმა კი დაბანის წინ დაიმუშავეთ აბუსალათინის, ნუშის ან ზეითუნის ზეთით. შემდეგ თავზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, შეგიძლიათ თავი ჩამოიბანოთ და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი ან ცოტაოდენი ამჟავებული რძე შეიზილოთ. ბოლოს ჩაის, გვირილის ან ცაცხვის ნაყენი გადაივლეთ.
ნიღბები ცხიმიანი თმისთვის
• ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ წყალი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კვერცხის გული სასარგებლოა იმით, რომ მასში არსებული ქოლესტერინი ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.
• 1-2 კვერცხის ცილა საგულდაგულოდ, ქაფის წარმოქმნამდე თქვიფეთ, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ თმა გოგირდის შემცველი საპნით ჩამოიბანეთ.
100-150 გ შავი პური დააქუცმაცეთ და დაასხით ადუღებული, ცხელი წყალი. როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, მომზადებული ნარევი შეიზილეთ თმაში, შემოიხვიეთ პოლიეთილენის თავსაბურავი და გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ კი უსაპნოდ ჩამოიბანეთ.
ნიღბები მშრალი თმისთვის
• ათქვეფილი კვერცხის გული ფრთხილად შეიზილეთ თმაში. 10-15 წუთით შეიფუთეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.
• დაბანიდან დაბანამდე, თმა პერიოდულად შეგიძლიათ კვებოთ ზეთების ნარევით (1 წილი აბუსალათინის და 3 წილი ნუშის ზეთი). ამ ნარევით დაისველეთ ხელისგულები და ნაზი მოძრაობით წაისვით თმაზე. შემდეგ ჩამოიბანეთ.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)