საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე კვლავ უარი უთხრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა.
მისი თქმით, საჯარო რეესტრს გაჩეჩილაძემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ გაეუქმებინა "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების საკითხის შეჩერების შესახებ 10 თებერვლის გადაწყვეტილება, თუმცა საჯარო რეესტრმა აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კორძახიას თქმით, დღეს, რეესტრში გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კვლავ წარადგინეს დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, სასამართლოს ოქმი, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძეს მის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ოქმის საფუძველზე რეესტრის მიმართ კიდევ ერთი მოთხოვნა გაკეთდა გაჩეჩილაძის დარეგისტრირების თაობაზე, რომელზე პასუხიც მომავალი კვირის ორშაბათს იქნება. იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება, გაჩეჩილაძის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი 10 თებერვალს შეაჩერა. საჯარო რეესტრის განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
უფრო კონკრეტულად, სასამართლომ გადაბაძეს უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების შეჩერებაზე, რომლითაც "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, თუმცა მის სასარჩელო მოთხოვნას მომავალში განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაბაძემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.