კრიზისი "იმედში": ტელევიზიის მენეჯმენტი საკუთარი ტელეწამყვანების გამონათქვამებს გაემიჯნა, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა.
ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიმართ გაოცებას ვერ მალავენ ადრესატები. ეკა ხოფერია აღნიშნავს, რომ ტელევიზიის განცხადება "ემოციური და პოლიტიკურია". ამასთან, ჟურნალისტი დასძენს, რომ არ ახსენდება სხვა პრეცენდენტი, როდესაც არხის ხელმძღვანელობა ასეთი განცხადებით გაემიჯნა საკუთარ ჟურნალისტებს.
Ambebi.ge-ს კითხვაზე, დატოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია ტელევიზიას, პროდიუსერი სოფო ხუციშვილი ამბობს, რომ "ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას", თუმცა, მისი აზრით, არხს საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ უნდა დაეფიქსირებინა და ეს საკითხი მხოლოდ დახურულ თათბირზე უნდა გადაეჭრათ.
დღის ბოლოს ინგა გრიგოლიამაც დაადასტურა, რომ მიუხედავად არსებული კრიზისისა, ის რჩება არხზე.
"ვიღაცას ხომ ეგონა, გავბრაზდებოდი, ავხტებოდი, დავხტებოდი, გავიქცეოდი... ხომ ამიტომ დაიგეგმა ეს შეტევა... ოღონდ არც ვბრაზობ, არც ვხტები... გადაცემას ვგეგმავ და ჩემზე შეტევის იდეის დედ-მამებს გეუბნებით -არსად მივდივარ! "რეაქცია" პარასკევს, ათ საათზე", - წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ "იმედის" განცხადება ბოლო დღეებში არხის ეთერში ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების საპასუხოდ გაკეთდა.
"ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.
ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.
ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
მეტი ინფორმაციისთვის საჭირო ბმულები: