სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი 35 წლისაა და უკვე 50 ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა. ოფიციალური მივლინებებისა თუ არაოფიციალური ვიზიტების გამო, ბოლო ოთხი წელია, დროის უმეტეს ნაწილს თვითმფრინავში ატარებს. ლამაზ კუნძულზე ქორწილის გადახდა მისი ოცნებაა. გაგიკვირდებათ და მაისში უკვე მერვე ქორწილს გეგმავს. ინტერვიუდან შეიტყობთ, ვისზე თხოვდება იგი ყოველ წელს და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს, თუ რითაა გამორჩეული და საინტერესო ესა თუ ის ქვეყანა.
- ჩემი პირველი მოგზაურობა თურქეთში შედგა. შთაბეჭდილება მოგზაურობისას ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან უცხო გარემოში ხვდები და უცხო ქვეყნის კულტურას ეცნობი. 2008 წლიდან დავიწყე ინტენსიურად მოგზაურობა. ძირითადად, სამსახურის საქმეზე მიწევდა წასვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა ადრე ამისთვის ფინანსები არ მიწყობდა ხელს. როდესაც ბიზნესი წამოვიწყე, გამიჩნდა იმის საშუალება, რომ მემოგზაურა. 2008 წლიდან დღემდე 50 ქვეყანა მოვიარე. თუ სამუშაო ვიზიტით ინდოეთში ვარ, იქიდან აუცილებლად ისეთ ქვეყანაში გამოვივლი, რომელიც არ მაქვს ნანახი. დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქვეყანა ვნახო.
- ფრენის, ალბათ, აღარც გეშინიათ.
- გეტყვით, რომ თავიდან ფრენის ძალიან მეშინოდა, მაგრამ მერე ძალიან შევეჩვიე. წელიწადში რვა თვე თვითმფრინავში ვარ. არის გარკვეული ავიაკომპანიები, რომლებსაც არ ვენდობი. ახლა პარიზში ვიყავი და ერთ-ერთ ავიაკომპანიას პირდაპირი რეისი ჰქონდა, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ამ ავიაკომპანიით მესარგებლა. მირჩევნია, ბილეთში მეტი გადავიხადო და ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ ვიქნები. არ ვსარგებლობ რუსული ავიაკომპანიებითაც. სადაც კი თვითმფრინავი ჩამოვარდა, უმეტესობა არის რუსული.
- რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- ყველა ქვეყანა არის უნიკალური, თავისი ადგილმდებარეობითა და ღირსშესანიშნაობებით. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მსგავსია. ჩემი უსაყვარლესი ქვეყანა არის დიდი ბრიტანეთი. შემდეგ წელს იქ სახლის ყიდვასაც კი ვაპირებ. წელიწადში 5-ჯერ აუცილებლად ვარ ლონდონში. ძალიან მიყვარს ეგზოტიკურ კუნძულებზე ყოფნა. პირველად მალდივის კუნძულებზე ვიყავი და ყველაფერმა მომხიბლა. სულ სასტუმროებია... სასტუმროდან რომ გახვიდე, უკვე მეორე კუნძულზე აღმოჩნდები. ამის გამო იქ დიდხანს ვერ გაჩერდები - მხოლოდ რამდენიმე დღე. იქვე ქოქოსის ქარხანაა. მიხვალ და ზეთს გამოგიწურავენ და მოგცემენ. არავინ დადის მანქანით, ყველა ველოსიპედით მოძრაობს. ასევე, ძალიან მომეწონა სეიშელის კუნძულები. იქ ყოფნისას მეგონა, რომ სამოთხეში მოვხვდი. ეს ადგილი იმითაც დამამახსოვრდა, რომ სულ თევზს ვჭამდი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი წელიწადში 90 კილოგრამ თევზს მოიხმარს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე კუნძულმა - ბალი. ალბათ გახსოვთ ფილმი, ჯულია რობერტსი ასრულებს მთავარ როლს: "სიყვარული, ჭამა და ლოცვა". ეს ფილმი ბალიზეა გადაღებული და რომელ სასტუმროშიც მიმდინარეობდა გადაღებები, მეც იქ დავრჩი. ამ კუნძულზე, ღამე გარეთ არავინ გადის. როგორც კი დაღამდება, ქუჩაში ვერავის ნახავთ, რადგან როგორც იქაურები ამბობენ, დადიან ბოროტი სულები - "ლეიაკები". ეს არ არის მითი. მთელი კუნძული ამით ცხოვრობს. დღისით ისინი არიან ჩვეულებრივი, ხანში შესული ადამიანები, ღამით კი გარდაიქმნებიან ხოლმე. ჩვენ თავიდანვე გაგვაფრთხილეს, - არ გაანაწყენოთ ხანში შესული ადამიანი, რადგან ის შესაძლებელია იყოს "ლეიაკი" და ღამით მოგაკითხოსო. მახსოვს, ასაკოვანი ქალი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა, მასაჟს გაგიკეთებო. ბევრი ფული გადავუხადე ამ მასაჟისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ შემეშინდა, "ლეიაკი" არ იყოს-მეთქი. ძალიან მაგარი ქვეყნებია კუბა და იამაიკა. როგორც ჩვენთან, ბათუმის სანაპიროზე დაატარებენ მოხარშულ სიმინდს, იამაიკაზე ზუსტად ისე დაატარებენ დაახლოებით 25 სახეობის ნარკოტიკს. გაგიმხელთ იმასაც, რომ ტრადიციად მაქვს უკვე: შვიდი წელია, რომელიმე ძალიან ლამაზ კუნძულზე ქორწილს ვიხდი. ამ დღისთვის ისე ვემზადები, როგორც პირველად. ვყიდულობთ მე და ჩემი მეუღლე ბეჭდებს, ვიცვამ საქორწილო კაბას და ა.შ. ბილეთები უკვე დაჯავშნილია და მერვე ქორწილი გვექნება მაისში, ბორა-ბორაზე. მაისამდე კი მავრიციუსზე გავემგზავრები, რომელიც მადაგასკართან ახლოსაა. ზღვა ძალიან მიყვარს. როგორც ხედავთ, სულ კუნძულებისკენ მიმიწევს გული. საქართველოში დიდხანს ვერ ვჩერდები. სამი კვირა რომ გადის, უკვე მინდა, ვიმოგზაურო. არც ერთი ქვეყანა აღარ არის ჩემთვის ტურისტული დანიშნულების. ყველგან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მთავრობის წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები, ჩემი მეგობრები გახდნენ. კომუნიკაბელური ვარ და ადვილად ვამყარებ ყველასთან კონტაქტს.
- რატომ გიყვართ ლონდონი ასე ძალიან? რით მოგხიბლათ ამ ქალაქმა?
- ყველაფერი მიყვარს. ბრიტანელი ხალხი, ბრიტანული აქცენტი. ერთ-ერთი მიზეზი შოპინგია, რაც ასევე ძალიან მიზიდავს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და თავს არ ვგრძნობ ტურისტად. კლიმატია ცოტა ცუდი - ღრუბლიანი. ყველაფრით ისეა აწყობილი ლონდონი, რომ მსგავსი დალაგებული ქალაქი არსად მინახავს. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, საით წავიდეო, გამოგყვება და ბოლომდე მიგაცილებს. იქ საოცრად კარგი აურაა. საფრანგეთში 3-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე უკან დაბრუნება. ინდოეთი ძალიან მიყვარს. იქ კლინიკა მაქვს და ხშირად მიწევს ჩასვლა. მშობლიური განცდაც კი მაქვს ამ ქვეყნისადმი.
- წლების გასვლასთან ერთად არ გინელდებათ მოგზაურობის სურვილი? თუ პირიქით?
- მოგზაურობა ჩემთვის ნარკოტიკივითაა. შუალედებში, როდესაც სამსახურისგან ვისვენებ, მაშინვე სამოგზაუროდ მივდივარ. წლების გასვლასთან ერთად, ამის სურვილი უფრო მიმძაფრდება.
- როგორ ეგუება მეუღლე, რომ ამდენს მოგზაურობთ? ისიც თქვენთან ერთადაა ხოლმე? როგორ დაითანხმეთ ყოველწლიურ ქორწინებაზე?
- ხშირად მარტო მივდივარ სამოგზაუროდ, ხანდახან - ერთად. ვთვლი, რომ წყვილს აუცილებლად სჭირდება რაღაც პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე ყოფნა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისე წავსულვარ, რომ არც კი სცოდნია მეუღლეს. ერთხელ ინდოეთში მივდიოდი, აქედანვე ჩინეთის ვიზაც გავაკეთე. ეს მან არ იცოდა. მისი პლასტიკური ბარათი ჩინეთში რომ გატარდა, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, სად ვიყავი. ასეთ სიურპრიზებსაც ვუწყობ ხოლმე. ცოტას ეჭვიანობს ხოლმე, ვფიქრობ, ეს საჭიროა. ხშირად მე სხვა ქვეყანაში ვარ, ჩემი მეუღლე - სხვაგან და ან მე ჩავაკითხავ, ან - ის. ბავშვებთან ერთად არ გვიმოგზაურია ჯერ, წლინახევრისები არიან. რომ გაიზრდებიან, მერე აუცილებლად ერთად ვივლით. ყოველ წელს ქორწილის გადახდის იდეა იცით, რატომ მომივიდა? საზოგადოებამ დააწესა, რომ ქორწილი უნდა იყოს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი ლამაზი დღე ცხოვრებაში ერთხელ არ უნდა იყოს. ურთიერთობას ყოველთვის განახლება სჭირდება და ჩვენც ამ ხერხს მივმართეთ. სადაც არ ვართ ნამყოფები, იმ კუნძულზე მივდივართ და ვიხდით ქორწილს. ამ დღისთვის კი თითქმის მთელი წელი ვემზადებით. საქორწილო კაბა, ბეჭდების გაცვლა, მეჯვარეები და ა.შ.
- მეუღლე ადვილად დაგთანხმდათ ამ ახირებაზე?
- მეუღლეს მიაჩნია, რომ მთლად დალაგებული არ ვარ (იცინის). ის ძალიან სტაბილური და გაწონასწორებულია. ერთმანეთს კარგად ვავსებთ. ჩემი ეს ახირებები, გართობები და გამოგონებები ძალიან ახალისებს. თვითონაც მოსწონს.
- საქორწინო მოგზაურობაში სად იყავით?
- შვიდი წლის წინ გავთხოვდი და საქორწინო მოგზაურობა ლიკანში გვქონდა (იცინის). მაშინ მეტის საშუალება არ გაგვაჩნდა.
- მოგზაურობის დროს, გიყვართ მუზეუმებში სიარული და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება?
- მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მხატვარია, მე დიდად ახლოს არ ვარ ხელოვნებასთან. არც მუზეუმების მოყვარული გახლავართ. გალერეაში რომ ერთ სურათს ნახევარი საათი უყურებენ, მე ასე არ შემიძლია. ლუვრი 15 წუთში შემოვიარე და ეს ჩემთვის საკმარისი იყო.
- უცხო ქვეყანაში მუზეუმებზე მეტად ალბათ შოპინგი გიზიდავთ. რამდენ დროს უთმობთ მას?
- მოდის დიდი მიმდევარი გახლავართ. თუ ამერიკაში ან პარიზში ვარ, აუცილებლად ბევრ რამეს ვყიდულობ, მაგრამ ძირითადად ლონდონში მირჩევნია შოპინგი. იქ ყველანაირი ბრენდის სამოსი იყიდება. ჩემი საყვარელი დიზაინერები არიან: პრადა, ვალენტინო, დიორი, გალიანო, მაქკუინი. ჩემს გარდერობში ძირითადად სულ ამ დიზაინერების სამოსია. უსარგებლო სუვენირების ყიდვა კი არ მიყვარს. ზოგადად, ძალიან თანამედროვედ მოწყობილი სახლის მომხრე ვარ. რომ გავთხოვდი, დედამთილმა დამახვედრა თაობების მიერ ნაგროვები "ხრუსტალები" და ა.შ. ის რომ ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა, მე დიდი მანქანა მოვიყვანე და მთელი ეს ანტიკვარიატი გადავყარე. ცოტათი გაბრაზდა, მაგრამ არა უშავს. ამიტომ, მოგზაურობიდან მომაქვს ის ნივთები, რაც მჭირდება. საჩუქრები კი ხშირად ჩამომაქვს ხოლმე მეგობრებისა და ახლობლებისთვის.
- როგორ ასწრებთ, რომ ამდენი იმოგზაუროთ და თან თქვენს საქმიანობას გაუძღვეთ?
- საქართველოს გარდა, სუროგაციის ფილიალები უკვე მრავალ ქვეყანაში გვაქვს. საქმეს ძირითადად, ინტერნეტით ვაგვარებ. გარდა ამისა, ყველა ქვეყანაში ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს. საქმეს ესეც მიადვილებს. ყველაფერი ისე მაქვს აწყობილი, რომ დღეში 2 ან 3 საათი ჩემი მუშაობა საკმარისია.
- რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?
- სიმართლე გითხრათ, დიდი გურმანი არ გახლავართ. მიყვარს ინდური და ტაილანდური სამზარეულო. ძირითადად ბრინჯით, თევზითა და ბოსტნეულით ამზადებენ კერძებს. შემწვარი კერძები არ მიყვარს. ამიტომაც, მათი სამზარეულო ჩემთვის ყველაზე მისაღებია. ჯანსაღი კვების მიმდევარი ვარ. თუ დააკვირდებით, აზიელი ქალები გვიან ბერდებიან, ეს კი იმიტომ, რომ სწორად არჩევენ საკვებს. რომ გითხრათ, რომელიმე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭმელი გავსინჯე-მეთქი, მოგატყუებთ. გველისა და მსგავსი რაღაცების ჭამის სურვილი არასდროს მქონია. ხორციც არ მიყვარს, მხოლოდ თევზს ვჭამ. ახლა ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც ენციკლოპედიის სახე ექნება. იქ მოთხრობილი იქნება, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და შევაჩეროთ დაბერების პროცესი. ვეთანხმები ფრანგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ულამაზო ქალი არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ მოვლილი და მოუვლელი ქალები. ჩემთვის მიუღებელია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება. საქართველოში პრევენცია ანუ როგორ დავიცვათ თავი სიბერისაგან, არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იქნება. საუბარი შეეხება დაბერების ფსიქოლოგიას, პლასტიკური ქირურგიის ავკარგიანობას, არატრადიციულ მედიცინას, ჯანსაღ კვებას. წიგნი რამდენიმე თვეში გამოვა.
- მატერიალურ მხარეზე მინდა გკითხოთ: ალბათ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ამდენი მოგზაურობა.
- ოთხი წელია, რაც ამ ბიზნესში ვარ. გავაფართოე ჩემი ქსელი და უკვე შვიდ ქვეყანაში მაქვს სუროგაციის ცენტრი, ზოგან კი - კლინიკა. ასეთ ცენტრებს კიდევ გავხსნი მომავალში სხვადასხვა ქვეყანაში. ნულიდან დავიწყე საქმიანობა და მოკლე დროში გავხდი - უხეშად არ გამომივიდეს და - მილიონერი. აქედან გამომდინარე, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმოგზაურო.
- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაში ცხოვრობს?
- უკრაინა და რუსეთში ძალიან უხეში და ცივი ხალხი ცხოვრობს. თანამშრომლები მყავს უკრაინაში და მათ აუცილებლად მკაცრად უნდა ელაპარაკო. მათთან უხეშობა აუცილებელია. სხვანაირად არაფერი გამოდის. ინდოეთში ძალიან თბილი ხალხია. მოტივირებულნი არიან იმაზე, თუ როგორ დაგეხმარონ. შენიშვნის მიცემის დროსაც აუცილებლად უნდა იყო ზრდილობიანი. ძალიან მაღალ დონეზეა უფროსის კულტი. ტაილანდში კი, ზრდილობის განსახიერება უნდა იყო. მას ღიმილის ქვეყანასაც ეძახიან. ვინმე თუ ბრაზდება, თვლიან, რომ ასეთი ადამიანი სახეს კარგავს. ეს კი ძალიან დიდი ცოდვაა. აზიელი ხალხი ძალიან თბილია. ფრანგები არ მიყვარს - პირველ რიგში ფრანგს მოემსახურებიან და თანაც, თუ ინგლისურად დაელაპარაკები, აუცილებლად გვიან მოგაქცევენ ყურადღებას.
- ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
- პრობლემას ნამდვილად არავინ მიქმნის იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ კარგად იცის, არსად დამრჩენი არ ვარ. გეტყვით, რომ შარშან მთელი ჩემი ქსელის თანამშრომლები ჩამოვიყვანე საქართველოში და დავათვალიერებინე. წავიყვანე სვანეთშიც. სამშობლოს მონატრების გრძნობა ყოველთვის მაქვს ხოლმე, სადაც უნდა ვიყო. მშობლები, მეგობრები ყოველთვის ძალიან მენატრებიან.
- მოგზაურობის გარდა, გაქვთ კიდევ სხვა ჰობი?
- კი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცურვა. ოთხივე სტილის ცურვას პროფესიონალურად ვფლობ. ყოველი დღის დასასრულს მივდივარ აუზზე და სამ საათს ვატარებ.
- სად გეგმავთ კიდევ მოგზაურობას?
- ჩამოწერილი მაქვს 2013-14 წლის გეგმა, თუ სად უნდა ვიმოგზაურო. ესენია: კენია, იაპონია, სამხრეთი აფრიკა, პორტუგალია, პაპუა, ახალი გვინეა, ეგვიპტე, ნეპალი, არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ტაივანი, კორეა და ა.შ.
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)