საქართველოში კონცერტები ძალიან იშვითად ტარდება. შესაბამისად, მომღერლები ძირითადად, შემოსავალს კორპორატიულ ღონისძიებებზე, ქორწილებზე და დაბადების დღეებზე გამოსვლისას იღებენ ხოლმე. ზოგჯერ მათ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იწვევენ ღონისძიებებზე, სადაც ანაზღაურება გაცილებით მეტია. თბილისში კორპორატიულ ღონისძიებებზე ყველაზე მოთხოვნადი ჯგუფი "დუეტი ჯორჯიაა". შესაბამისად, მათი ანაზღაურება გაცილებით მეტია და არსებული ინფორმაციით, საშუალოდ 7000 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დუეტი ყველა შემოთავაზებას არ თანხმდება. ჰონორარი ძირითადად იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენი სიმღერა უნდა შეასრულოს მომღერალმა ქორწილში ან კორპორატიულ ღონისძიებაზე.
ემიგრანტებში ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელი ლელა წურწუმიაა. მას ყველაზე ხშირად ამერიკაში და ისრაელში მცხოვრები ქართველები იწვევენ. თუმცა რა თანხას შეადგენს წურწუმიას ჰონორარი, უცნობია. ხშირად იწვევენ ისრაელში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს. ემიგრანტებს სკანდალური ნინა განსაკუთრებით უყვართ.
– ხშირად გიწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე?
ნინა წკრიალაშვილი:
- გააჩნია. ყოფილა შემთხვევები, როცა 6-7 თვე არ მიმღერია კორპორატულ წვეულებაზე.
– ქორწილებში თუ მღერით?
– ისრაელში ვმღერი ქორწილებში, საქართველოში - არა. არც რეპერტუარი მიწყობს ხელს და იმდენსაც არ იხდიან, რომ ამდენი ნასვამი ადამიანი ავიტანო.
– ჰონორარი რამდენია?
– გააჩნია საღამოს. თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
– ხშირად მღერით ქორწილებში?
გია სურამელაშვილი:
– დიახ, ხშირად მეპატიჟებიან ქორწილებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.
– რამდენს გიხდიან ქორწილებში სიმღერის სანაცვლოდ?
– გააჩნია, რამდენ სიმღერას ვმღერი, ვის ქორწილში მეპატიჟებიან. თბილისში 8 სიმღერაში 2000 ლარს მიხდიან, მაგრამ თუ ახლობლებს ჩარევენ, ამაზე ნაკლებადაც ვმღერი. რაც შეეხება საზღვარგარეთ სიმღერას, იქ მთელ პროგრამას წარმოვადგენ, გზის და სასტუმროს ხარჯებს მასპინძელი ანაზღაურებს, ჩემი ჰონორარი კი 7000 დოლარს შეადგენს. უხარიათ, როცა ქორწილებში ვმღერი, ამ დროს სიძე და პატარძალი ავიწყდებათ კიდეც, ისე ერთობა ხალხი.
– ხშირად გიწვევენ დახურულ ივენთებზე?
ვერიკო ტურაშვილი:
– ხშირად არ მიწვევენ დახურულ ივენთებზე და კერძო თავყრილობებზე. ასეთ ღონისძიებებზე უფრო მეტ ჰონორარს იხდიან, ვიდრე მაშინ, როცა ჩვეულებრივი კონცერტი ტარდება. საზღვარგარეთაც მეპატიჟებიან. აპრილშიც მივდივარ ერთ-ერთ ქვეყანაში დახურულ ღონისძიებაზე. ქორწილებშიც მიმღერია. თუმცა რამდენს მიხდიან ასეთ საღამოებში ჰონორარს, ამაზე საუბარი არ მინდა.
ანრი ჯოხაძე:
- არის შემთხვევები, როდესაც ქორწილებში მიწვევენ და ზოგჯერ ვთანხმდები. გააჩნია პირობებს. ზუსტად რა თანხას მიხდიან, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ გაცილებით უფრო ბევრს მაძლევენ, როცა კორპორატულ ღონისძიებებზე და ქორწილში სიმღერა მიწევს, ვიდრე უბრალო კონცერტზე. დაახლოებით რამდენიმე ათას დოლარს მიხდიან, ზუსტ თანხას საჯაროდ ვერ დავასახელებ.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge