მომღერალი ნინი ბადურაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული მოსკოვში მცხოვრები 31 წლის ქართველი წყალბურთელი ირაკლი კუტალაძეა. წყვილი მალე გადავა მოსკოვში საცხოვრებლად. ჩვენ ნინის მამას, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც თავისი ცხოვრების ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა და სიძეზეც ბევრი რამ გვიამბო.
ძმის უცნაური სამყარო, რომელსაც ყველა ვერ იგებს
- დედა 17 წლის გათხოვდა. მამა იმ დროს უკვე დაღვინებული იყო. თელავის რაიკომის მდივანი გახლდათ და კარგი სამეგობრო წრე ჰყავდა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი იყო. შეუყვარდა თავისზე რვა წლით პატარა გოგო, რომელსაც ხუთი წელი სდია. დედა მერვე კლასში იყო, რომ მოეწონა. ამ კაცს სიყვარულმა იმდენი გააკეთებინა, რომ შეაყვარა თავი დედას. დედა პლეხანოვზე ცხოვრობდა. მახსოვს მეზობლები იხსენებდნენ, რომ მამა დედას სერენადებს უმღეროდა. თურმე დედას ეკითხებოდნენ, კიდევ როდის მოვლენ, რომ გიმღერონო. მამას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა - ნიკო ჭავჭავაძე, გოგლა ლეონიძე, თემურ ნაცვლიშვილი მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დედა ჰყვება ხოლმე, გოგლას თელავში უყვარდა ჩამოსვლაო. ირაკლი აბაშიძეც ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან სტუმრად.
მამაც გახსნილი კაცი იყო. კარგი თამადა და კარგი მასპინძელი გახლდათ. ამ ყველაფერმა გაჭრა ლალიზე, ბოლოს და ბოლოს, და თავიდან რომ უარზე იყო, მერე შეუყვარდა და გაჰყვა ცოლად. დედასა და მამას სურათი გაგრაშია გადაღებული. იმ დროს მე დაახლოებით სამი-ოთხი წლის ვიქნებოდი. აფხაზეთი მახსენდება, როგორც საოცარი ზღაპარი. იქ ბებიაჩემის დები ცხოვრობდნენ. ახლა მათი სახლ-კარი მიტოვებულია. ხშირად გვიწევდა აფხაზეთში ჩასვლა. ხელოვანთა სახლში დავდიოდით, სადაც უცხოეთიდანაც ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. საბჭოთა ბომბი იყო ჩადებული, რომელიც დაახლოებით ოცი წლის წინ აფეთქდა. ამ კუთხეში სამოცდაათი პროცენტი მართლა ქართველები ცხოვრობდნენ. აფხაზები უმცირესობაში იყვნენ. რუსებმა სტალინის დროს ჩადებული ბომბი მაშინ ააფეთქეს, როდესაც სჭირდებოდათ. მერე რაც მოხდა, მოხდა. ალბათ ოდესმე რაღაცნაირად მოგვარდება ჩვენ შორის ურთიერთობა.
- თქვენს ალბომში არის ფოტო, რომელიც დედას რობერტ დე ნიროსთან აქვს გადაღებული.
- სურათი 1986 წელს არის გადაღებული, როდესაც დე ნირო საქართველოში თავის ქალიშვილსა და ბიჭთან ერთად იყო. დე ნირო მოსკოვის ფესტივალიდან ჩამოვიდა. იმ პერიოდში მსოფლიოში ქართული კინოს ფენომენი არსებობდა. მიშა კობახიძეზე, ოთარ იოსელიანსა და თენგიზ აბულაძეზე მთელ მსოფლიოში ლაპარაკობდნენ. დე ნიროს აინტერესებდა, ეს ერთი ბეწო ქვეყანა როგორ ახერხებდა ასეთი თვითმყოფადი სურათების გადაღებას. მახსოვს, აეროპორტში მე, ელდარ შენგელაია და ზურიკო ყიფშიძე ცოლთან ერთად დავხვდით. ერთი დღე თბილისი დავათვალიერებინეთ. საღამოს უკვე ზურიკო წერეთელმა თავის სახლში დაპატიჟა ბაგებში. დე ნირო ცოტა ვერ გაერკვა, ხალხი რომ დახვდა და პურ-მარილი რატომ იყო გაშლილი. დამიძახა, მოდი აქ, ბადურ, რა ხდება, მითხარიო. ავუხსენი, ასეთი ტრადიცია გვაქვს, დიდებულ სტუმარს ასე ვხვდებით და ეს ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა-მეთქი. მახსოვს, რომელიღაც სპექტაკლს დაესწრო. უნდოდათ მისი სვანეთში წაყვანა, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იყო და ვერ მოახერხეს. მხოლოდ თბილისი და ქუთაისი დაათვალიერებინეს. საქართველოში სულ ორი დღე იყო.
- დავუბრუნდეთ თქვენი მშობლების ოჯახის შექმნის ამბებს. დედამ გვარი დაუფიქრებლად შეიცვალა?
- დედა მაღრაძეა და რომ გათხოვდა, მაშინვე ბადურაშვილი გახდა.
- თქვენ გყავთ უფროსი ძმა. შემდეგი ფოტო სწორედ მასთან ერთად გაქვთ გადაღებული.
- გიორგი ჩემზე ხუთი წლით უფროსია. მხატვარია. ჩვენს ბინაში სულ მისი ნახატებია. ძალიან თვითმყოფადია. ვინც მხატვრობაში ერკვევა, გიორგის ნახატებს რომ ნახავს, მიხვდება, რომ მას თავისი ხელწერა აქვს.
- ბავშვობაში, რადგან უმცროსი იყავით, სულ გითმობდათ?
- ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. გია ყოველთვის თავისებური იყო. ძალიან მორწმუნეა. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ბერად აღიკვეცება-მეთქი. ბიბლია ზეპირად იცის. კომუნიზმის დროსაც კი გიორგი არსებული რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე იყო. მახსოვს, თვითმფრინავის ბიჭებს დახვრეტა რომ მიუსაჯეს, აივანზე გადმოდგა და იმ ხელისუფლებას ლანძღავდა. იმ დონემდე მივიდა საქმე, რომ მაშინდელმა უშიშროების უფროსმა ინაურმა დაიბარა. ძალიან უნდოდათ, შეეშინებინათ. იმ პერიოდში პირჯვრის გადაწერასაც ვერ ბედავდა ხალხი. დედაჩემის მხრიდან ექვსი თაობა მღვდლები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ეპისკოპოსიც კი იყო. ეტყობა, ეს გენი გიაზე გადმოვიდა.
მორწმუნეობის გარდა ეს 55 წლის კაცი პატარა ბავშვივითაა. ერთხელ მახსოვს, დაახლოებით ათი წლის წინ მაღაზიაში შევიდა სიგარეტის საყიდლად და აღარ გამოდიოდა. ბოლოს შევედით მე და დედაჩემი. მეორე მხარეს გასასვლელი ყოფილა, სადაც მათხოვარი იჯდა. მასთან ერთად ჩამომჯდარა და გიტარაზე უკრავდა. ძალიან კეთილი გულის კაცია. თავისებური ადამიანია. ასეთი უნდა დაიბადო. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში დაინახა მათხოვარი, რომელსაც ეძინა. სახლიდან ბალიში ჩაიტანა და თავქვეშ დაუდო. რეზო ჭეიშვილმა მასზე მოთხრობა "ბადურა" დაწერა. საოცარი სიუჟეტია. უპატრონო ძაღლი მოკვდა. მოჰკიდა ჩემმა ძმამ ხელი და ხილიანზე ასაფლავებდა. უბნის ბავშვები მისდევდნენ და აივნებიდან ხალხი ეძახდა, გია, გაუშვი ძაღლს ხელი, ბავშვებს რამე არ გადაედოთო. მერე სიჩუმე ჩამოვარდება. გია საფლავთან დგას და ბავშვები ყვავილებით დგანან... ხანდახან მეცოდება ხოლმე ჩემი ძმა. თავისი სიკეთის გამო უფხოს ეძახიან. ცოლი არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია. სადღაც ჰაერშია. თავისი სამყარო აქვს შექმნილი და ამ სამყაროში თავის დიდ გულს დებს.
- შემდეგ ფოტოზე თქვით, ნეორეალიზმის სტილში არის გადაღებულიო.
- სურათი, თუ სწორად ვიცი, თელავშია გადაღებული. დაახლოებით ორი-სამი წლის ვარ. სულ მეკითხებიან, კინო როგორ შეგიყვარდა და რეჟისორობა რატომ აირჩიეო. ოთხი-ხუთი წლიდან დედა სულ თან დაგვატარებდა მე და ჩემს ძმას გადაღებებზე და როგორ არ შეგვიყვარდებოდა? ჩემმა მშობლებმა ჩემში ხელოვნების სიყვარული ჩადეს. მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, ზოგი სად მიდიოდა და ზოგი სად შატალოზე. მე შევდიოდი კინო "ყაზბეგში" და ტარკოვსკის "სტალკერს" ვუყურებდი. ბევრი რამე არ მესმოდა, მაგრამ ჩემთვის მაგნიტური ძალა ჰქონდა ამ ფილმს. ჩემი პირველი დამოუკიდებელი ფილმი 1986 წელს გადავიღე. "ავტოპორტრეტი" ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. უამრავი პრიზი აიღო ევროპაშიც და ამერიკაშიც. ახლაც თეატრალურში სტუდენტებს როგორც ნიმუშს, ისე აჩვენებენ ხოლმე. ჩემი თავის ქება გამომდის, მაგრამ მართლა კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ამას მოჰყვა ფილმები "ერთი ქართული ისტორია", "თბილისი ჩემი სახლია". მოკლედ, მიყვარს ფილმის გადაღება და არ ვანებებ თავს. ხან არის პერიოდი, რომ რამდენიმე წელი ვერ ვიღებ ფილმს, ხან აქტიურად ვარ დაკავებული. ბოლოს არც ველოდი, ისე მომიწია შემოქმედებითად დატვირთვა. საპატრიარქოს დაკვეთით ხუთი დოკუმენტური ფილმი გადავიღე. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ და ღირებულ რამეს აუცილებლად გადავიღებ.
როგორ სწავლობდა რეჟისორობას
- გამოტყდით და თქვით, სკოლაში ხანდახან შატალოზე დავდიოდიო.
- შატალოზე ყველა დადიოდა.
- ნამდვილად. რომელ სკოლაში სწავლობდით?
- 55-ეში. ნორმალური მოსწავლე ვიყავი. იყო საგნები, რომლებსაც კარგად ვსწავლობდი და იყო საგნები, ძირითადად ტექნიკური, რომელიც არ მიყვარდა.
- უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეთ რეჟისორობა. ალბომს რომ ვათვალიერებდით, რეზო ჩხეიძესთან გადაღებული ფოტო სიამაყით მაჩვენეთ და მითხარით, რომ ის თქვენი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო.
- რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე ჩემი კურსის ხელმძღვანელები იყვნენ. თეატრალურზე რომ ვაბარებდი, მხატვრული კინოს სარეჟისოროზე არ იყო მიღება. მოგვიანებით ბატონმა რეზომ და ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტეს მხატვრული კინოსარეჟისორო კურსის გაკეთება და იქ გადავედი. მახსოვს, პირველი ფილმი ფელინისა და ედგარ პოს გავლენით გადავიღე. ეს ალბათ ნორმალურია. ასეთი ხელოვანებისგან იღებ საკვებს. თვრამეტნი ვიყავით კურსზე. თვრამეტივეს ფილმის ჩვენება რომ მორჩა, თენგიზ აბულაძეს ჰკითხეს, რას იტყვითო და მან თქვა, თუ დღეს ჩვენ რამე ვნახეთ, იყო ბადურაშვილის ფილმიო. ჩემი სურათი რომ გამოარჩია, ძალიან გამიხარდა. ფილმის მონტაჟს ოთარ იოსელიანი მასწავლიდა. რეზო ჩხეიძე "დონ კიხოტს" იღებდა და ასისტენტად წაგვიყვანა მთელი ჯგუფი. მერე გიორგი შენგელაიამ ჩემი თხოვნით წამიყვანა ფილმ "ხარება და გოგიას" ასისტენტად.
- შემდეგ ფოტოზე მითხარით, თეატრალურიდან გამოსვლისას ჯგუფელებმა გადავიღეთო...
- ფოტოზე ჩემი მეგობრები არიან. გია შერვაშიძე კინოს არ გაჰყვა. ახლა მოსკოვში ცხოვრობს და თავისი ბიზნესი აქვს. გიო ხუციშვილმა სიმღერა არჩია. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. ფოტოზე არის ლევან ბზვანელი, რომელიც დღემდე დოკუმენტალისტია.
- შემდეგი ფოტო მეგობრებთან ერთად როდის გაქვთ გადაღებული?
- "ერთი ქართული ისტორიის" გადაღებების დროს, რომელიც ძალიან პატრიოტული გამოვიდა. ბალტიისპირეთში ფესტივალზე ჩავიტანეთ. მახსოვს, ქალაქის მერი მოვიდა და თქვა, თქვენ აშკარად ჩვენზე პატრიოტები ხართო. მთავარი როლი არაპროფესიონალმა მსახიობმა ზაზა შერაზადიშვილმა ითამაშა. წლების წინ ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტშიც იყო არჩეული. სამი წელია, მადრიდში ცხოვრობს. ფილმის გადაღება დაუფინანსებლობის გამო დროში გაიწელა. იმ მძიმე წლებში თვრამეტი ფილმის გადაღება დაიწყო და მათგან მხოლოდ ორი დამთავრდა. ჩემი "ერთი ქართული ისტორია" და ლევან ზაქარეიშვილის "თბილისი, თბილისი".
რატომ ვერ დაესწრო შვილის დაბადებას
- თქვენს ალბომში ბევრი ფოტოა ნინისთან ერთად. შემდეგზე მითხარით, ზოოპარკში არის გადაღებულიო.
- ნინი ბავშვობაში ხუჭუჭა და საყვარელი გოგო იყო. რომ დაიბადა, თბილისში არ ვიყავი. საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში აღმოვჩნდი, რომელსაც ვერანაირად ვერ შევეგუე. ასეთ შემთხვევაში მათთვის ყველაზე ადვილი იყო, შეურაცხადად რომ გამოგაცხადებდნენ. აღმოვჩნდი ბაქოში ფსიქო-ნერვულ დაწესებულებაში, სადაც ზოგი მართლაც გიჟი იყო, ზოგი იგონებდა და ზოგსაც აბრალებდნენ სიგიჟეს. ბაქო რომ არ მაკმარეს, მერე ტაშკენტში გამიშვეს. ნაწილში მე მაინც არ ვეგუებოდი იქაურ ყოფას და დანარჩენებთან ჩხუბი მომდიოდა. ჩაკეტილ სისტემას, სადაც რუსები მბრძანებლობდნენ, ვერ ვეგუებოდი. ნინი რომ დაიბადა, დამიბარა მთავარმა ექიმმა და მითხრა, გოგო შეგეძინა და როლანდი დაარქვესო. გადავირიე, ნამდვილად გოგოა-მეთქი, ვკითხე. შეიძლება, ირინა დაარქვეს, არ ვიციო, მიპასუხა. აერია ექიმს და ვერ მითხრა ზუსტად, რა ერქვა ჩემს შვილს. ნინი სულ მაყოლებს ხოლმე ამ ისტორიას და ბევრს იცინის. როგორც მერე მივხვდი, გადავრჩი, რომ ავღანეთში არ წამიყვანეს. კომუნისტების ინტრიგების მსხვერპლი გახდა მამაჩემი. ამის გამო დამსაჯეს და ავღანეთში მიშვებდნენ. შუა აზიაში ბაქოდან გემით გამიშვეს. მერე მატარებელში გადამიყვანეს. უნდა ჩავეყვანე ნუკუში, საიდანაც თვითმფრინავი ავღანეთში მიფრინავდა. მატარებელმა ერთი დღე და ღამე დააგვიანა. მიწისძვრა იყო ჩემდა ბედად მომხდარი. რომ ჩავედი, ნაწილი აღარ დამხვდა ადგილზე და ბოლოს იმ კაცმა, ვინც მთელი გზა მომაცილებდა, ქართულად დამიწყო ლაპარაკი. გაოცებულმა ვკითხე, ქართველი ხართ-მეთქი და კი, ავლაბრელი სომეხი ვარო. მითხრა, ბედი გქონია, ავღანეთში რომ არ წაგიყვანესო. ბედმა გადამარჩინა მართლა, თორემ სახორცეთად გამხდარ ავღანეთში აღმოვჩნდებოდი. გარდა ამისა, ალბათ ჩემმა ხასიათმა გადამარჩინა. პაპაჩემი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი შეფიცული იყო, რომელიც ახლაც ლევილშია დაკრძალული. ქაქუცა რომ გადმოასვენეს, სამებაში ავედი და მაყაშვილებმა რომ დამინახეს, ქაქუცას მიმართეს, ბადურაც მოგივიდაო. იმ 27 კაცს შორის, რომელიც ქაქუცას გაჰყვა, ალექსანდრე ბადურაშვილიც იყო. საქართველოში არაფრით არ ჩამოუშვეს. 1981 წელს გარდაიცვალა. კარგარეთელი და ბაბუაჩემი გვერდიგვერდ არიან ლევილში დასაფლავებული. როგორც ჩანს, მისი მებრძოლი სული ჩემზეც გადმოვიდა და რუსულ ჯარს იმიტომაც ვერ ვეგუებოდი.
- ნინი პირველად როდის ნახეთ?
- რომ გამოწერეს სამშობიაროდან, გიო ხუციშვილმა მოაწერა ჩემ მაგივრად ხელი. შეიძლება ითქვას, გიო ნინის მამობილია. რამდენიმე დღის გაჩენილი იყო ნინი, რომ ბაქოდან გამომიშვეს, იმ საგიჟეთის მსგავსი დაწესებულებიდან. არ ვიცი, დაუწერელი კანონია თუ მართლა ასე ხდება, მამებს გოგონები განსაკუთრებულად უყვართ და გოგონები მამებზე არიან შეყვარებული. ნინიმ იცის, რომ ის ჩემთვის ყველაფერია. ყოველთვის ვმეგობრობდით. შემდეგი ფოტო ბათუმში გვაქვს გადაღებული. რამდენიმე წლის წინ. უკვე დიდი გოგოა და ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. მისი მეუღლე ოჯახის გასაცნობად რომ მოვიდა, ჩემს ახლობლებთან ერთად წყნეთში დავხვდი ბიძაჩემის აგარაკზე. სურათებში კი მყავდა ნანახი, მაგრამ პირველად რომ დავინახე ირაკლი, გადავირიე. ძალიან მაღალია. მეტრი და ოთხმოცდათოთხმეტია. ლამის კარებში ვერ შემოეტია. უზარმაზარი მხრები აქვს. საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილი წყალბურთელი იყო ჩიქვანაია, მისი შვილიშვილია. ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. ნინი ძალიან უყვარს. 31 წლის კაცია. დღემდე ცოლი არ ჰყოლია, შეუყვარდა ნინი, ჩამოვიდა თბილისში, არაფრით არ დაანება თავი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გოგო ცოლად გაჰყოლოდა.
- ე.ი. სანამ პირადად გაიცნობდა, ნინი როგორც მომღერალი, ძალიან მოეწონა?
- ნინი პოპულარული გოგოა და გასაკვირი არაა, მოსწონებოდა. ურთიერთობა "ფეისბუქით" არ დაუწყია, თბილისში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ნინი გაეცნო. მოკლედ, იყოჩაღა. ნინიც არაა ისეთი გოგო, რომ არ მოსწონებოდა, გადაწყვეტილება ასე უცბად მიეღო.
- როგორც ვიცი, ორ თვეში მოახერხა ირაკლიმ ნინის გულის მოგება.
- ზოგი ნინის წლობით დასდევდა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. არ ჩამოვთვლი, მაგრამ მის თაყვანისმცემელთა რიგებში წარმატებული ბიჭებიც იყვნენ და გული მწყდებოდა, უარს რატომ ამბობ-მეთქი, ვეკითხებოდი ხოლმე. ვერ შევეგუეო, ამბობდა. ჩემთან ამ თემაზე სალაპარაკოდ რომ მოვიდა ნინი, ვუთხარი, უკვე 26 წლის ხარ და გათხოვებაზე უნდა დაფიქრდე, მაგრამ მთავარი ისაა, შენ თუ მოგწონს-მეთქი. კი, ძალიან მომწონს და დიდ პატივისცემას იმსახურებს, თითქოს ინერციით მივყვებიო. ირაკლი მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოვარდა. მოკლედ, ზღაპრებში რომ ხდება ხოლმე, მოვარდა და შემოუნგრია კარი. ნინის, რა თქმა უნდა, გაუჭირდა უცბად გადაწყვეტილების მიღება. მასთან საუბრის მერე მივხვდი, რომ გადაწყვიტა, ცოლად გაჰყოლოდა ირაკლის. ნიშნობა ჰქონდათ და რამდენიმე დღის წინ ხელიც მოაწერეს, რომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა გაადვილებოდათ.
- მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლას როდის აპირებს?
- მალე წავა ალბათ.
- სიძეზე რა იცით?
- თავისი ცხოვრება მომიყვა. წყალბურთს თხუთმეტი წელი თამაშობდა. ახლა თავისი ბიზნესი აქვს მოსკოვში. მითხრა, მამაჩემი ყუთებსა და აგურებს მაზიდვინებდა ხოლმეო. კარგად გაუზრდია მამას. მიაჩვია შრომას. წარმატებული ბიჭია, რომელიც საქართველოზე უზომოდაა შეყვარებული. ძალიან კარგად იცის ქართული. არ გეგონოთ, რადგან მოსკოვში ცხოვრობს, ქართული არ იცოდეს.
- თქვენ როგორ მოგმართავთ?
- არ დავკვირვებივარ. ბატონობით არ მოუმართავს. ნინის მამამთილ-დედამთილზე ვუთხარი, შენი ახალი დედა და მამა არიან-მეთქი. ნიშნობაზე თამადა ჩემი მეგობარი მერაბ თევზაძე იყო. ირაკლის მშობლების სადღეგრძელოს რომ ამბობდა, ირაკლის მამის თვალებზე ბევრჯერ შევნიშნე ცრემლი. მეც ყველამ შემატყო, რომ ძალიან ვნერვიულობდი. ირაკლისაც ვუთხარი, ნინის ფასი არავინ მყავს და ძალიან გაუფრთხილდი-მეთქი. ნინის ხასიათიდან გამომდინარე ვიცი, რომ თბილისში ხშირად ჩამოვა. მოსკოვშიც ჰყავს ქეთა და მარტო არ იქნება. ირაკლის, როგორც მივხვდი, არ აქვს იმაზე გართულება, რომ ნინიმ იმღეროს. ნინი რამდენჯერმე ბიჭის მიმართ სიმპათიით რომ განეწყო, მერე იწყებოდა გაუთავებელი ეჭვიანობა და იმაზე საუბარი, რატომ წახვედი ამა თუ იმ ქალაქში და რატომ იმღერეო. ირაკლის მსგავსი გართულებები არ აქვს. ასე რომ იყოს, ნინი ცოლად არ გაჰყვებოდა. ჩემი შვილის გაცისკროვნებული თვალები რომ დავინახე, გული ამიჩუყდა. ნიშნობამ კარგად ჩაიარა. დაშლა აღარ გვინდოდა. ნიშნობაზე ნინიმაც იმღერა.
- რა იმღერა?
- ქართული სიმღერები. ერთ-ერთი იყო "ბიჭოვ, ბიჭოვ, მე შენს მეტი ჯერ არავინ მყვარებიაო". ივიკო საყვარელიძე იყო სტუმრად, რომელიც გიტარაზე უკრავდა და ძალიან გაალამაზა საღამო. ახლა ნინი ლონდონში მიდის პარაოლიმპიადაზე და მერე მოსკოვში წავა. ოქტომბერში კი თბილისში ჩამოვა და ქორწილს გადავიხდით.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)