"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება. შოუს ახალი, მეოთხე სეზონის პირველი შესარჩევი ტურები უკვე გაიმართა. ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.
შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ ლელა წურწუმია. მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს.
შოუს ერთგულ მაყურებელს არც მეოთხე სეზონზე მოაკლდება სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ძველებური კინკლაობა. ჟიურის წევრები ტრადიციულად აკრიტიკებენ ერთმანეთს ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების, თუ რეპლიკების გამო, ჟიურის ქალი წევრები კი "მშვიდობის მტრედების" როლს ირგებენ.
გიორგი გაბუნია: "ეს რა გამიკეთეს, სტეფანეს გვერდით დამსვეს. ცოტა ხანში დივანზე წამოგორდება და ეს დივანი მე ვიქნები. დღეს ჩაცმის გამო გამაკრიტიკა, მე ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და მან ირანულ დივანს შემადარა. მე დავიწყე ეს კინკლაობა, საზიზღრობებს ვეუბნები, ის უფრო პოზიტიურად მეხუმრება"
სტეფანე: "კარგია გიორგი რომ მიზის გვერდით, კომფორტულად ვგრძნობ თავს. დღეს რაც ნახეთ, ჩვენი კინკლაობის დასაწყისია, უკეთესს დაელოდეთ"
რაც შეეხება კონკურსანტებს, გიორგიც და სტეფანეც კრიტიკული მენტორები არიან, რაზეც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც მეტყველებს.
სტეფანე: "კასტინგის პირველივე დღეს უკვე ორი ფავორიტი აღმოვაჩინე. ერთსაც თუ აღმოვაჩენთ, უკვე წარმატებული იქნება პროექტი. მე იმ ასაკში აღარ ვარ, რასაც ვფიქრობ, ის რომ არ ვთქვა. მირჩევნია ვიყო ის, რასაც ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა. რამდენი მონაწილეც გამოვა სცენაზე, იმდენნაირ სტეფანეს იხილავთ"
გიორგი გაბუნია: "ამ სეზონზე ახალი აღმოჩენა გავაკეთე, ახალგაზრდები თანამედროვე მუსიკას უფრო მღერიან ქასტინგზე, ადრე პირიქით იყო, უფრო ძველ სიმღერებს ასრულებდნენ. ჟიურის ახალი წევრი გვყავს ლელა წურწუმია, რომელმაც თავისი ხასიათი შემოიტანა, ის თავს არ მოატყუებინებს არავის, სამართლიანი და კრიტიკული მენტორია, რაც გადაწყვეტილებებზეც აისახება"
ლელა წურწუმია: "ინტუიციურად ვხვდებოდი ამ სეზონზე დამიძახებდნენ ჟიურიში. შრომატევადი და ამავე დროს საინტერესოა ასეთ პროექტებში მუშაობა. აქ შენს თვალწინ იბადებიან მომღერლები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მათი სწორ გზაზე დაყენება. მათ ნაყოფიერი და შემოსავლიანი კარიერა უნდა ჰქონდეთ.
აუცილებელია ინდივიდუალიზმი და საკუთარი რეპერტუარი ჰქონდეს ვარსკვლავს, ქავერები მაინც დროებითია. დღეს მოვისმინე რამდენიმე ისეთი შემსრულებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინდივიდუალიზმი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს..."
როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე