ბრედ პიტმა მეუღლის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე პირველი კომენტარი გააკეთა. 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანჯელინა ჯოლის ქმართან განქორწინება სურს. როგორც აღმოჩნდა, განქორწინების სარჩელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცისთვის მოულოდნელი იყო.
"ძალიან გული მწყდება ამ ფაქტის გამო, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესი ჩვენი შვილების კარგად ყოფნაა. ძალიან ვთხოვ პრესას, მისცენ მათ პირადი სივრცე, რაც ამ რთულ პერიოდში სჭირდებათ", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალ People-სთან საუბრისას.
მის კომენტარებს მალევე მოყვა ჯოლის ადვოკატის და მენეჯერის განცხადებები. მსახიობის ადვოკატმა რობერტ ოფერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ანჯელინამ განქორწინებაზე განცხადება გააკეთა. ეს გადაწყვეტილება ოჯახის კეთილდღეობისთვის არის მიღებული. თავად ჯოლი არ გააკეთებს კომენტარს და გთხოვთ, ოჯახს საჭირო პრივატულობა მისცეთ ამ მძიმე დროს".
ანჯელინას მენეჯერმა გეიერ კოსინსკიმ აღნიშნა: "ანჯელინა ისე იქცევა, როგორც ოჯახის ინტერესებისთვისაა უკეთესი. მას სურს,ყველამ პატივი სცეთ მის პირად ცხოვრებას".
ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი - 10 წლის შაილო და 8 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი, წყვილის ბიოლოგიური შვილები არიან. დანარჩენი სამი - 15 წლის მედოქსი, 11 წლის ზაჰარა და 13 წლის პაქსი აყვანილები არიან და მშობლები მათზე ერთნაირად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.
მსოფლიოს ყველაზე სექსუალური წყვილის გაყრის მიზეზად სხვადასხვა გამოცემა ბრედ პიტის ღალატს ასახელებს. ვრცელდება ხმები, რომ მან ფრანგ ოსკაროსან მსახიობ მარიონ კოტიართან გააბა რომანი.
მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით