პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ხოსე კარერასი და Maroon 5 ესტუმრებიან. პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მისმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. Сheck-in Georgia ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი).
Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. ორგანიზატორების თქმით, ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა.