ნინო ბაშარულის "ის ვაჟი" - ოცნებასა და რეალობაში

ნინო ბაშარულის "ის ვაჟი" - ოცნებასა და რეალობაში

მომღერალი ნინო ბაშარული კლიპის პრემიერისთვის ემზადება. სიმღერის - "ის ვაჟი" ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად გახლავთ. სულსა და გულს რომ ჩუქნიდა, ცისკრის წყალს ასმევდა და ქვეყნად არნახულ ყვავილებს ფეხთით უყრიდა - სიზმრად ნანახი ვაჟის ნაკვალევი ჯუთაში, შუაფხოში, გომბორის მთაზე და კოჯრის ტყეში ეძება. დანარჩენს მომღერალი თავად გვიამბობს.

- "ის ვაჟი" 2009 წელს დავწერე. დადარდიანებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც გვერდით დამიდგებოდა, ჩემი იმედი იქნებოდა, დარდებს გამიქარვებდა... კლიპში გუჯა ბურდული და ახალგაზრდა მსახიობი, ბექა ყულიჯანაშვილი მონაწილეობენ. გადაღებები სოფელ ჯუთადან დავიწყეთ. არც კი ვიცი, ამ სოფლის სილამაზე სიტყვებით როგორ აღგიწეროთ. საოცარი ადგილები ვნახეთ. ჯუთაში 2 დღე დავყავით. ამინდმა ხელი შეგვიწყო: დილით ისეთი ნისლი იყო, გარშემო არაფერი ჩანდა, მერე მზე ამოდიოდა, ნისლი იფანტებოდა და ჩვენ წინ ზღაპრული სილამაზე იშლებოდა. ჩვენ ჭიუხების წინ, პატარა სახლებში ვცხოვრობდით. გაიხედავდი და ერთ მთაზე ცხენები იყო მიმოფანტული, მეორეზე - ცხვრები. ჭიუხები დღის განმავლობაში ფერს რამდენჯერმე იცვლის: მზის ამოსვლისას ნაცრისფერია, მერე იისფერი ხდება... ამ სიმღერის არანჟირების ავტორი გიორგი ფხალაძე, კლიპის რეჟისორი კი ლევან ლომაშვილია. სცენარი ნინია სადღობელაშვილმა დაგვიწერა. ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი კახა შარტავა, ასევე - ლაშა იორდანაშვილი, ვახტანგ წივწივაძე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

- კლიპის სიუჟეტი როგორ ვითარდება?

- კლიპი გუჯა ბურდულის გმირის ოცნებით იწყება, ახალგაზრდობა ახსენდება. მის ცხოვრებაში იყო "ის ქალი", როგორც ქალის ცხოვრებაში იყო "ის ვაჟი". გუჯა ბურდული საოცნებო ვაჟია, ოღონდ - წლების შემდეგ, ასაკში შესული. როგორი იყო ახალგაზრდობაში? - ამ როლს მსახიობი ბექა ყულიჯანაშვილი ასრულებს, მაგრამ მისი სახე არ ჩანს. ყველა ქალს ხომ თავისი საოცნებო ვაჟი ჰყავს და არ გვინდოდა, ეს "ოცნება" ჩარჩოებში ჩაგვესვა. "ის ვაჟიც" ისე ბერდება, რომ თავის საოცნებო ქალს ვერ ხვდება. ნინიას სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება. დავდივარ და დავეძებ ვაჟს, რომელიც სიზმრებში მეზმანება. ამ კლიპში ორი ადამიანის ამბავია გაერთიანებული.

- სად ეძებდი შენს ვაჟს, რომელი ადგილები მოიარეთ?

- ჯუთა, შუაფხო, გომბორის მთა, კოჯრის ტყე. შუაფხოში ოჩიაურების ძველი, მიტოვებული სახლია, სადაც პოეტი ანა კალანდაძე ხშირად ჩადიოდა და დროის გარკვეულ პერიოდს იქ ატარებდა, ლექსებს წერდა. ამ მიტოვებული სახლის გვერდით, მისი პატრონის ნათესავები ახლაც ცხოვრობენ. ჰოდა, მათ ის ადგილიც კი გვიჩვენეს, სადაც ანა დროის დიდ ნაწილს ატარებდა. წარმოიდგინე, ამ სახლის წინ ზის ჩაფიქრებული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გუჯა ბურდული. ვუყურებდი ამ ყველასთვის სათაყვანებელ მსახიობს, მის უკან მდგარ ხის ძველ სახლს, მთებს და ამ ყველაფერს მართლა ჰქონდა ის საოცარი ძალა, რომ მოვწყვეტოდი რეალობას და ისტორიაში "გადავსახლებულიყავი". არა მგონია, ამ კადრებმა მაყურებელზე არ იმოქმედოს... შესაძლოა, ამ კლიპის ნახვის შემდეგ ვინმემ მოძველებულ აზროვნებაში "დამადანაშაულოს", მაგრამ ვთვლი, რომ კლიპი, სადაც ეროვნულობა, ტრადიციებისადმი პატივისცემაა ხაზგასმული, ე.წ. ჯინსების თაობაშიც კი მღელვარებას გამოიწვევს. ისტორიასთან დაბრუნება და შეხება,

პირადად ჩემში, ყოველთვის დიდ აღტაცებას იწვევს. ის, რაც ჩვენმა წინაპარმა გამოიარა, ჩვენს გენეტიკაში მყარად დევს. შესაძლოა, გარე ძალებმა რაღაც ჩაკლან, მაგრამ შეუძლებელია, გენეტიკა ყველა ადამიანში მოკლან. დღეს ძალიან ადვილია პოპულარობა მოიპოვო. მაგალითად, თუ ილია ჭავჭავაძეს აუგად მოიხსენიებ ან საჯაროდ გაიხდი, მერე უკვე ყველას ეცოდინება, ვინ ხარ, ეს კი ძალიან არ მომწონს. ამიტომ მინდოდა, კლიპი ეროვნულ მოტივებზე გადამეღო. მიხარია, რომ ეს შევძელი. ვუყურებ სხვა კლიპებს, სადაც სიშიშვლე ჭარბი დოზითაა, აქცენტი ადამიანის სხეულზე კეთდება და არ მომწონს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება