დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვის დიდ თეატრში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ლეგენდარული ბალერინას მრავალი მოსწავლე გამოვა სცენაზე. გალა კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. ქართველ პრიმა-ბალერინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა რაისა სტრუჩკოვასთან, რომელიც ოცი წელი მისი პედაგოგი იყო.
"მე მას "რუს დედას" ვეძახი. ის დიდებული ბალერინა იყო და მრავალი მოსწავლე გაზარდა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოდიან სცენაზე", - ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი ტელეკომპანია "Россия Культура"-სთან საუბარში.
ანანიაშვილი უკვე 11 წელია ხელმძღვანელობს თბილისის თეატრის საბალეტო გუნდს. მან მოსკოვში იური პოსოხოვის ბალეტი "საგალობელი" ჩაიტანა, რომელიც ქართული მუსიკის მიხედვითაა დადგმული. დღევანდელ საღამოზე ნინო ანანიაშვილი არამხოლოდ ორგანიზატორია - ბალეტში "ლეა" ის თავადაც ცეკვავს. ანანიაშვილი ამბობს, რომ ღელავს, რადგან ეს სპექტაკლი უკვე 6 წელია არ უცეკვია.
გალა კონცერტზე ქართველმა პრიმამ რაისა სტრუჩკოვას მოსწავლეები შეკრიბა. ყველანი "დონ კიხოტში" იცეკვებენ. ეს სტრუჩკოვას საყვარელი სპექტაკლი გახლდათ. სწორედ მასში მონაწილეობით დაასრულა ცნობილმა ბალერინამ კარიერა.
მომზადებულია tvkultura.ru-ს მიხედვით