ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა, დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.
ძალიან უყვარს რისკი და სიამოვნებს, ამიტომაც გადაწყვიტა, თავის დროზე მამისთვის მიცემული პირობა გაეტეხა და მოტოციკლზე დამჯდარიყო, შემდეგ კი შეჯიბრებებში მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონობა დაესახა მიზნად. როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული სამანქანო ბრენდის, ქართულ "ფეისბუქ" გვერდთან ინტერვიუში ამბობს, "ბავშვობაში სპორტზე დავდიოდი, მაგრამ უმატორო სპორტზე, ანუ ცურავსა და რაგბიზე. ცურვაზე 7-8 წლიდან, რაგბიზე კი 14-15 წლიდან.
მამაჩემი, ასე ვთქვათ, არასპორტული კაცია, ბიზნესში ჩართული. მისთვის სპორტი რისკია, რისკი კი – ცუდია. ჩემთვის კი რისკი სიამოვნებაა. ბავშვობიდან გარიგება მქონდა, ყველაფერი გექნება, ოღონდ მოტოზე არ გნახოთო. ეს სიტყვა გავტეხე. აი, როგორც ხედავთ, აქ ვარ".
თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, ანუ რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა. დღეს ყოველდღე არა, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ბაიკზე ზის. "სტრესია, უკან რომ მოგყვებიან, რომ დაგდევენ, მაგრამ ფინიშზე პირველობა სასიამოვნოა, მაგარი ხარ და პირველი ხარ. მე საქართველოს ჩემპიონობისთვის ვიბრძვი", - ამბობდა თოშა 2014 წლის სექტემბერში მოტომრბოლელთა შეჯიბრების წინ.
სანამ მოტორბოლა გაიტაცებდა, თოშა ქართული საზოგადოებისთვის იმით გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო მედიაც კი გააოცა. ორიოდ წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც 460 000 ევროდ ღირებული "ლამბორგინი" ხან ამსტერდამშია ველოსიპედის სავალ ნაწილზე არასწორად მიპარკინგებული, ხან კი პარიზში, ეიფელის კოშკთან. როგორც კი გავრცელდა ხმა, რომ ძვირად ღირებული და "პარკირებაში დაოსტატებული" მანქანის მფლობელი ქართველი იყო, "კვირის პალიტრა" თოშას დაუკავშირდა.