გასული წელი ქართული კინოსთვის ერთ-ერთი წარმატებული გამოდგა. ზაზა ურუშაძის ''მანდარინები'' ''ოქროს გლობუსის'' ნომინაციებში მოხვდა და იგივე ფილმი, გიორგი ოვაშვილის ''სიმინდის კუნძულთან'' ერთად, ''ოსკარის'' ნომინანტთა შვიდეულში აღმოჩნდა. საბოლოოდ "ოსკარზე" წარდგენილ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი. უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და ჭილდ თალეს (არგენტინა). "ოსკარით" დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.
ბაჩო ოდიშარია ქართული ონლაინ ჟურნალის digitalculture.ge-ს ერთ-ერთი რედაქტორია და კინემატოგრაფის შესახებ საინტერესო რეცენზიებს აქვეყნებს. მას ბოლო წლების ქართული ფილმების და კონკრეტულად, ზემოხსენებული ორი ნამუშევრის შეფასება ვთხოვეთ.
- საკვირველია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის კინემატოგრაფში, ბოლო ათწლეული, იდეების შიმშილია.
- ზოგადად, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს იდეების შიმშილი. როდესაც ცდილობ სცენარის დაწერას, უნდა გაწუხებდეს ესა თუ ის სოციალური თემა. ფილმი, რომელსაც არ აქვს სოციალური ან პოლიტიკური კონტექსტი, კარგი არ გამოდის.
სამი მთავარი საკითხი, რაზეც ბოლო წლებია, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად იღებენ ფილმებს, არის - ქუჩის ინსტიტუტი, აფხაზეთის ომი და ნარკომანია. შესაძლოა, რეჟისორებს არ ჰქონიათ ასეთი ჩანაფიქრი, მაგრამ მათ ფილმებში ქუჩის სკოლა ძალიან რომანტიზებულია. შესაძლოა, მოზარდზე, რომელიც ამ ფილმს უყურებს, ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახლახან ამ თემატიკაზე ვნახე ფილმი ''ძმა'', რომელმაც შემზარა. ორმაგად ცუდია, რომ ასეთი ფილმების ავტორები რაღაცნაირად პოულობენ დაფინანსებას. ქართული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ ნარკომანია არ არის კარგი, რაც უკვე არასწორია, მაგრამ ფილმები, რომლებიც ამ თემაზე გადაუღიათ, არ უსვამს ხაზს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, არც ერთ ფილმში არ არის კარგი ბატალური სცენა. ომზე ფილმში ყველა ვარიანტში საჭიროა, ერთმა ადამიანმა მეორეს ესროლოს მაინც. ზოგადად, ასეთი ტიპის ფილმებში მწირია რეალობის შეგრძნება, მეორე კი ისაა, რომ ჩვენს თაობას აღარც ადარდებს ეს თემა, აღარც ახსოვს და აფხაზეთს რომანტიკა აღარ უკავშირდება. მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ თემა ამოწურულია. მეორე მსოფლიო ომზეც აღარ იღებენ ფილმებს. რომ შევაჯამოთ, ბოლო წლების ფილმები არ ეხმაურება იმ თემებს, რაც რეალურად აწუხებს ქართულ საზოგადოებას.
წაიკითხეთ გაგრძელება