"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გია როინიშვილი ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლა, დაპირისპირებაში მყოფი რეჟისორი და მსახიობი ერთმანეთის ბრალდებებს Ambebi.ge-ს ვებგვერდზე პასუხობენ. ქეთი დოლიძის შემდეგ ჩვენ თუმანიშვილის თეატრის უკვე ყოფილი მსახიობი, გია როინიშვილი გვესაუბრება. ის დოლიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "ეს თეატრალური ინტრიგაა".

- ბატონო გია, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ თქვენ 7 წელი არ გითამაშიათ სპექტაკლში და ამის გამო გაგიშვეს თეატრიდან...

- გუშინ მითხრეს, ორი წელი რომ არ ვთამაშობდი თეატრში, ამიტომ გამომიშვეს. ორი წლის წინ ვესაუბრე ქეთი დოლიძეს, რომელმაც თვითონ მომხსნა "ბაკულას ღორებიდან"; ამ როლზე თავად მიხეილ თუმანიშვილმა შემიყვანა. ქეთიმ კი მომხსნა და მითხრა, შენი დუბლი ითამაშებსო. როცა მე პარლამენტში ვმუშაობდი, თეატრი სულ მიწყობდა ხელს და არავის გასჩენია სურვილი თეატრიდან გავეშვი. მან სპეციალურად არ დამიძახა სპექტაკლებზე, რეპერტუარში რაც არის ამომიღო, მას არ უნდოდა ჩემი თამაში. თვითონ რომ ამბობს სისულელეებს, მე რა უნდა ვუპასუხო? ჩემი გულის ტკივილი მაყურებლისთვის გამოვხატე. ქეთი დოლიძისთვის რა უნდა ვილაპარაკო? სასაცილოდ არ მყოფნის, თუმანიშვილის თეატრს ქეთი დოლიძე რომ ხელმძღვანელობს. სამარცხვინოა და უბედურება, რომელ შემოქმედებაზეა საუბარი?

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთი წლის წინ ქეთი დოლიძემ ხელფასი შეგიმცირათ და 200 ლარს იღებდით...

- კი.

- რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ გამოსვლები არ მქონდა სპექტაკლებში. არ მინდა ხელი გავიშვირო სხვებისკენ, მაგრამ სხვასაც ჩემი რაოდენობის გამოსვლები ჰქონდა და უფრო მეტი აქვს ხელფასი. კი არ მინდა ვინმეს რამე მოაკლდეს, უბრალოდ მაინტერესებს, მე რატომ ვიჩაგრებოდი? ეს ალბათ იმიტომ გააკეთა, რომ მე დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ველოდებოდი, რომ მათამაშებდნენ. სხვა რეჟისორებიც არსებობენ იმ თეატრში ქეთი დოლიძის გარდა.

- ქეთი დოლიძის სპექტაკლიდან შემოთავაზებას არ ელოდით, თუ უარს იტყოდით თამაშზე?

- შემოთავაზებაც არ ყოფილა. გააჩნია, რას შემომთავაზებდა. თუ მკითხავთ, ვინაა ჩემი საოცნებო რეჟისორი, ქეთი დოლიძე მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ის ამბობს, თითქოს რამდენჯერმე დამირეკა, მას არასოდეს არ დაურეკავს ჩემთვის. კიდევ ერთ ინტრიგას აწყობს, თითქოს მსახიობს ძმა მოუკვდა და მე არ ვითამაშე. ამით ის ჩემს კაცობას შეეხო, ასეთი რამ არ ყოფილა. ეს თეატრალური ინტრიგაა. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თანამდებობიდან შეიძლება ვინმე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ვისაც შემოქმედი ჰქვია, არავინ თეატრიდან არ გაუშვიათ, ყველას უნარჩუნებდნენ ხელფასს, მსახიობის გაშვება კი თავში აზრად არ მოსვლია არავის.

- წლების წინ, როცა ქეთი დოლიძე თეატრიდან გაუშვეს, ის ამბობს, რომ ეს თქვენი კარნახით გაკეთდა...

- ის არავის გაუშვია თეატრიდან. მოხსნეს სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ხელფასიც ჰქონდა და სპექტაკლის დადგმის უფლებაც. ეს იყო კულტურის მინიტრის გადაწყვეტილება. მე ქეთისთან, როგორც რეჟისორთან, თუ რეჟისორია, სალაპარაკო არ მაქვს.

ამავე თემაზე| "იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება