მომღერალი ბორის ბედია თურმე, საკმაოდ პრეტენზიული "სასიძოა". აქვს საკუთარი პრინციპები და მიიჩნევს, რომ მომავალმა მეუღლემ აუცილებლად უნდა შეძლოს მისი გაგება. უყვარს, როცა მანდილოსნები ანებივრებენ, მაგრამ ქალის პატივისცემა და ყურადღება თავადაც არ ეშლება. ბორისს, როგორც თავად ამბობს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ის ერთადერთი, ვისაც ცხოვრების მეგზურად აირჩევს, ჯერჯერობით ვერ იპოვა.
- ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. 21 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მისი დაკარგა მტკივნეულად გადავიტანე. ეს ის პერიოდი იყო, როცა მამა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მაგრამ დრო მართლაც, ყველაფრის მკურნალი ყოფილა.
- მამა რით გარდაიცვალა?
- გული აწუხებდა. ის თბილისელი, კოლორიტული პიროვნება იყო. საუკეთესოდ მღეროდა და ცეკვავდა. სხვათა შორის, "სუხიშვილების სტუდია" ჰქონდა დამთავრებული. არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩეოდა. მეამაყება, რომ ასეთი კარგი მამის შვილი ვარ... დედა - ნანა შავგულიძე პროფესიით იურისტია, მაგრამ არსად მუშაობს.
- შენი და - სოფო შენზე უმცროსია, არა?
- კი, ჩემზე 1 წლით პატარაა. უკვე 30 წლის ვარ.
- ზოდიაქოს მიხედვით ვინ ხარ?
- მორიელი. 22 ნოემბერს ვარ დაბადებული. მიმაჩნია, რომ მორიელი ყველაზე ძლიერი ნიშანია, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. სხვათა შორის, "მორიელში" უფრო მეტი დადებითი თვისებები ჭარბობს, ვიდრე - უარყოფითი. მაგალითად, არ იცის გულში წყენისა და ბოღმის ჩადება.
- წყენას მალე ივიწყებ?
- გააჩნია, ადამიანი რას დამიშავებს. როცა ჩემს ღირსებას ცუდად ეხებიან, წონასწორობას ვკარგავ.
- როცა გაკრიტიკებენ, ბრაზდები?
- მინდა გითხრათ, რომ ბევრი მტერი მყავს. როცა უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ეს საწყენია. სიმღერის ნიჭი - ჩემთვის ღვთის საჩუქარია. ამქვეყნად არავინ მძულს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩემს შემოქმედებას ცუდად ახსენებენ, ვფიქრობ, ბოროტები არიან.
- უარყოფითი თვისებები გაქვს?
- როგორ არ მაქვს! ჩემი ყველაზე ცუდი თვისება იცით, რა არის? - შიმშილით რომ ვკვდებოდე, ვერაფერს მოვამზადებ.
- მამაკაცებს ეს უარყოფით თვისებად არ ეთვლებათ.
- მაგრამ მე საერთოდ არაფრის მომზადება არ მეხერხება, კვერცხსაც ვერ შევიწვავ.
- ანუ მშიერი ხარ მანამ, ვიდრე ოჯახის რომელიმე წევრი რამეს არ მოგართმევს?
- არა, გარეთ გავდივარ და სადმე გემრიელად მივირთმევ ხოლმე. საღამოობით ვცდილობ, არ ვჭამო. უკრაინიდან ახლახან დავბრუნდი. იქ წონაში ცოტათი მოვიმატე და ახლა დიეტაზე ვარ, თან - ვვარჯიშობ. მინდა, ჩვეულ ფორმაში ჩავდგე. კარგია, როცა ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.
- უკრაინაში რისთვის იყავი?
- იქ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. ისინი კორპორაციულ საღამოებს აწყობენ ხოლმე და პერიოდულად მეც მიწვევენ.
- რა მავნე ჩვევები გაქვს?
- მავნე ჩვევები არ მაქვს. სიგარეტს არ ვეწევი (შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "ნაფაზიც" კი არ მაქვს დარტყმული), ნარკოტიკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; ალკოჰოლური სასმელიც არ მიყვარს. არ ვიცი, არაყს ან ლუდს როგორი გემო აქვს. ხანდახან, როცა გასართობად სადმე მივდივარ, კონიაკს მივირთმევ. სხვათა შორის, ძალიან მალე ვთვრები. ხომ მოგისმენიათ სიმღერა - "სამი დალიე"? ჰოდა, მგონი, ჩემზე მღერიან (იცინის).
- როგორი სიმთვრალე გაქვს?
- ასეთ დროს სულ ვმღერი, ყველას ვესიყვარულები და გოგონებში ფლირტაობაც მინდება ხოლმე. ვაღიარებ, დღეს ნამდვილი მამაკაცების დეფიციტია და ქალს სურვილი თუ აქვს, კაცს ამის სახალხოდ თქმა სირცხვილად არ ეთვლება. მთავარია, კაცი არ მოგინდეს (იცინის). ბევრმა ქართველმა მამაკაცმა დაკარგა ღირსება.
- როგორი გოგონები მოგწონს?
- ღირსეული, ნამდვილი ქართველი გოგონები მომწონს, რითაც ბევრი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ქალი თავისი სინაზითა და ქალურობით უნდა გამოირჩეოდეს.
- რა არ მოგწონს დღევანდელ გოგონებში?
- ძალიან არ მომწონს, სიგარეტს რომ ეწევიან. თუმცა, ამის გამო ქალს ვერ შევიძულებ.
- მგონია, რომ აზიატი ხარ. ასეა?
- აზიატობა არაფერ შუაშია. ევროპელ მამაკაცებსაც არ მოსწონთ, ქალი რომ ეწევა.
- ე.ი. მწეველ გოგონას ცოლად არ მოიყვან?
- როცა ადამიანს უყვარხარ, ის შენ გამო ყველაფერს გააკეთებს. სიგარეტის მოწევა არ არის ისეთი მავნე ჩვევა, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანის გამო მისი გადაგდება ვერ შეძლო.
- კიდევ, როგორი გოგონები არ მოგწონს?
- თანამედროვე გოგონები კარგი მსახიობები არიან. ვფიქრობ, ნებისმიერ მათგანს თეატრალურ უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიიღებენ (იცინის).
- ვფიქრობ, ვიღაცამ ძალიან გაგაბრაზა...
- არა, უბრალოდ, ვერ ვიტან "ფოკუზნიკ" ქალებს, რომლებიც თვალებში გიყურებენ და ცდილობენ, მოგატყუონ. ისე, ჩემი მოტყუება იშვიათად გამოსდით; ბოლოს და ბოლოს, მეგრელი ვარ და ვინ უნდა მომატყუოს? უბრალოდ, ყველაფერს არ ვიმჩნევ.
- ოდესმე ერთი ნახვით შეგყვარებია?
- ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ერთი ნახვით შეიძლება, მოგეწონოს, მოგხიბლოს, მიგიზიდოს...
- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?
- შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გატაცება, ფლირტი ბევრჯერ მქონია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ ვიღაც კონკრეტული პიროვნება მიყვარდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ვხვდებოდი, რომ შევცდი.
- ახლა თუ ეფლირტავები ვინმეს?
- ამ ეტაპზე თავისუფალი, მხოლოდ საკუთარ საქმეზე შეყვარებული კაცი ვარ.
- შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?
- უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. ისინი ,,ფეისბუკით" მეკონტაქტებიან, რაღაცებს მეკითხებიან. მათ უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებ.
- სახლში ჯუჯღუნა ხარ თუ მხიარული?
- სიმართლე გითხრა, ჩემი ატანა ძნელია, რაღაც კაპრიზები მაქვს.
- მაინც, რა კაპრიზები გაქვს?
- ჩვენ - ბედიები თავადები ვართ... მბრძანებლობა არ მიყვარს, მაგრამ მომწონს, როცა ჩემს სურვილებს ითვალისწინებენ. დედაც და ბებიაც ცდილობენ, გამანებივრონ.
- მეუღლემ რომ გთხოვოს, - ყავა მომიმზადეო, რას ეტყვი?
- ყავა ჩემთვის არასდროს მომიმზადებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამას ვერ შევძლებ, უბრალოდ მინდა, რომ მსგავსი რაღაცებით გვერდით მყოფმა ქალბატონმა გამანებივროს.
- საკუთარი ნივთების მოწესრიგება თუ შეგიძლია?
- გაუთოება და დალაგება არასოდეს მიცდია. შემიძლია, საკუთარი ფეხაცმელი გავწმინდო. ზოგადად, მოწესრიგებული ადამიანი ვარ. მიყვარს ფორმაში ყოფნა, კარგად ჩაცმა...
- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?
- ქართველებს ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს. აბა, ქართულ ტრადიციულ ქორწილს რა შეედრება?!
- საკუთარ ქორწილში უპირატესობას ჩოხა-ახალუხს მიანიჭებ თუ კოსტიუმს?
- გააჩნია, ქორწილს სად და როგორ გადავიხდი. ქართული ჩოხაც მომწონს და კლასიკური კოსტიუმიც. ჯერ გამოჩნდეს ის, ვისაც ვეძებ და ამ დეტალებზე მერე ვიფიქრებ (იცინის). გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები დაქორწინებამდე გავასაიდუმლოო.
- საყვარელი ადამიანის ხელის სათხოვნელად მის მშობლებთან თუ მიხვალ?
- ეს ტრადიცია ძალიან მომწონს. როცა საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარების სურვილი მაქვს, აუცილებლად მივალ მის ოჯახში და საყვარელი ადამიანის მშობლებს შვილის ხელს ვთხოვ.
- რჩეულთან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?
- ბევრი ადგილია, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი. მე გეტყვით, მომავალ მეუღლესთან სად არ წავალ. მაგალითად, მასთან ერთად არ გავემგზავრები უკრაინაში.
- რატომ?
- იმიტომ კი არა, რომ იქ ცდუნებას ვერ გავუძლებ და ვუღალატებ. უბრალოდ, როცა იქ ვარ, ყველა ქალი მეპრანჭება, თვალებით "მაბამენ". სცენაზე რომ ავდივარ და ვმღერი, მერე საერთოდ გიჟდებიან. ჰოდა, ამიტომაც, მეუღლესთან ერთად უკრაინაში წასვლა შარი იქნება.
- დაოჯახების შემდეგ ისევ დედასთან იცხოვრებ?
- დაოჯახების შემდეგ, მომავალ მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ალბათ ცალკე გადავალ, მაგრამ დედასაც არ დავტოვებ უყურადღებოდ. დედა ერთადერთი და შეუცვლელია!
- წინასწარ თუ დაინტერესდები იმით, თუ როგორი დიასახლისია შენი მომავალი მეუღლე?
- უნაკლო ადამიანი არ არსებობს! მთავარია, სხვა რაღაცებში ვუგებდეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, საოჯახო საქმეების კეთებას, კერძების მომზადებას დაოჯახების შემდეგაც ისწავლის... ერთი რამ ზუსტად ვიცი: ცოლად არ მოვიყვან მოდელს და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ისიც სცენაზე დგას და ისიც - ხელოვანია. ხელოვან ადამიანებს კი თავისებური კაპრიზები აქვთ.
- ეჭვიანი ხარ?
- ავადმყოფურად ეჭვიანი - არა, მაგრამ მესაკუთრე ვარ. თუ საბაბი არ მაქვს, უაზროდ არ ვიეჭვიანებ. ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც თვალებში გიყურებენ, - აბა, ვის უყურებსო? ბოლო დროს ერთ ლამაზ გოგონას დავშორდი, რადგან საშინლად ეჭვიანობდა და იმის გამო მეჩხუბებოდა: ჩემზე თავად რატომ არ ეჭვიანობო? მოკლედ, ენერგოვამპირი იყო, რა.
- შენი რჩეულის მზითევით თუ დაინტერესდები?
- არ მინდა მისი არც ლეიბი და არც - საბანი. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ჩემი გაგება შეძლოს!
- სოფომ და მიშა მესხმა ჯვარი უკვე დაიწერეს?
- ჯერ არა. იმედია, მალე "გემრიელ" ქორწილში ვიქეიფებ.
- სასიძო მოგწონს?
- მიშა ძალიან კარგი ადამიანია... მაგრამ აქვე გეტყვით, სოფოს ოჯახის დანგრევა ძალიან განვიცადე. უკრაინაში ვიყავი, როცა დედამ დამირეკა და ეს ამბავი შემატყობინა. სოფოს პირველი ქმარი ჩემი მეგობარია. ის ყოველთვის მეყვარება თუნდაც იმიტომ, რომ ნიკუშას მამაა. რა უნდა მთხოვოს, რომ მხარში არ ამოვუდგე...
- როცა სოფომ ოჯახის დანგრევა გადაწყვიტა, მისთვის რჩევის სახით მაინც, არაფერი გითქვამს?
- როგორ არა! ვუთხარი, რომ ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. სიმართლე გითხრათ, მათი დაშორების რეალური მიზეზი არ ვიცი. ვფიქრობ, სოფოს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)