21 წლის მერსი სულხანიშვილი მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია. მას პასპორტში სახელი მერცია უწერია, საზოგადოება ამ სახელით იცნობს, მაგრამ თავად ურჩევნია, რომ მერსი დაუძახონ.
სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სწავლის გაგრძელებას ლონდონში აპირებს. მოდის ჟურნალისტიკის განხრით. სექტემბრიდან ერთ-ერთ არხზე გადაცემა "ფეშენ თაიმი" მიჰყავს. მოდელის ამპლუაში თანამშრომლობს უცხოურ ბრენდებთან. მოდის კვირეულზე გამჭვირვალე სამოსითა და მელიის ბეწვით დაგვამახსოვრა თავი, რასაც ცხოველთა დაცვის საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგი სკანდალი მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გადაცემა იყო, სადაც ტელეწამყვანი გულახდილი სამოსით მარკუს მეტრეველს მასპინძლობდა. მომღერალმა აღიარა, დაბნეული ვარ, ლაპარაკიც კი მიჭირსო. ტელეწამყვანი ჩვენი სტუმარია და ბევრ საინტერესო შეკითხვას პასუხობს.
- მერსი შენი ნამდვილი სახელია?
- კი. მერცია ინგლისური სახელია, ცოტა ფრანგულიც. მერცია არის აგრეთვე ნაირა გელაშვილის ცნობილი ნაწარმოების "ამბრნი, უმბრნი და არაბნის" ერთ-ერთი გმირი. თუმცა, ამ ნაწარმოების გავლენით არ დაურქმევიათ. ამ სახელის დარქმევა ბებიას ინიციატივა იყო.
- განსაკუთრებულად თამამი იმიჯი გაქვს, ასე კომფორტულად გრძნობ თავს თუ სატელევიზიო ეთერისთვის გჭირდება?
- ამ სფეროში წლებია ვმუშაობ, ტელევიზიაა ჩემთვის სიახლე, თორემ მანამდე ვწერდი "ბომონდში" მოდაზე, ვარ მოდის ბლოგერი. სატელევიზიო იმიჯს მართლაც მოჰყვა აჟიოტაჟი. დღესაც უჩვეულოდ გამოვიყურები ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, რამდენიმე წლის შემდეგ აღარავის მოხვდება თვალში ჩემი თამამი ჩაცმის სტილი. არ ვფიქრობ, რომ რაც მოდურია, ის უნდა ჩაიცვა, პირველ რიგში, უნდა გიხდებოდეს. თუ გაქვს სრულყოფილი სხეული, არ გაქვს ცელულიტი, რატომაც არა, იარე ჩახსნილი კაბითა თუ პიჯაკით.
- ანუ ასე არ იცვამ იმიტომ, რომ მოდაშია, უბრალოდ, მიიჩნევ, რომ გიხდება?
- რა თქმა უნდა... ყველაფერი, რაც მოდაშია, არ შეიძლება ჩაიცვა. ზოგჯერ მოდაში შემოდის ის, რაც უნდა ამოიყიდოს. დიზაინერი ხშირ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი, მას ურჩევს სტილისტი, ბაიერი. ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია.
- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხარ?
- გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. გული მწყდება, რომ მათ უცხოეთში უფრო იცნობენ, ვიდრე საქართველოში. თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის სამოსია ჩემს გარდერობში. კონკრეტულად არავის დავასახელებ, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს.
- ახლახან მარკუს მერტეველი გყავდა გადაცემაში, არ მეგონა, მას თუ ვინმე დაჩრდილავდა ჩაცმის მხრივ... გამჭვირვალე, სექსუალური სამოსი სიამოვნებას განიჭებს თუ ეს ეთერისთვის გჭირდება?
- სიტყვა სექსუალური ჩემთვის კომპლიმენტია. სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს, როგორი სექსუალური ვარ, თუმცა ასე ყურადღების მისაქცევად არ ვიცვამ. მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ჩაცმულიც რომ გავიდე ქუჩაში, მაინც მივიქცევ ყურადღებას, ვარცხნილობით ან ფერადი წინდით, რომელიც თბილისისთვის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უცხოა. არაფერი რომ არ მიჩანდეს, მაინც მომაშტერდებიან. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია...
- კარგი ახლა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ასე ჩაცმული არ დადის თუნდაც თბილისში ქალების უმეტესობა.
- გასაგებია, მაგრამ თუ შეიძლება, "კავალის" ჩახსნილი პიჯაკი თეთრეულზე ეცვას მოდელ შანელ იმანს, რატომ არ შეიძლება, ტელეწამყვანს, რომელიც გადაცემას უძღვება მოდაზე, ეცვას თამამად. სხვათა შორის, ეს პიჯაკი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ქართველი დიზაინერის ნინო ბაბუხადიას შექმნილია და ძალიან ვამაყობ ამით. ეს კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა პარიზში... მცირე ხნის წინ ძველ თბილისში ფოტოსესია მქონდა ბარსელონისთვის, ისეთი თამამი ვიზუალით ვიყავი, პატრული მიცავდა (იღიმის). როდესაც ეს ფოტოები გამოიფინა, გამაკრიტიკეს. ქართველი საზოგადოებისთვის უცხოაო, მეუბნებოდნენ. ვერ ვხვდები, თუ რომელიმე ცნობილი ამერიკელი ან ინგლისელი ფოტოგრაფის წინ ვპოზირებ, ჩვეულებრივია და თუ ამას ქართველი ფოტოგრაფი გააკეთებს, უჩვეულოა?! ეს არის ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენსას ნაკლებად ვაფასებთ.