როგორც ცნობილი გახდა, "ევროვიზია 2014"-ზე საქართველოს მარიკო ებრალიძე და ჯგუფი "შინ" წარადგენს. მარიკოს ვოკალურ მონაცემებს არავინ აპროტესტებს, მაგრამ მისი მისამართით კრიტიკა მაინც გაისმის, რომ აღნიშნული კონკურსისთვის ის შესაფერისი კანდიდატურა არ არის. ეს მაშინ, როდესაც ჯერ არც კომპოზიციაა ცნობილი, რითაც მუსიკოსები აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, არც კოსტიუმები და არც - სცენოგრაფია...
"ამბები.გე" საზოგადოებრივი მაუწყებლის "ევროვიზიის" კონკურსის პროდიუსერს, ნათია უზნაძეს დაუკავშირდა.
- რა კრიტერიუმით შეირჩნენ კონკურსანტები და გამარჯვების რა შანსი აქვთ?
- შანსებზე ლაპარაკი რთულია. "ევროვიზია" არის კონკურსი, რომელზეც წინასწარ ვერაფერს გათვლი, რადგანაც მას თავისი ფავორიტები ჰყავს. ასევე ის არის დიდი სატელევიზიო შოუ, რომელსაც 300-მილიონიანი აუდიტორია უყურებს. მონაწილეობა "ევროვიზიაზე" და ქვეყნის იქ წარდგენა უკვე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგანაც მუსიკოსი ქვეყანას რეკლამას უწევს. რაც შეეხება "შინს" და მარიკო ებრალიძეს, ისინი შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა. ბევრი კარგი მომღერალი გვყავს და ყველას სურს, ამ დიდ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი "შინსა" და მარიკო ებრალიძზე გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ჯგუფს ევროპაში იცნობენ. გათანამედროვებული აქვთ ქართული ფოლკლორი ჯაზური ელემენტებით და ძალიან მოსწონთ ისინი უცხოეთში.
- ე.ი. მარიკო და ჯგუფი "შინ" სცენაზე ერთად გამოვლენ?
- კი, და ასე გამოცხადდება - "შინ" და მარიკო"...
- მარიკო ნიჭიერი მომღერალია, ჩვენში ტაშს უკრავენ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაფერისი კანდიდატურა ანუ "ევროვიზიის" "ფორმატი" არ არის. რას იტყვი?
- რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრება არსებობს. მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვენებს და დაველოდოთ 8 მაისს, როდესაც საქართველო "ევროვიზიაზე" წარსდგება. კრიტიკაზე ადვილი არაფერია. დღევანდელი "ევროვიზიის" სლოგანი არის: "შემოგვიერთდით" და იქნებ ცოტა ხანს კრიტიკისგან თავი შევიკავოთ? შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ "I არხზე" და მხარი დავუჭიროთ "შინს" და მარიკო ებრალიძეს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "I არხის" პროექტი. მომღერალი ქვეყანას წარადგენს. უხერხულია, როდესაც უცხოელი არ გაკრიტიკებს, მოსწონხარ, რომ კარგი არჩევანი გაკეთდა და საქართველო, ქართველები გაკრიტიკებენ. ამასთან, ცოტა გულსატკენიც არის.
- მოყვარეს პირში უძრახეო... ხომ გაგიგონია?
- კი, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ყველასგან მისაღებია. მაშინ, როდესაც არც სიმღერა, არც სცენოგრაფია და კოსტიუმები არ არის და დასახელებულები არიან მხოლოდ მონაწილეები, წინასწარი კრიტიკა ნაადრევია.
"ევროვიზია", ვიმეორებ, არის კონკურსი, რომელზეც წინასწარ ვერაფერს გათვლი. მთავარია უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა დაგვიმესიჯონ და მხარში დაგვიდგნენ. თვითონ ჟიურისგან ყოველთვის მაღალი ქულები გვაქვს ხოლმე, გვაკლია ესემესები. წელს პირველად ხდება, რომ "ევროვიზიის" ჟიურის ვინაობა ცნობილია. შანსები იმისა, რომ ჟიური მაღალ ქულას მოგვცემს, ალბათ უფრო დიდია. ამას თუ დაემატება ესემსებიც და უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა, ეს იქნება საუკეთესო რამ.
ასე რომ, ვიღებთ ყველანაირ კრიტიკას, ჯანსაღს და ობიექტურს. მზად ვართ, ყველა კითხვას ვუპასუხოთ. კრიტიკაზე ადვილი არაფერია, უბრალოდ, ისინი, ვინც გვაკრიტიკებენ, დაასაბუთონ, რატომ აკრიტიკებენ მარიკოს. რომ ამბობენ, "ევროვიზიის" "ფორმატი" არ არისო, იქნებ ვინმემ მითხრას, რა არის "ევროვიზიის" "ფორმატი"? ამ კონკუსს ფორმატი არ აქვს. შეიძლება ერთ წელს ერთი მოეწონოთ, მეორე წელს - მეორე...
- კომპოზიციას "შინი" შექმნის?
- კი და ხვალიდან მარიკო "სკაიპით" დაიწყებს "შინთან" მუშაობას. მოგეხსებეთ, ჯგუფი ახლა გერმანიაშია. მას შემდეგ, რაც სიმღერა იქნება მზად, მარიკო მის ჩასაწერად გერმანიაში გაემგზავრება და კომპოზიციას მათთან ერთად ჩაწერს. მოგვიანებით, 10 დღით ჩამოვლენ აქ და დაძაბულ გრაფიკში მოუწევთ მუშაობა.
ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე საქართველოს 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 2013 წლის "ევროვიზიის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაახმოვანეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა. ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე 59-ე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის