ანრი ჯოხაძე საზოგადოების გაკვირვებას ყოველთვის ახერხებს. 2013 წლის ბოლოს მან კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება ტელეკომპანია "ჯი დი ესზე" გადაცემა "ერთი ერთში" მორგებული სხვადასხვა მომღერლის იმიჯით. ყველა ფიქრობდა, რომ პროექტს ანრი მოიგებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და მომღერალს მესამე ადგილი ხვდა წილად.
- 2013 ჩემთვის კარგი წელი იყო. გუშინ გადავავლე თვალი ჩემს ნამუშევრებს და აღმოვაჩინე, რომ ბევრი შემოქმედებითი წინსვლა მქონდა. ჩემთვის ყველაზე საამაყო პროექტი იყო "უსიყვარულოდ", ასევე, ძალიან მნიშვნელოვან პროექტში - "ერთი ერთში" მივიღე მონაწილეობა და მანქანაც მოვიგე. ვინც კი მხვდება, ყველა მეუბნება, შენ გამო ვუყურებდით ამ პროექტსო.
- თუმცა ადგილები სხვანაირად გადანაწილდა...
- ოთხეულში ვინც მოვხვდით, ყველა გამარჯვებული ვართ. ისეთი ამბავი მოჰყვა ელენეს გამარჯვებას, უხერხული იქნება, მეც ამაზე ვილაპარაკო. რას იზამ, თავის დროზე, რევაზ ლაღიძის "თბილისოს" ერთ-ერთ კონკურსზე მესამე ადგილი ხვდა წილად... ამხელა ისტერიკას, რაც ინტერნეტში ატყდა, ჯობდა, ერთი ეს-ემ-ესი გამოეგზავნათ.
- განაწყენებული ხარ?
- არა, არა, ნამდვილად არა. ამით რა შეიცვლება, ისევ მე დავრჩები განაწყენებული (იცინის). რა თქმა უნდა, მეკუთვნოდა გამარჯვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელენეზე ან დათოზე ცუდი ვთქვა, როგორც ეს ჩვენშია მიღებული. თუ გინდა, ბოლომდე დაუდგე გვერდით შენს ფავორიტს, მხარი უნდა დაუჭირო, ასე მოხდა გიორგი ყიფშიძის შემთხვევაშიც. მაგრამ რას ვიზამთ, არ არის საქართველოში ისეთი სოციალური მდგომარეობა, რომ უცხო ადამიანმა დაუმესიჯოს საკუთარ რჩეულს. "ერთი ერთში" ჩემთვის უსაყვარლეს პროექტად დარჩება, ვფიქრობ, როგორც არტისტმა, ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინე და ადგილს მნიშვნელობა არა აქვს. მეუბნებიან, შენს ნიჭს საზღვარი არა აქვსო და ამაზე დიდი კომპლიმენტი რაღა იქნება!
- ამ პროექტში დათო გომართელის გამოჩენას ინტერნეტსივრცეში დიდი ხმაური მოჰყვა.
- გომართელი წარმატებული მომღერალია. მე არ ვარ პოპულარობის ინდიკატორი. პროექტის აღმოჩენა იყო ნუცა ბუზალაძე, რომელზეც "შეთხლეშილი" იყო მთელი თბილისი. ყველა მეკითხებოდა, ვინ არის ეს პატარა ნიჭიერი გოგოო. ვის უფრო მეტი პოპულარობა და რეიტინგი აქვს, ამის პასუხად ერთი ქართულ გამოთქმას მოვიშველიებ - "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან". ტალანტის პროპაგანდით და შრომით უნდა მოიპოვო პოპულარობა და ხალხის სიყვარული.
- ბერა ივანიშვილთან თუ გქონდა შეხება პროექტზე მუშაობისას?
- პროექტთან მიმართებაში არა, ისე კი. რა შეხება უნდა მქონოდა, ის ჩართული არ ყოფილა პროექტში.
- მოგწონს მისი შემოქმედება?
- რაღაც-რაღაცები მომწონს. აქვს სიმღერები, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
- მაგალითად, რომელი?
- გავგიჟდი, ისე მომეწონა "სუმმერტიმე".
- დიდი სკანდალი ატყდა საახალწლო კონცერტის წინ, მომღერლების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ კულტურის სამინისტრო, კერძოდ კი, მარინა ბერიძე ბლოკავს. რა ინფორმაცია გაქვს ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით?
- ეს სკანდალი ხელოვნური იყო. ვერავინ დამაბრალებს მარინასთან მეგობრობას და მის უფლებადამცველობას, მაგრამ ის საერთოდ არ იყო ჩართული ამ კონცერტის ორგანიზებაში. უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა, ვიღაცამ ვიღაცას ენა მიუტანა, მარინამ დაგბლოკაო და ატყდა ერთი ამბავი. ვის მოეჩვენა, რომ მარინა იყო ორგანიზატორი, არ ვიცი. უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ჩარეული მერიიდან და "ალტერვიჟენ ჯგუფიდან". საეჭვო ნიჭის 3-4 მომღერლის ცენტრალურ საახალწლო კონცერტზე გამოყვანა გამაღიზიანებელი იყო, თუმცა ყველა კონცერტზე ხვდება ისეთი ხალხი, ვინც საერთოდ არ უნდა იდგეს სცენაზე. ამ ფონზე უფრო საწყენია, ეკა კვალიაშვილი რომ არ მონაწილეობდა კონცერტში. ეკა კვალიაშვილზე ვგიჟდები, მაგაზე მაგარი მომღერალი არ გვყავს, ხვალ შეიძლება მისი შვილი იყოს ასეთი. თუ ლიზა და ნატო მღეროდნენ, ეკას რატომ არ დაუძახეს?
- შენ როგორი ურთიერთობა გაქვს კულტურის სამინისტროს ახალ შემადგენლობასთან?
- ვერავინ დამაბრალებს, რომ კულტურის სამინისტროსთან ოდესმე შეხება მქონია. არასოდეს ვმდგარვარ სამინისტროს კართან თხოვნით, ნიჭიერი ვარ და აქეთ-იქით მატარეთ-მეთქი. აქედან გამომდინარე, მაშინდელი და ახლანდელი კულტურის სამინისტრო ჩემთვის სულერთია. ცოტა სასაცილოა ეს ე.წ. შავი, წითელი და მწვანე სიები. "მტრის ხატის" შექმნა მარინა ბერიძეებით, ვინმე ლელა კილაძეებით და ა.შ. არ შეიძლება. დღეს ბევრი საშუალებაა, რითაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შეიძლება.
- თუ ჰონორარი არ ექნებათ, სიმღერას ან კლიპს როგორ შექმნიან?
- განა რამდენი უნდა აიღოს მომღერალმა ერთ საახალწლო კონცერტში? თბილისობის დღესასწაულზეც კი არ ეპატიჟებიან ყველა მომღერალს. აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას - ერთი კონცერტის ჰონორარით რამდენი სიმღერა უნდა ჩაწეროს მომღერალმა? მიმაჩნია, რომ ეს არასწორი თვითგამოხატულებაა და, რა თქმა უნდა, ცუდია.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)