დღეს ცნობილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის დაბადების დღეა. მსახიობი 78 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრების შესახებ ცნობებს.
ბავშვობა
მომავალი მსახიობი და სექს-სიმბოლო ალენ დელონი პარიზის გარეუბან სოში (Sceaux) 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. მსახიობმა ბავშვობა პატარა ქალაქ ბურ-ლა-რენში გაატარა. დელონის მშობლები არ ყოფილან მდიდრები - მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის მამა, წარმოშობით კორსიკელი ფაბიენი, პატარა კინოდარბაზის - "რეჯინას" მფლობელი იყო. დელონის დედა - ედიტი ფარმაცევტი იყო, თუმცა ქმრის კინოდარბაზში კონტროლიორად მუშაობდა.
ბავშვი 3 წლისაც არ იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ, მათ ოჯახები ცალ-ცალკე შექმნეს, დელონი კი დედასთან დარჩა საცხოვრებლად. დედას, რომელიც ახალი ქმრის ძეხვეულის მაღაზიაში მუშაობდა, აღარც დრო და აღარც ენერგია რჩებოდა შვილის აღსაზრდელად. ამის გამო ედიტმა გადაწყვიტა რომ ალენი ნეროების ოჯახში გაზრდილიყო. ოჯახი მომცრო სახლში ცხოვრობდა, რომელიც ორ ნაბიჯში იყო ფრენის ციხესთან, ხოლო მადამ ნეროს მეუღლე ციხეში გუშაგად მუშაობდა. დელონმა ნეროების ოჯახში რამდენიმე წელი იცხოვრა, მას შემდეგ, რაც წყვილი ტრაგიკულად დაიღუპა, მსახიობი მშობლების სახლში დაბრუნდა. დელონს ბავშვობიდან რთული ხასიათი ჰქონდა. თავად მსახიობი იხსენებდა, რომ "აუტანელი საქციელისა და სისტემატური ხულიგნობის გამო" პერიოდულად სხვადასხვა პანსიონატებიდან აგდებდნენ.
დროთა განმავლობაში მშობლები მიხვდნენ, რომ შვილის კლასიკურ განათლებაზე ფიქრი უნდა დაევიწყებინათ. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს ალენისთვის ძეხვის დამამზადებლის პროფესია შეესწავლებინათ. მით უმეტეს, რომ სამომავლოდ ალენი შეძლებდა მამინაცვლის - პოლ ბულონის საქმე გაეგრძელებინა. ერთი წლის შემდეგ ალენ დელონმა მიიღო დიპლომი და პარიზის ძეხვეულის მაღაზიაში მუშაობა დაიწყო.
არმია
17 წლის ასაკში დელონს ახალი ოცნება გაუჩნდა - გამხდარიყო მფრინავ-გამომცდელი. მაგრამ მის ოცნებას ახდენა არ ეწერა. იმ წელს საზაფხულო სკოლაში მიღება დასრულებული იყო, ხოლო მომდევნო წლამდე ცდა თავად დელონს არ სურდა. ამიტომ, ალენი ფრანგულ არმიაში ჩაეწერა. ეს მას პატრიოტული მოტივით არ გაუკეთებია - მომავალი მსახიობი ანაზღაურებამ დააინტერესა. 200 000 ფრანკი წელიწადში - სწორედ ამდენს გამოიმუშავებდნენ ფრანგი ოფიცრები 1953 წელს. თავდაპირველად ახალგაზრდა დელონი ბრესტის ბიუროში, მატროსების ნაკრებში გაგზავნეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი სასკოლო განათლება არასაკმარისი იყო მეზღვაურის პროფესიის ასათვისებლად. ახალგაზრდა დელონს ორი გზა ჰქონდა, გამხდარიყო შიკრიკი, ან ესწავლა. დელონმა მეორე გზა აირჩია. ამგვარად ალენ დელონი პონ-რეანში, საფლოტო მომზადების ცენტრში აღმოჩნდა, ხოლო ცოტა ხანში ინდო-ჩინეთის ომში გაიწვიეს. "ომმა ჩემში საშინელება მოახდინა - მან ჩემში ილუზიისა და იმედის ნარჩენები ჩაკლა. მე იქ საბოლოოდ გადავეჩვიე ბავშვად ყოფნას. იქ ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ თავს მამაკაცად ვგრძნობდი, თუმცა მაშინ ასეთი არ ვყოფილვარ. უბრალოდ "მამაკაცს" ვთამაშობდი - იარაღი მქონდა", - იხსენებს მსახიობი.
კარიერის დასაწყისი
1956 წელს პარიზში დაბრუნების შემდეგ, ალენ დელონმა ელისეს მინდვრებთან ახლოს ერთ-ერთ ლუდის ბარში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მსახიობის ფეთქებადმა ხასიათმა აქაც იჩინა თავი და ის რამდენიმე დღეში სამსახურიდან წავიდა. "ადმინისტრატორი, მეტრდოტელი, უფროსი ოფიციანტი - ყველა მე მიყვიროდა. ჩემი ხასიათის მქონე ადამიანისთვის მსახურად დადგომის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო", - იხსენებდა მსახიობი. მიუხედავად ყველაფრისა, უმუშევარ, უფულო და უსახლკარო დელონს კატეგორიულად არ სურდა მშობლიურ ბურ-ლა-რენში დაბრუნება. მაშინ მეგობრებმა ალენს ურჩიეს, რომ თავისი ფოტო პროდუსერებისთვის ეჩვენებინა. ასეც მოიქცა, მაგრამ ახალგაზრდა დელონი უარის გარდა, ვერაფერს იღებდა. "თქვენ ზედმეტად ლამაზი ხართ, კარიერას ვერ აიწყობთ",- ეუბნებოდნენ პროდუსერები. თუმცა, დელონი ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებდა და სხვადასხვა კინოსინჯებზე მიდიოდა.
ერთ-ერთ ასეთ სინჯზე დელონი შეხვდა დამწყებ მსახიობ ჟან-კლოდ ბრიალის. ისინი დამეგობრდნენ და ერთად გაემგზავრნენ კანის კინოფესტივალზე იმ იმედით, რომ რომელიმე ცნობილი რეჟისორი მათ შეამჩნევდა. ახალგაზრდების ვარაუდი გამართლდა. დელონი ჰოლივუდის "ტალანტების გამომჭერმა" ჰარი უილსონმა შეამჩნია. რომში წარმატებული კინოსინჯების შემდეგ დელონს ამერიკაში მუშაობა შესთავაზეს. იმისთვის, რომ 7 წლიანი კონტრაქტი მიეღო, მას ერთი პირობა წაუყენეს - 3 თვის განმავლობაში ინგლისური ენა უნდა ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დელონის დამოკიდებულება სწავლასთან მიმართებაში ყოველთვის ზედაპირული იყო, პარიზში დაბრუნების შემდეგ ინგლისურის შესწავლა მომავალმა მსახიობმა კეთილსინდისიერად დაიწყო და აშშ-ში გამგზავრებასაც აპირებდა.
და ვიდრე ახალგაზრდა ფრანგი ამერიკაში კარიერაზე ოცნებობდა, ბრიალიმ კიდევ ერთხელ შეცვალა მისი ცხოვრება. მან დელონი კინორეჟისორ ივ ალეგრეს გააცნო. რეჟისორი ფილმისთვის - Send a Woman When the Devil Fails მსახიობს ეძებდა. დელონი არა მხოლოდ რეჟისორს, არამედ მთავარი როლის შემსრულებელს ედვიჟ ფეიერსაც (Edwige Feuillère) მოეწონა. 1957 წელს დელონი აღნიშნულ ფილმში გადაიღეს - ეს მისი პირველი კინოროლი იყო.
პირველი როლები და აღიარება
კინოდებიუტის შემდეგ დელონი მარკ ალეგრემ გადაიღო ფილმში - Be Beautiful But Shut Up, მაგრამ ძმები ალეგრების ფილმებში პატარა როლებს ალენისთვის აღიარება არ მოუტანია. ნამდვილი აღიარება მსახიობთან 1960 წელს მოვიდა, როდესაც შედგა რენე კლეიმანის დეტექტიური სურათის Purple Noon (Plein soleil) პრემიერა. მაშინ ალაპარაკდნენ დელონზე, როგორც ნიჭზე, რომელშიც ერთმანეთს ეხამებოდა "ეშმაკის სული" და "ანგელოზის სახე". მსოფლიო კინოგაქირავებაში ფილმის გამოსვლის შემდეგ დელონი საფრანგეთის გარეთაც გაიცნეს. ამ დროს დელონი შემოთავაზებას იღებს ცნობილი იტალიელი რეჟისორისგან - ლუკინო ვისკონტისგან. ასე დაიწყო იტალიური ხანა დელონის შემოქმედებაში.
60 -იან წლებში მას ყოველ წელს იღებენ ფილმში. დელონის მონაწილეობით ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ფილმებია: "როკო და მისი ძმები"; "ლეოპარდი"; "მელოდია სარდაფიდან"; "დაჩრდილვა"; "შავი ტიტა"...
1965 წელს დელონი ბოლოს და ბოლოს ხვდება ჰოლივუდში, მაგრამ აქ მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ბედის ირონიით, საფრანგეთში დაბრუნებისთანავე მსახიობს რამდენიმე როლი შესთავაზეს - "სამურაი"; "თავგადასავლების მაძიებელნი", "აუზი", "სიცილიური კლანი"...
მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში დელონმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა. ასევე, მან ბედი სცადა როგორც რეჟისორმა, პროდუსერმა და სცენარისტმა. ფრანგი მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში სექს-სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ბევრი მანდილოსნის გულთამპყრობელიც იყო.
პირადი ცხოვრება
"ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა" - ასე, ერთი ფრაზით აღწერა მსახიობმა თავისი ცხოვრება. რამდენი ქალი არსებობდა მსახიობის ცხოვრებაში? ოფიციალურად დელონი 3 ჯერ იყო დაქორწინებული. გარდა ამისა, კიდევ ორი ქალი იყო, რომელთაც არანაკლები გავლენა მოახდინეს ალენ დელონის ცხოვრებაზე.
ალენის პირველი სიყვარული მომხიბვლელი და უზომოდ ქალური, ავსტრიელი მსახიობი რომი შნაიდერი იყო. შნაიდერი დელონმა ფილმ "კრისტინას" გადაღებაზე 1958 წელს გაიცნო. წყვილი დაინიშნა, მაგრამ 6 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. შემდეგ იყო რომანი მსახიობ ნიკოსთან, რომელმაც დელონს 1962 წელს ვაჟი - არი გაუჩინა. დელონის პირველი ქორწინება ჰქონდა ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნატალი ბარტემელისთან. წყვილს შეეძინა ვაჟი ენტონი, მაგრამ მათი ერთად ცხოვრება მხოლოდ 5 წელს (1964 -1969) გაგრძელდა.
1969 წელს დელონმა სცადა ურთიერთობა აღედგინა რომი შნაიდერთან, მაგრამ "გაზრდილი" მსახიობები მიხვდნენ, რომ სიყვარული დიდი ხნის წასული იყო - დარჩენილი იყო მხოლოდ თბილი მოგონებები.
მაშინ ალენის ცხოვრებაში გამოჩნდა მსახიობი მირეი დარკი. მათი სამოქალაქო ქორწინება 13 წელს გაგრძელდა, თუმცა დელონი მირეის ღალატობდა და გარკვეული ხნით ახალგაზრდა ან პერიოსთანაც კი ცხოვრობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დარკი კატასტროფაში მოყვა, დელონი ცოლს დაუბრუნდა და მას გვერდით ედგა გამოჯანმრთელებამდე. დაშორების შემდეგაც კი მსახიობები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.
1987 წელს დელონმა გაიცნო ჰოლანდიელი მოდელი როზალი ვან ბრემენი. ის დელონის მესამე ცოლი იყო. როზალიმ დელონს ორი შვილი - ქალიშვილი ანუშკა და ვაჟი ალენ-ფაბიენი გაუჩინა. ამჯერად, დელონს სურდა, რომ თავი ოჯახისთვის მიეძღვნა, მაგრამ 10 წელიწადში, 1997 წელს, ეს ურთიერთობაც დასრულდა.
ამჟამად ალენ დელონი საკუთარ კინოსტუდიაში პროდუსინგითაა დაკავებული.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია znayvse.ru-ს მიხედვით.