ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"

ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"

კალათბურთელი ანატოლი ბოისა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს. ამის შესახებ თავადვე განგვიცხადა. ის შოუში მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებას ადარებს, დიდი იმედი აქვს თავისი მეწყვილის და ამ საქმეში საკუთარი თავის გამოცდაც აინტერესებს.

- მონაწილეობა წინა სეზონებზეც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ჩვენი გუნდი ევროპულ ლიგაში თამაშობდა, თითქმის სულ გასული ვიყავი ქვეყნიდან და პროექტში ჩაბმა ვერ მოვახერხე. ახლა ისევ შემომთავაზეს მასში მონაწილეობა, მაგრამ მაშინვე მაინც არ დავთანხმდი, ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეუღლემ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეცეკვა. რატომაც, არა?

- წელს არ გაქვთ დატვირთული გრაფიკი?

- წელს შიდა ჩემპიონატზე ვასპარეზობთ, ძირითადად შიდა ლიგაზე ვართ ორიენტირებულები და მეტი დრო მაქვს.

- ახლა ცირკის არენაზე მოგიწევთ საკუთარი თავის მოცეკვავის ამპლუაში წარმოდგენა. შეძლებთ ამას?

- …ვითომ რატომ ვერ უნდა შევძლო? თუ იმას ვახერხებ, რომ გულშემატკივრებისთვის საკალათბურთო მოედანზე ვთამაშობ, ახლა ამ პროექტის მოყვარულებისთვის ვიცეკვებ.

- როგორ ფიქრობთ, მოეწონება მაყურებელს თქვენი ცეკვა?

- ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თან, პარტნიორის დახმარების იმედიც მაქვს. მაგ პროექტში ხომ საუკეთესო და პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ. მივყვები მეწყვილეს, მანამდე ბევრს ვივარჯიშებ და მგონი, ამ ყველაფერს შედეგი ექნება. მოკლედ, ჩემზე მაყურებელს დადებითი შათაბეჭდილება რომ შეექმნას, ამაზე ნამდვილად ვიზრუნებ.

- ცეკვა თუ გიყვართ?

- ცეკვა დიდად არც მიყვარს და არც მეხერხება, მაგრამ ახლა უნდა მოვახერხო... ისე, ვინც მაგ პროექტში მონაწილეობს, ვარსკვლავებს ვგულისხმობ, ყველას ხომ არ შეუძლია კარგი ცეკვა? მაგრამ მსოფლიოში ცნობილი პროექტია და მანდ სწორედ როგორ იცეკვებენ ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები, ეს არის მთავარი.

ზოგადად პროექტი ძალიან მომწონს, ყოველთვის ვუყურებდი. ისე, არაპროფესიონალის მიერ წარმოდგენილი ესა თუ ის ცეკვა მგონი, უფრო საინტერესოა და მეც მაინტერესებს, ამ ყველაფერს როგორ შევძლებ.

- ჟიურის შენიშვნებს როგორ შეხვდებით?

- თუ ობიექტური იქნება, რა თქმა უნდა, მივიღებ და გავითვალისწინებ, მაგრამ თუ ვინმე გადაამეტებს, ნამდვილად არ მესიამოვნება...

ისე, ცეკვაც თავისებური სპორტია, აზარტია, მეწყვილესთან გიწევს სცენაზე გამოსვლა, ორი კაცი უკვე გუნდია, მოწინააღმდეგეებიც გყავს და სპორტული შეჯიბრებაა.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პროექტში მივდივარ და გავიმარჯვებ-მეთქი. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ შევძლებ ამ ყველაფერს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება