ზაფხულის ცხელ დღეებს ლიკა ქორქია მუშაობაში ატარებს: ამინდის პროგნოზის წამყვანობის გარდა, ბოლო დროს რეპორტიორის ფუნქციაც შეითავსა. "დეტექტორის" მეშვეობით, ლიკა ქალაქგარეთაც "წავიყვანეთ" და მისი ძილისგუდა კატაც "გამოვაფხიზლეთ", მაგრამ ტელეწამყვანი განსაკუთრებულად ნოდარ მელაძის "აღიარებამ" დააბნია...
- ვთქვათ, დილით სარკის წინ მდგომმა აღმოაჩინე, რომ თმა წითლად გაქვს შეღებილი.
- ვიფიქრებ, რომ ჩემი საქმე ცუდადაა (იცინის). ცხოვრებაში ერთხელ გავრისკე და თმა შევიღებე; ბუნებრივ ფერზე ერთი ტონით ღია მინდოდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი წითელი პიგმენტი მქონია. ჰოდა, მეორე დღეს, როცა შხაპი მივიღე და სარკეში ჩავიხედე, ჩვეულებრივი "რიჟა" ვიყავი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არ შემშინებია, პირიქით - ძალიან მომეწონა! აღმოვაჩინე, რომ წითელი თმა მიხდება.
- დილის საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა ფოტომოდელმა ლიკა ქორქიამ...
- უპირველეს ყოვლისა, ვიფიქრებ, რომ ეს "ფარული კამერის" მსგავსი გადაცემა ან პაატა გულიაშვილის ხუმრობაა, მაგრამ თუ დავრწმუნდები, რომ საქმე სხვაგვარადაა, ჩავიცვამ და ჯანდაცვის სამინისტროში წავალ, ჩემს კუთვნილ ადგილს ძალიან კარგად მოვირგებ.
- ჯანდაცვის სფეროში მუშაობაზე გიფიქრია? როგორც ვიცი, პროფესიით ყბა-სახის ქირურგი ხარ.
- მართალი ხარ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ როცა ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ჯანდაცვის სფეროში მუშაობაზე ვფიქრობდი კიდეც.
- დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, კართან მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი დიდი თაიგულით ხელში გხვდება...
- თაიგულს გამოვართმევ და ვეტყვი: მომიტევე, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და თუ რამის თქმა გინდა, სხვა დროს მითხარი-მეთქი.
- შენი კატა - ბოლი, რომლის ყურადღებასაც ვერავინ და ვერაფერი იქცევს, რომელსაც თითქმის ყოველთვის სძინავს, შენი თაყვანისმცემლის ხმის გაგონებისთანავე ფხიზლდება და მის მიმართ აშკარად დადებითად განეწყობა. ასეთ შემთხვევაში, როგორ მოიქცევი?
- იცი, ბოლი ისეთი არაადეკვატური კატაა, რომ მის ჭკუაზე ნაკლებად ვივლი. თუ ვინმეს დანახვა გაუხარდება და გამოფხიზლდება, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ არა მგონია, ასე მოხდეს.
- მაია ასათიანმა თავის გადაცემაში მიგიწვია. ჩაწერაზე დაგვიანებით მისული ხედავ, რომ "პროფილის" სტუდიაში შენი ორეული ზის და ლიკა ქორქიას სახელით, მაია ასათიანს რაღაცას უყვება...
- ჯერ მოვუსმენ, რას ამბობს, მერე კი ამ ამბავს გავაპროტესტებ... ორეულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე და ანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ხალხს ერთმანეთში ვერევით.
- დიდი ხნით ადრე დაგეგმილი საღამოსთვის შერჩეულ ულამაზეს კაბაზე წვეულებაზე წასვლამდე 15 წუთით ადრე, თვალში საცემი ლაქა დაინახე...
- რა თქმა უნდა, გული დამწყდება, მაგრამ არა უშავს. მსგავს სიტუაციაში აღმოვჩენილვარ: კაბა გაუთოებისას დამწვარა. ასეთი შემთხვევებისთვის ალტერნატიული ვარიანტიც მზად მაქვს. მაგალითად, წვეულებაზე როცა მივდივარ, შეიძლება წინადღეს თეთრი კაბა შევარჩიო, მაგრამ იმ დღეს თეთრის განწყობილებაზე აღარ ვიყო. ამიტომ სამოსის რამდენიმე ვარიანტს ყოველთვის წინასწარ ვარჩევ.
- გზაზე ტაქსის აჩერებ. მძღოლის სავარძელში გოგა ბარბაქაძეს ხედავ.
- ვიფიქრებ, რომ ხუმრობაა, მაგრამ არ მესმის, რატომ არ შეიძლება, მსგავსი რამ მოხდეს? თბილისში იმდენი არაადეკვატური რაღაც ხდება, რომ ამაში დიდად გასაკვირი არაფერი იქნება... რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლის ამპლუაში გოგას დანახვა გამაოცებს და ვიფიქრებ, - ეს სად უნდა იყოს და სადაა-მეთქი? მაგრამ ტაქსიში რომ ჩავჯდები, ნამდვილად არ დავიწყებ, - ვაიმე, შენ აქ რა გინდა-მეთქი?! ბოლომდე იმას ვიფიქრებ, რომ ეს ღადაობაა და მეც ავყვები.
- აღმოჩნდა, რომ შენს რჩეულს სახლში შინაური ცხოველების ყოფნა არ მოსწონს, უფრო მეტიც - კატებზე ალერგია აქვს.
- არა მგონია, ჩემმა რჩეულმა ჩემს სახლში იცხოვროს... ცხოველები ძალიან მიყვარს. შინ თუ ძაღლი და კატა არ გვეყოლება, ამას შევეგუები, მაგრამ არ მესმის, ცხოველები რატომ უნდა ეზიზღებოდეს? ასეთი ადამიანი არასდროს შემხვედრია... თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცს ჩემი ცხოველები არ უყვარს და ჩემი მოთხოვნები არ მოსწონს, ვეტყვი, რომ ის მეც არ მიყვარს, არც მისი მოთხოვნები მომწონს და დავემშვიდობები.
- ლიკა, ზაფხულში სოფელში თუ დაგისვენია?
- ერთადერთხელ გარისკა დედამ და ბებიას სთხოვა, სანამ დასასვენებლად ლიკანში წავიდოდით, მე და ანი სოფელში წავეყვანეთ. დებმა სოფელ ჭივჭავში მთელი კვირა გავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში, სხეულზე ლამის ყველა სახის დაზიანების მიღება მოვასწარით. მერე ხევშიც დავგორდი, ყელში ხის ფესვი შემერჭო და საავადმყოფოშიც ვიწექი... სოფელში მეორედ აღარ წავსულვართ. თან, იქაურობას ვერც "მოვერგეთ".
- ბავშვობის ამ ცუდი მოგონების მიუხედავად, მეგობარმა გოგონებმა გადაწყვიტეთ, ზაფხულის ცხელი დღე ბუნების წიაღში გაატაროთ. მანქანით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. ადგილზე მისულებმა მდინარეში იბანავეთ, გაირუჯეთ... საღამოს, როცა თბილისში დაბრუნება დააპირეთ, მანქანაში დატოვებული თქვენი ტანსაცმელი ვეღარ იპოვეთ.
- საცურაო კოსტიუმებით წამოვალთ! მთავარია, მანქანა არ მოიპარონ, თორემ ტანსაცმელს თუ წაიღებენ, არა უშავს.
- საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები თბილისისკენ მიემგზავრებით, მაგრამ გზაში მანქანის საბურავი დაეშვა.
- მანქანიდან "კუპალნიკებში" გამოწყობილები გადმოვალთ და ვინმეს დახმარებას ვთხოვთ! ვფიქრობ, ასე გამოწყობილებს უფრო ხალისით დაგვეხმარებიან. მათ ავუხსნით, რომ ტანსაცმელი მოგვპარეს.
- ღამით ტელეფონზე ნოდარ მელაძე გირეკავს და სიყვარულს გიხსნის...
- ნოდარიკო?! ვაიმე, რა ვიცი... ამაზე არ მიფიქრია (იცინის). ვკითხავ, - ნომერი ხომ არ შეგეშალა, სხვასთან ხომ არ რეკავდი-მეთქი? ნოდარიკოს არც კი ვიცნობ. თუკი მიპასუხა, - არა, შენთან ვრეკავო, ვიფიქრებ, რომ ფხიზელი არ არის...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)