8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა. ასე რომ, ზაზა მიმინოშვილის ("შინის" ლიდერი) ოცნება, "ევროვიზია" გაისად საქართველოში ჩატარებულიყო, ვერ ახდა...
საინტერესოა, რა უნდა გაკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს და საერთოდ, უნდა მივიღოთ თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობა? ამ საკითხებზე სასაუბროდ "ამბები.გე" მარინა ბერიძესა და სტეფანე მღებრიშვილს დაუკავშირდა.
მარინა ბერიძე:
- ყოველ წელს მივდივართ ამ კონკურსზე და მომზადების მხრივაც თითქოს არაფერი გვიშავს და არც ცუდად გამოვდივართ. სხვადასხვა ვარიანტიც მოისინჯა: სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე, ჯგუფი "ელდრაინი", მაგრამ რა? მგონია, რომ ყველაზე მთავარი საკითხი გვაქვს ძალიან ცუდად დაყენებული, - ეს საორგანიზაციო მხარე გახლავთ.
- რას გულისხმობთ?
- არ ვმუშაობთ ევროპაში ჩვენს დიასპორასთან. მთავარია, ამ ადამიანების ხმები. დიახ, უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი. "ევროვიზია" რომ დამთავრდება, მომდევნო წლისთვის სამზადისი დაიწყება, იქიდანვე უნდა დაიწყოს ფიქრი ამაზე... მერე პრობლემაა ისიც, რომ ამ მოსამზადებელ პერიოდშიც ძალიან გვიან ვერთვებით, რადგან ხან თანხა არ არის, ხან ვინ უნდა წავიდეს, ეს არ იციან... ყველაფერი რომ გაირკვევა, მერე ჩქარ-ჩქარა ხდება ყველაფრის გაკეთება, რაც საქმეს ვნებს...
- დიასპორასთან კონკრეტულად როგორ უნდა ვიმუშაოთ?
- არსებობს დიასპორის სამინისტრო, რომელიც უნდა ჩაეროს ამ საქმეში, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაონ, საელჩოებიც უნდა ჩაერთვნენ, ამ ყველაფრის პროპაგანდა უნდა მოხდეს უცხოეთში. ტურნე უნდა მოეწყოს იმ ქვეყნებში, ვისი ხმებიც გვჭირდება. ეს ხომ მაინც პოლიტიკური კონკურსია?!
- წლევანდელ კომპოზიციაზე რას იტყვით?
- ეს იყო ერთი დიდი სიმღერა, არაფერი განსხვავებული, თუმცა ძალიან ''დავარცხნილად'' გაკეთებული, მაგრამ ჩვენი რომელიმე კონკურსანტი ოდესმე იქ ცუდად თუ გამოსულა?! თუმცა ეს ბოლო კომპოზიცია ჩემთვის მაინც ძველმოდური გახლდათ. "შინის" ადგილზე მარიკოს როლს ცოტა წინ წამოვწევდი. რაც ვნახეთ, ის იყო, მარიკო "შინში'', არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო, ქალის როლი წინ უნდა წამოწეულიყო. თუ ეს არ უნდოდათ, მაშინ ჯობდა, თვითონ ჯგუფი მარიკოს გარეშე წასულიყო. მისი როლი ნომერში ცოტა გაურკვეველი გახლდათ, არადა, კარგი ხმა აქვს, კარგი გარეგნობა...
- გარდა იმისა, რომ დიასპორასთან უნდა ვიმუშაოთ, სამომავლოდ, კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ამ კონკურსში სამომავლოდ მონაწილეობას ვაპირებთ?
- ჩვენში ამ სფეროში არიან ადამიანები, ვისაც აზრი მოეკითხებათ, ძალა ხომ ერთობაშია? ჰოდა, ამ ძალების თავმოყრა და გაერთიანებაა საჭირო, რაღაც შემოქმედებითი საბჭო უნდა შეიქმნას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ყველამ ერთად დაგეგმონ ყველაფერი: ვინ წავიდეს, რა იმღეროს. მოკლედ, სერიოზული სამუშაო გვაქვს. ფული მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს.
სტეფანე მღებრიშვილი:
- თავიდან "შინის" და მარიკოს ვიდეო რომ ვნახე, ძალიან უცნაურად მომეჩვენა და მივხვდი, რომ "ევროვიზიის" ფორმატი არ იყო, მაგრამ ვიფიქრე, ორიგინალობენ-მეთქი. გუშინდელი მონაცემებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკურსის ორგანიზატორობას საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოეშვას. ორი-სამი წელია, მიღებულ შედეგებს ერთმანეთს აბრალებენ. ჩემი მხრიდან, როგორც მუსიკოსისგან, არაკოლეგიურია რაღაცის თქმა, მაგრამ კომპოზიცია მინიმუმ უცნაური იყო და "არაევროვიზიის" ფორმატი.
რაც შეეხება "შინს", პატივს ვცემ, მარიკო როგორც ვოკალისტი მომწონს, მაგრამ ამ ყველაფრის მომზადებისას ჩემი აზრით, რაღაც პროდიუსერული შეუთავსებლობა მოხდა. მიმაჩნია, რომ ვინც ამ პროდიუსერულ გადაწყვეტილებას იღებს, "არაევროვიზიის" ფორმატის ტიპია.
- რას იტყვი, ზოგადად ეთნოჯაზზე, "ევროვიზიაზე" არ ამართლებს?
- ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეთნო ელემენტებით კომპოზიციას გაუმარჯვია, მაგრამ ევროპამ ქართული ფოლკი ხომ არ იცის და ბუნებრივია, მისთვის არ არის ახლობელი ეს ჰანგი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამაზე ფსონის გაკეთება, არ შეიძლება.
ამასთან, კომპოზიცია ძალიან რთული იყო, იქიდან მე, მუსიკოსს ერთი ფრაზაც არ დამამახსოვრდა, რომ წაგიმღეროთ. ვერც კოსტიუმები გავიგე, მოკლედ, ბევრი რამ ვერ გავიგე, ხომ ვამბობ, როგორც ავანგარდი, კულტურის ნიმუში, საინტერესო არტი ისე აღვიქვი, მაგრამ რამდენად "ევროვიზიის" იყო ის ყველაფერი, არ ვიცი... ისე, "ევროვიზიაც" რა არის, ამასაც ვერ ვხდები.
მე, როგორც "ევროვიზიის" ისტორიაში შესული ადამიანი, - პოლიტიკური კლიპისთვის დაბლოკილი, ვიტყვი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს უკვე უარი უნდა ეთქვა მასში მონაწილეობაზე, რადგანაც მაშინ ჩვენი ქვეყანა ხომ დაიბლოკა?!.. ამ ყველაფერში ბევრი ფული იხარჯება, არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ფინალში ვერ ხვდებიან.
- ანუ წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ პროდიუსინგში გარღვევაა?
- ალბათ. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, არ ხდება წინასწარ რაღაცების არჩევა, რაც ძალიან უცნაურია... საზოგადოებრივი მაუწყებლის ის ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაფიქრდეს. არ შეიძლება საკითხების ასე ერთპიროვნულად გადაწყვეტა.
ჩვენი საუბრის რეზიუმე ასეთია: მე არ მომწონს თვითონ "ევროვიზიის" კონკურსი, მაგრამ ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. არანაირი პრეტენზია არავის მიმართ არ მაქვს.
- მოკლედ, ამ კონკურსში მონაწილეობას ჯობია, შევეშვათ?
- კი, და ამის ტოტალური მიზეზი ვიმეორებ, 2008 წელს გაჩნდა, - ჩვენი ქვეყანა არ დაუშვეს. პოლიტიკური ნიშნით დაგვბლოკეს. იმის მერე უკვე შეიძლებოდა ბოიკოტის გამოცხადება.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
ამავე თემაზე: