ვახტანგ რჩეულიშვილმა ხუმრობა-ხუმრობაში "ორი ვარსკვლავის" რამდენიმე ტური ისე გადალახა, აუტსაიდერთა რიგებში არც მოხვედრილა, მიუხედავად იმისა, რომ ჟიურისგან მაინცდამაინც მაღალ ქულებს არ იმსახურებს. სამაგიეროდ, ესემესებით მაყურებელი ანებივრებს, რისი საშუალებითაც ის შოუში რჩება და ლამის ნახევარი პროექტიც გაილია.
საინტერესოა, რას ფიქრობს "ორი ვარსკვლავის" ყველაზე ხანდაზმული მონაწილე მის კონკურსში მონაწილეობაზე, საკუთარ მუსიკალურ მონაცემებსა და იმ სიმღერაზე, რომელსაც მორიგი ტურისთვის ამზადებს.
სწორედ ამიტომ "ამბები.გე" ბატონ ვახტანგს დაუკავშირდა.
- რისი ბრალია, აქამდე პროექტი რომ არ დატოვეთ?
- ჟიური საკმაოდ მკაცრად კი მაფასებს, მაგრამ ბევრი მხარდამჭერი მყავს და მესიჯებს ისინი მიგზავნიან. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, ყველაფერს ესემესები წყვეტს. ჟიურის ქულებს მესიჯები სწონის. წინა ჯერზე ორი წყვილი, 40-40 ქულით, აუტსაიდერებში აღმოჩნდა, დიახ, გოგოლა კალანდაძე და მიშა ხუჯაძე გაგდების კანდიდატები იყვენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟიურის მიერ დაწერილი მათზე დაბალი ქულები გვქონდა, აუტსაიდერებში არ მოვხვდით. დასკვნა ერთია, მოქმედებს ესემესები და არა ჟიურის შეფასება...
- კონკურენტებიდან ვისი ნამღერი მოგწონთ?
- კონკურენტ მამაკაცებში მიშა ხუჯაძის ნამღერი მომწონს და დიდი სიამოვნებით მივცემდი ხმას, რომ გაიმარჯვოს, ქალბატონებში - ყველა, მაგრამ განსაკუთრებით, გოგოლა კალანდაძე...
- ე.ი. გოგოლასაც მისცემდით ხმას?
- რასაკვირველია, მე იქ ვიყო და ახალგაზრდა გოგოები, რომლებსაც სიმღერა უნდათ, მაყურებელსაც მოსწონს ისინი, ჟიურის მაღალ ქულებსაც იმსახურებენ და გავარდნენ? ამიტომ, გოგოლა აუტსაიდერებში რომ მოხვდა, იქვე მინდოდა, განმეცხადებინა,ე კონკურს ვტოვებ-მეთქი.
ახლა კი ჩემი მონაწილეობის შეფასების დრო დადგა, ერთის მხრივ, ნახევარი პროექტი გავიარე. მთელი საქართველო რომ გადაირიოს და ხმა მომცეს, უსამართლო იქნება, რომ გავიმარჯვო. თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მე და ნინა კვლავაც საუკეთესო შოუს დავდგამთ, მაგრამ რეალურად ხომ ვიცი, რომ სიმღერა მიჭირს? ჩემი "კანიოკი" პირველი სიმღერა იყო "სირენევი ტუმან" და დღევანდელი სიმღერაც, რასაც შევასრულებ. ის ალექსანდ როზემბაუმის "ჰოპ-სტოპ"-ია. ეს ორი რამ მიყვარს, რითაც მაყურებლის წინაშე წარდგომა მინდოდა...
- ბატონო ვახტანგ, იცით, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გიმესიჯებენ და "გქაჩავენ?"
- ჯერ ერთი, ყველაზე მეტს მაია, ჩემი მეუღლე მიმესიჯებს, "ცენტრ პოინტის" თანამშრომლები და დაზარალებულების ერთი ნაწილიც. ისინი არაჩვეულებრივი გულშემატკივარები აღმოჩნდნენ... მიხვდენენ, რომ ჩვენი ფირმის გაკოტრება ხელოვნურად მოხდა. ეს ბევრს ესმის. ვისაც არ უნდა, არ იგებს და ჩარჩენილია კიდეც თავის ბოღმაში. მოკლედ, უცნაური რაღაცები ხდება, - ადამიანები 8 წელი რომ მებრძოდნენ, ახლა მხარს მიჭერენ. მათთან ერთად, ესემესებს ჩემი ასაკის ადამიანებიც მიგზავნიან...
უნდა ვთქვა, რომ ეს შოუ არის გენიალური. გიორგი მახარაშვილი ყველაზე უმცროსი კონკურსანტია (21 წლის), ჩემი შვილიშვილის ტოლია. მე მათ შორის ყველაზე უფროსი ვარ. ასე რომ, შოუში სამი თაობა ვართ ჩართული: ბაბუების, მამების და შვილიშვილების. მოკლედ, შვილიშვილების გაგდებაზე რომ იყოს საქმე და ჩემს შოუში დატოვებაზე (ახლა დაახლოებით ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი), მე უნდა წავიდე. ამიტომაც ჩემს მომხრეებს დამესიჯების შეწყვეტას ვთხოვ და ამისკენ მოვუწოდებ!
- თქვენ ახლა ხელოვნურად აჩერებთ პროცესს...
- დიახ, აბა, როდემდე? შოუ კი არა, პოლიტიკა მივატოვე, როდესაც დავინახე, რომ პერსპექტივა არ მქონდა.
- ანუ დღეს აპირებთ ამ განცხადების გაკეთებას?
- კი, ვნახოთ, როგორ გამოვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. დღეს ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, პროექტს "ჰოპ-სტოპით" ვამთავრებ. ვიმეორებ, ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა.
- ამ შოუში მონაწილეობით რას მიხვდით?
- ამ შოუში მონაწილეობით მივხვდი, რომ 60 წლის ასაკში ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყება არის შესაძლებელი. ამასთან, შესაძლებელია ახალი ცხოვრების დაწყებაც. რომ 60 წლის კაცი სულაც არ არის ბებერი. მოხუცებულობა 65 წლის ასაკიდან იწყება. რაც მთავარია, ამ შოუში მონაწილეობით "იმედმა" წარმოუდგენელი იუბილე მომიწყო. 60 წლისა 1-ელ იანვარს გავხდი. ჰოდა, ამ ორი თვის განმავლობაში აბსოლუტური საიუბილეო პერიოდი მქონდა. ეს ყველაფერი კი ამ ახალგაზრდა გუნდმა, შვილებისა და შვილიშვილების თაობამ მომიწყო. ისეთი დაჯილდოებული ვარ, არ იცით.
სანამ ასეთ კარგ განწყობაზე ვარ, ჯობია პროექტი დავტოვო. არ მინდა, რაიმე სკანდალში გავეხვე, ჟიურის რომელიმე წევრის უხეშობას ვეღარ ავიტან. რადგანაც ასე ლამაზად მიდის ყველაფერი, ჯობს, ყველაფერი ახლა გავაჩერო. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარეო.
- და დღეს წასვლით ჩვენი გახარება გაქვთ ჩაფიქრებული?
- კი. იმ გოგო-ბიჭებთან დაშორება არ მინდა, მათთან გულით მინდა ყოფნა, მაგრამ ტვინს აღარ უნდა. უკვე დროა. ადვილი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ მისაღებია. მიდა, გაიმარჯვოს ღირსეულმა... რაც მიყვარს, იმ სიმღერებში ნებისმიერ შევეჯიბრები, მაგრამ ერთ კვირაში ნასწავლ სიმღერაში ყველა მომიგებს. თავმოყვარეობაც კარგი საქონელია.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის