შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი "სკაიპისა" და "ფეისთაიმის" აქტიური მომხმარებელია: მათი მეშვეობით ამერიკაში მყოფ და მონატრებულ ბენს ყოველდღე ეკონტაქტება. როგორც გვითხრა, ბენთან ურთიერთობის დაწყებამდე, "სკაიპით" ბოლოს 12 წლისამ ისარგებლა, როცა სასკოლო კონსპექტებს უგზავნიდნენ.
- მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, გულშემატკივრთა წერილებს ასე ყურადღებით რომ ეპყრობა: შეტყობინებებს კითხულობ და ვიდეოჩანაწერის მეშვეობით, მათ სოციალურ ქსელში პასუხობ.
- ასეთ რაღაცებს ყურადღებას თუ არ აქცევ, ე.ი. "თავში ავარდნილი" გაქვს. რომ არ ვუპასუხო ადამიანს, რომელმაც რაღაც მომწერა, დრო დახარჯა, ეს მათ შეურაცხყოფას ნიშნავს. სამწუხაროდ, ხშირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ, რადგან უამრავი წერილი მომდის... ვფიქრობ, სამსახური არ მექნებოდა, თუკი ჩემს გადაცემას არ უყურებდნენ. შესაბამისად, გულშემატკივრები ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან - ტელევიზია ხომ მათზეა დამოკიდებული!
- გულშემატკივრების უამრავ წერილს შორის, მეგობრების შეტყობინებებს როგორ პოულობ?
- მეგობრები "ფეისბუკზე" არ მწერენ, რადგან იციან, რომ ვერ ვუპასუხებ. სამაგიეროდ, "ვოთსაფი" და "ვაიბერი" არსებობს, სადაც ჩემი მოძებნა იოლად შეუძლიათ.
- ნუკი, ჯერ კიდევ ანდრო ბარნოვისა და შენს შესაძლო რომანზე ჭორაობდნენ, როცა აღმოჩნდა, რომ ამერიკელ ბენზე ყოფილხარ შეყვარებული. როგორც ვიცი, ის ინტერნეტით გაიცანი. აქამდე წარმოიდგენდი, რომ რომანტიკული გრძნობები გაგიჩნდებოდა ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც პირადად ნანახი არ გყავდა?
- არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, ვიდრე რეალურად შევხვდებოდით. ერთმანეთის ნახვამ კი მართლაც, ბევრი რამ გადაწყვიტა. მერწმუნეთ, ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში პირველად ვარ!.. საერთოდ, წინასწარ ვერასოდეს იტყვი, ხვალ რა იქნება. ცხოვრება ძალიან მაგარი რამ არის, უცნაურ სიურპრიზებს გვიწყობს. მაგალითად, ადრე იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ 19 წლისა გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი. ყოველდღე რაღაც იცვლება.
- თუ გახსოვს, პირველად როდის და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?
- ბავშვობაში "ჰაიფაივში" დავრეგისტრირდი. ეს საიტი "ფეისბუკის" "ბიძაშვილია", მაგრამ "ფეისბუკი" კარგია, ის - არა. ჰოდა, დარეგისტრირების მერე იმ საიტზე არც შევსულვარ. "ფეისბუკითაც" არ მისარგებლია დიდხანს: დავრეგისტრირდი, მაგრამ 3 წელი არ ვიყენებდი. შემდეგ ნელ-ნელა "ჩამითრია" ისევე, როგორც თითქმის ყველა ადამიანი. "ფეისბუკს" სასწაულებრივი ძალა აქვს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მისი ხშირი მომხმარებელი დღესაც არ ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს "პოსტავენ", ყველაფრის საქმის კურსში არიან, მე კი არასოდეს ვიცი, რა ხდება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ფოტოების დადება მომწონს.
- ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაში ცნობილმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ სოციალურ ქსელში, მათ პირად გვერდზე დადებული ფოტოების შესახებ უარყოფითი კომენტარის გაკეთება თუ სტატიის დაწერა მიზანშეწონილი არ არის. პირად გვერდზე, მაგრამ საჯაროდ დადებული "პოსტებისა" თუ ფოტოსურათების შესახებ შენ რას ფიქრობ?
- თუ არ გინდა, შენი "პოსტები" ვინმემ ნახოს, უნდა "დაბლოკო"; თუ გინდა, რომ სხვებმაც ნახონ, მაგრამ მაინც ამბობ, რომ არ გინდოდა, ასე მომხდარიყო, ეს "პიარის" ერთ-ერთი გზა გახლავთ, რომელსაც მე არ ვიყენებ. "ფეისბუკზე" ჩემი გვერდი ღიაა. თუკი ფოტოზე დაჭყანული ვარ აღბეჭდილი და ხალხი დაწერს, - ფუ, რას ჰგავსო, მერე რა? რადგან ასეთი სურათი დავდე, ე.ი. ხალხისგან ამ რეაქციას ველოდი. იმ ადამიანებს პატივს ვცემ, ვინც საკუთარ ფოტოებს "ფარავს" და მხოლოდ მეგობრებს უზიარებს, მაგრამ მე სამეგობრო სიაში ყველას ვიმატებ - "ფრენდების" ნახევარზე მეტს არ ვიცნობ.
- ცნობილი ადამიანების გვარ-სახელით სოციალურ ქსელში "ცრუ გვერდებს" ხშირად აკეთებენ. ამის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ? შენი სახელით რაიმე დეზინფორმაცია ხომ არ გავრცელებულა?
- თუკი ვიღაც ფსევდო "ნუკი კოშკელიშვილმა" რაღაც დაწერა (სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა), კი, ბატონო, დაწეროს, თუ ასე ძალიან უნდა. დეზინფორმაციის გავრცელებას რაც შეეხება, მგონი, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ჟურნალისტი ინფორმაციას ტეტ-ა-ტეტ გადაამოწმებს: ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ყოველთვის მზად ვარ... როცა მეკითხებიან, - "ფეისბუკზე" როგორ გიპოვოო? ვპასუხობ: ვაიმე, ვერ მიპოვი-მეთქი (იცინის). ამ წინადადების წარმოთქმა ძალიან მსიამოვნებს, რადგან მართლა ვერ მიპოვი - ბევრნი "ვართ".
- სოციალურ ქსელში სტატუსის სახით საჯარო განცხადება თუ გაგიკეთებია?
- არა, არასოდეს! საჯარო კომენტარი რაზე უნდა გავაკეთო, პოლიტიკაზე? ვის რაში აინტერესებს 23 წლის ნუკი კოშკელიშვილის აზრი, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება? როგორც მოქალაქეს, პოლიტიკა მეც მაინტერესებს, მაგრამ ჩემს აზრს ნამდვილად არავის მოვახვევ თავს და ამას საჯაროდ არც ვაფიქსირებ...
- მაგალითად პოლიტიკა რატომ მოიყვანე? მგონი, დღეს პოლიტიკაზე აქტუალური სექსის თემაა.
- მაგ თემაზე - მით უმეტეს, ჩემი აზრი არავის აინტერესებს.
- ქართველ სექსსიმბოლოდ მიგიჩნევენ...
- რას ლაპარაკობ? ეს ახლა გავიგე, შენგან (იცინის). კრიტიკული ადამიანი არ ვარ და არ ვიტყვი, - ფუ, იმან ეს როგორ თქვა-მეთქი! მაგრამ არ მესმის, ამ თემაზე სახალხოდ ლაპარაკი რა საჭიროა, ამით ვის გავაკვირვებ? სხვისი პირადი ცხოვრება, "ყვითელი" ამბები ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ზედმეტად პირადი ანუ სექსუალური ცხოვრება - ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა. ალბათ ეს იგივეა, რომ მაგალითად, ვიღაცამ თავისი მშობიარობის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროოს...
- ზოგადად, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ხარ?
- "გუგლის" აქტიური მომხმარებელი ვარ, "იუთუბის" - მეტ-ნაკლებად, "ფეისბუკის" - იშვიათად (ჩემ მიერ 1 თვის წინ დადებულ "პოსტსაც" კი იოლად იპოვი). "გუგლი" ძალიან კარგი "ვიღაცაა": რაც მაინტერესებს, ჩავწერ ხოლმე და ყველაფერზე მპასუხობს.
- ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს მკითხველთა კომენტარებიც ახლავს. უარყოფითი კომენტარების გამო ზოგჯერ რესპონდენტები ღიზიანდებიან და ინტერვიუში ნათქვამს უარყოფენ კიდეც. მკითხველთა შეფასებებს თვალყურს შენც ადევნებ?
- არა, ასეთი კომენტარები ცხოვრებაში არ მინახავს. ახლა გისმენ და ძალიან მაინტერესებს, ვნახო. ცოტა არ იყოს, "ქვის ხანის" წარმომადგენელი ვარ - ჟურნალ-გაზეთებს ვყიდულობ, აქ კი კომენტარები არ წერია - ინტერვიუს წავიკითხავ და მორჩა. ძალიანაც რომ მინდოდეს, კომენტარს ინტერნეტში ვერ ვიპოვი, რადგან ტექნოლოგიასთან ურთიერთობა მიჭირს. დიდად არც მაინტერესებს: მე ხომ ვიცი, რაც ვილაპარაკე? რადგან ვილაპარაკე, ე.ი. ასე მივიჩნევ საჭიროდ. თან ყოველთვის ვცდილობ, ისეთი არაფერი ვთქვა, საზოგადოებას რომ გააღიზიანებს. თუკი ვინმეს ჩემ მიმართ აგრესია აქვს, სამწუხაროა, მაგრამ ვერ ვაიძულებ, მოვეწონო. ყველას რომ მოსწონდე, შეიძლება, "გააფრინო" კიდეც.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)