ეს მსახიობი და მუსიკოსი ისევე წარმატებულია კინოში, როგორც მუსიკალურ სფეროში. თუმცა დიდ კინოში გამოჩენამ მისი პოპულარობა გააათმაგა, მით უმეტეს, რომ თანამედროვე ახალგაზრდების საყვარელ სურათში "ვამპირთა საგაში" გაიბრწყინა, ჯასპერ ჰეილის როლში.
მონრო ჯეკსონ რეტბოუნ V 1984 წლის 21 დეკემბერს დაიბადა სინგაპურში. მამის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მისმა ბავშვობამ გამუდმებულ მოგზაურობებში გაიარა. ჯეკსონი ახლაც აღიარებს, რომ უყვარს ადგილების ცვლა და ამას ადასტურებს კიდეც იმით, რომ სხვადასხვა დროს უცხოვრია უამრავ ადგილას ინდონეზიიდან დაწყებული, ტეხასის ქალაქ მიდლანდით დამთავრებული.
მსახიობობა მიდლენდის ადგილობრივ თეატრში დაიწყო, ახალგაზრდულ მუსიკალურ დადგმაში "პიკვიკელი მოთამაშეები". უმცროს კლასებში ხელოვნების აკადემიაში დადიოდა, ასევე მიჩიგანის კერძო სკოლაში, სადაც სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა. მისი დამთავრების შემდეგ შოტლანდიის სამეფო აკადემიის დამთავრებას აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, რათა დიდ კინოში მოხვედრილიყო. იქ აღმოჩენილმა დისნეის კომპანიას მიმართა, სადაც მაშინვე მიიღო პირველი როლი ტელესერიალში "ლამაზი ხალხი".
კიდევ რამდენიმე სერიალში ითამაშა ორი-სამი წლის განმავლობაში, 2008 წელს კი ვამპირ ჯასპერ ჰეილის როლი მიიღო სტეფან მაიერის რომანის გახმაურებულ ეკრანიზაციაში "ბინდი". მიუხედავად იმისა, რომ რომანის მიხედვით ის მეორე ხარისხის მნიშვნელოვანი პერსონაჟია, თავდაპირველად მას ედვარდ კალენის როლის მიღების იმედი ჰქონდა, რომელიც შემდეგში რობერტ პატინსონმა შეასრულა. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ფილმში მონაწილე მსახიობები დამეგობრებულიყვნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ამ საგაში მონაწილე ახალგაზრდები ძალიან მეგობრულები არიან. ჯეკსონმა განსაკუთრებული ურთიერთობები ეშლი გრინთან დაამყარა, რის გამოც ამ წყვილს რომანტიკულ კავშირსაც აბრალებდნენ, თუმცა ორივენი ამტკიცებენ, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა.
გარდა სამსახიობო მოღვაწეობისა, ჯეკსონი მუსიკალურ სფეროში აქტიურად არის ჩართული. კინოსა და ტელევიზიაში თუ არ არის დაკავებული, ან თუ ისვენებს, იმ დროს მუსიკას უთმობს. უყვარს სიმღერების შექმნა, სიმღერა და პროდიუსერული მოღვაწეობაც. გიტარასა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს, მაგალითად, ტუჩის გარმონზე.
ცოტა ხნის წინ თავის მეგობრებთან - ჯერად ანდერსონსა და ბონ გრაუპნერთან ერთად მუსიკალური ჯგუფი შექმნა - 100 Monkeys.
თავის საყვარელ მსახიობებად ჯეკსონი კრისტოფერ უოკენსა და კლინტ ისტვუდს ასახელებს. მის შესახებ კიდევ ის არის ცნობილი, რომ ჯეკსონი დალტონიკია, თუმცა ეს არ უშლის ხელს კინოვარსკვლავობაში.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)