მანჰეტენის სასამართლომ ხმის ჩამწერი სტუდია ”UMG Recordings”-ის წინააღმდეგ ლეგენდარული იამაიკელი რეგი-შემსრულებლის ბობ მარლის ოჯახის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, იტყობინება ”როიტერი”.
მუსიკოსის ქვრივი რიტა მარლი და მისი ცხრა შვილი მომღერლის ხუთ ყველაზე ცნობილ ალბომზე საავტორო უფლებების დაბრუნებას მოითხოვდნენ. ალბომები მომღერალმა 1973-77 წლებში ჯგუფ ”The Wailers”-სთან ერთად ჩაწერა. ეს ალბომებია "Catch a Fire", "Burnin'", "Natty Dread", "Rastaman Vibrations" და "Exodus". ეს ფირფიტები, რომლებიც მოგვიანებით Universal-მა შეიძინა, ისეთ ჰიტებს შეიცავს, როგორიცაა "Get Up, Stand Up", "I Shot the Sheriff", "No Woman, No Cry", "Jamming", "One Love" და სხვები.
მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მუსიკოსის ნათესავებს საავტორო უფლებები განზრახ ჩამოართვეს და მარლის ჰიტებს კომერციული მიზნებით იყენებდნენ. როგორც სარჩელშია აღნიშნული, ეს ყველაფერი მარლის ოჯახთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა. ზარალის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ კომპენსაციის სახით მარლის ოჯახი ”მილიონობით დოლარს” ითხოვდა.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.