"ნინის სახელი ინგლისურად ტუჩზე შიგნიდან მაქვს ამოტვიფრული, ეს ტატუ ამერიკაში ყოფნისას გავიკეთე, როცა ნინიკო ძალიან მენატრებოდა", - მითხრა გიორგი თოხაძემ, იმავე G-Block-მა, ის რეპერი გახლავთ, ცხრა წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი არც მეტი არც ნაკლები ნინოს სიყვარულმა დააბრუნა. წყვილი ქორწილს სექტემბერში გეგმავს, მანამდე კი გიორგი ქართულ ცეკვას საცოლისგან ისწავლის.
გიორგი:
- ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხრა წლის წინ გავემგზავრე, ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს, მეც იქ ვაპირებდი ცხოვრებასა და კარიერის აწყობას. წინა წელს ჩამოვედი და შემთხვევით მეგობართან ნინო გავიცანი. სხვათა შორის, შუქი არ იყო და მეთექვსმეტე სართულზე ფეხით ავედი (იცინის), იქ კი ნინო დამხვდა.
ნინო:
- ორი წელი ჩემი სტუდია მქონდა, მერე დავხურე და ჩემმა მოსწავლემ თავისთან სახლში დამპატიჟა. სწორედ იქ გავიცანი გიორგი.
- გიორგი, ნინო რომ დაინახე, მიხვდი, რომ "ის" იყო?
- (იცინის) სწორედ ასე იყო! ამერიკაში სუხიშვილების კონცერტზე ნამყოფი ვიყავი, ჩემი ზანგი მეგობრები წავიყვანე, რომ მათთან მეამაყა და მართლაც გაგიჟებულები იყვნენ. მაშინ ნინოც იდგა სცენაზე, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. ნინო ჩემს მეგობართან დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მხოლოდ ის შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვსულიყავი. სწორედ ნინიკოს გამო დავბრუნდი საქართველოში.
ნინო:
- თავიდან ხომ ვიცოდი, რომ ამერიკაში უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ პირველი ერთი კვირა ცოტა ვაწვალე, ტელეფონს არ ვიღებდი და შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვფიქრობდი, რა აზრი აქვს-მეთქი. მერე მითხრა, რომ თუ მასთან ურთიერთობას გადავწყვეტდი, აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად. თან მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი, სანამ ამერიკაში გაემგზავრებოდა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამერიკაში ყველაფერს დატოვებდა და აქ ჩამოვიდოდა ჩემი გულისთვის. როგორც არარეალურ რაღაცაზე, ასე ვფიქრობდი. მეგონა, რომ ასეთი რაღაცები არ ხდება. თურმე ხდება. სექტემბერში გიორგი მართლაც ჩამოვიდა.
- გიორგი, როგორც ჩანს, ნინო ერთი ნახვით შეგიყვარდა.
- შეიძლება ასეც ითქვას. თავიდან, რასაკვირველია, გარეგნულად მომეწონა. ამერიკიდან ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი და შინაგანი თვისებებითაც მომხიბლა.
ნინო:
- მერე კიდევ რამდენჯერმე წავიდა და ჩამოვიდა, ამ პერიოდში ძალიან დავახლოვდით. ნოემბერში საბოლოოდ დაბრუნდა. ამაზე ცოტა ვინერვიულე, რადგან ოჯახიც იქ დატოვა.
- და შენ რომ გაჰყოლოდი ამერიკაში?
- არა, თბილისს ვერც ერთ ქალაქზე ვერ გავცვლი. ძალიან მიყვარს. გასტროლები და სხვა ქვეყნების დათვალიერება ისედაც არ მაკლია, მაგრამ საცხოვრებლად არსად არ გადავალ.
- ნინო, გიორგის ოჯახის წევრებს იცნობ?
- კი, გავიცანი, ჩამოსულები იყვნენ.
- გიორგის არჩევანი მოიწონეს?
- მათთვის მთავარი იყო, რომ ზანგი გოგონა არ შეჰყვარებოდა (იცინიან). გიორგიმაც გაიცნო ჩემი მშობლები, შეიძლება რეპერი სასიძოთი მოხიბლული არ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ძალიან მოეწონათ, არა, ეს სიტყვა სწორი არ არის, შეუყვარდათ, იმიტომ რომ გიორგი ძალიან თბილი ადამიანია.
- დაქორწინებას გეგმავთ?
- ქორწილი სექტემბერში იქნება.
- გიორგი, ახლა შენი ალბომი მაჩუქე, სადაც სულ ინგლისურენოვანი სიმღერებია შესული. რეპით რატომ დაინტერესდი?
- ამერიკაში რომ ჩავედი, მცირე ხანში მარტო ცხოვრება გადავწყვიტე. 17 წლის ვიყავი. თავიდან მშობლები მეუბნებოდნენ, ერთი თვესაც ვერ გაძლებო, მაგრამ ისე მოხდა, რომ გავძელი (იცინის). სპეციალურად მოშორებით ვიქირავე ბინა და ნიუ ჯერსიში ისეთ უბანში აღმოვჩნდი, სადაც სულ ზანგები იყვნენ. შესაბამისად, მათთან მომიხდა დამეგობრება და მათთან გავიზარდე, ბევრი რეპერი იყო და ამ მიმდინარეობით დავინტერესდი.
- ეს არის მიმდინარეობა, რომლის საშუალებითაც ქუჩის ცხოვრების შესახებ ჰყვებიან.
- მეც ამ ცხოვრებით ვიცხოვრე. თავიდან ბოლომდე ყველაფერი გამოვიარე. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ ახლო მეგობარი მომიკლეს. ლუდის საყიდლად ჩავედით მაღაზიაში, ერთად წამოვედით, მაგრამ მერე ის მიბრუნდა. უკან წამოსვლისას კი ორი ბიჭი და ერთი გოგო დახვდა და ცეპის მოხსნა მოსთხოვეს, ამან უარი უთხრა და ერთ-ერთმა ესროლა, თავის ქალა ახადა. ჩემი მეგობარი იქვე გარდაიცვალა, იმ გოგომ კი, იმის მაგივრად, რომ გაქცეულიყო, მისი ლუდი აიღო და დალია თურმე.
ერთ-ერთი ბიჭი პოლიციელებთან შეტაკებისას მოკვდა, დანარჩენები კი ციხეში ჩასვეს. ქუჩის ცხოვრება ასეთია. ამაზე და ბევრ სხვა რაღაცაზე წერენ ტექსტებს რეპერები. ისტორიებმა, რაც გადამხდენია, ჩემს სიმღერებში მოიყარა თავი. ასე ვცხოვრობდი დიდი ხანი, იქ წყნარად ვერ იცხოვრებდი, რადგან სხვა უბანში თუ გადახვიდოდი, აუცილებლად შარში გაეხვეოდი. ერთმანეთს ვებრძოდით ჩვენი სიმღერებითაც და ფიზიკურადაც.
- მოგბეზრდა ასეთი ცხოვრება?
- ვერ გეტყვი, რომ მომბეზრდა, ზოგჯერ მენატრება ხოლმე, თუმცა ნინიკოსთან თავს ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ. ნინოსთან ეს ყველაფერი მავიწყდება.
- ნინო, ეს ამბები მოსმენილი გქონდა?
- ერთმანეთისგან დამალული არაფერი გვაქვს, თუმცა თავიდან არაფერს მიყვებოდა და ძალიან წყნარი ადამიანი მეგონა. მერე მიამბო თავისი თავგადასავლები (იღიმება).
- გიორგი, შენთვის პრობლემა არ არის, ნინო რომ სცენაზე დგას?
- არა, პრობლემა რატომ უნდა იყოს? პირიქით, ვამაყობ მისით და ძალიან მომწონს სუხიშვილების ანსამბლი. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. მეც მომიწევს გასტროლებზე სიარული და ნინო ამას ჩვეულებრივად მიიღებს.
- აქ გექნება კონცერტები?
- ივნისის ბოლოს აჭარაში ვგეგმავ ორი კონცერტს. ჩემი დისკიც უკვე გამოსულია, თუმცა ჯერ მაღაზიებში არ გამოჩენილა.
- ქართველ რეპერებს იცნობ?
- არა, მაგრამ მაქვს მათი გაცნობის სურვილი. რაღაცები მოსმენილი მაქვს. სხვათა შორის, ამერიკაში იყო ერთი ქართველი რეპერი, რომელიც ქართულად რეპავდა, ეს ზანგებს მოსწონდათ, იმიტომ რომ ყურში ცუდად არ ხვდებოდათ და სიტყვებს კარგად ვერ გამოთქვამდა, რასაც მხოლოდ მე ვამჩნევდი. თავად მე ინგლისურ ენაზე ვრეპავ და მგონია, რომ ინგლისური ენა ამ მიმდინარეობისთვის უფრო მისაღებია.
ყოველ შემთხვევაში, მე უფრო მიადვილდება, უფრო მეტი სათქმელია. თავიდან მძიმე რეპს ვწერდი, ჩემი ოჯახის წევრებს რომ ვასმენინებდი, გიჟდებოდნენ, ეს რა არისო. მძიმე რეპი არის, მაგალითად, ბასტა რაიმსი. მერე თანდათან მივხვდი, რომ პოპის ელემენტების შეტანა იყო საჭირო, რადგან მძიმე რეპი უმეტესობას არ მოსწონდა. გავალაითე და უფრო მუსიკალური გავხადე.
- ნინო, შენ ხარ რეპის მსმენელი?
- გიორგის გაცნობამდე არ ვუსმენდი, ზოგჯერ უცხოელ რეპერებს მასმენინებს ხოლმე, გიორგის სიმღერები კი კარგი საცეკვაოა და სასიამოვნო მოსასმენია. რეპი გიორგიმ შემაყვარა.
- გიორგიმ საკუთარ ჭკუაზე გადაგიყვანა. გიორგი, შენ ცეკვავ?
- არა, ბავშვობაში დავდიოდი, მაგრამ დამავიწყდა.
ნინო:
- ვცდილობ, ქორწილისთვის მოვამზადო, მაგრამ ზარმაცობს და არ მიჯერებს. ამას წინათ მითხრა, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ ქართულის ცეკვა მომიწევსო. ქორწილი იქნება ღია ცის ქვეშ, ბუნებაში, ეს ორივეს იდეა იყო. რასაკვირველია, იქნებიან სუხიშვილები (იცინის).
- როგორ მიიღეს რეპერი სასიძო?
გიორგი:
- ყველა გავიცანი და ისე თბილად და კარგად მიმიღეს, მეგონა, ადრეც ვიცნობდი.
- ილიკო ხომ არ დაგადგმევინებთ ქორწილისთვის ცეკვას?
- (იცინის) ჯერ არ ვიცით.
- გიორგი, ამერიკაში გართობის ბევრი საშუალებაა. აქ როგორ ერთობით შენ და ნინო?
- ბევრი რამით. ვცდილობთ, სადაც რაიმე ტარდება, დავესწროთ, თუმცა აქაური კლუბები არ მიზიდავს. რამდენიმეჯერ ვიყავი და პირველ რიგში, მუსიკა არ მომეწონა. შეიძლება მომბეზრდა კიდეც. ამერიკაში ისეთი კლუბებია, სადაც სხვა მუსიკას უკრავენ, ჰიპ-ჰოპსა და რეგეის. აქ კი ელექტრონულ მუსიკას უკრავენ, რაც არ მომწონს. ამერიკაში ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას კლუბებში ვატარებდი და ეს მოსაბეზრებელი გახდა.
- გიორგი, რომანტიკული ადამიანი ხარ?
- ნინოსთვის ფეირვერკები არ მომიწყვია, მაგრამ ტუჩზე შიგნიდან მისი სახელი ამოვისვირინგე, როცა ამერიკაში ვიყავი და ძალიან მომენატრა (იღიმება).
ნინო:
- ერთხელ ამერიკიდან იმხელა თაიგული გამომიგზავნა, რომ ხელში ძლივს მეჭირა. რამდენიმე ჩემი საყვარელი ყვავილი იყო გაერთიანებული.
- სიმღერაც ხომ არ დაგიწერა?
გიორგი:
- ალბომში არ არის შეტანილი, მაგრამ უკვე დავუწერე და ჰქვია "შენთვის".
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)