საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პროფილში" მსახიობ თინა მახარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"მართალი არ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ აღმაფრთოვანა ინტერვიუმ ამ ქალბატონთან. არ მივესალმები ტრადიციულ ფასეულობათა ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას მხოლოდ იმის გამო, რომ ფარისევლები და საბჭოური მენტალიტეტის მქონე რეტროგრადები იცავენ მას. თანაც, არამიმზიდველად აკეთებენ ხოლმე ამას. (ვგულისხმობ იმასაც, რაც "მძიმე კაცთან" ისაუბრა) კონსერვატორი ვარ და რა ვქნა....
თვალწინ მიდგას სახარებისეული სცენა: უფალი იესო, ძირს ჩამომჯდარი რაღაცას ხაზავს ქვიშაზე და ამ დროს მიუყვანენ ქალს, რომელიც სიძვას დაეპყრა. კანონი ასეთია, უნდა ჩავქოლოთო, ეტყვიან. რომელიც თქვენში ყველაზე უცოდველია, იმან გააკეთოსო ეს. ამ სიტყვებზე ხალხი ქვებს გადაყრის და დაიფანტება.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი ქართველები იყვნენ. მაცხოვრის ნათქვამ სიტყვებზე, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 10 კაცი მაინც მოინახებოდა იმ ბრბოში, გამორჩეული თავისი სიყეყეჩით, დეგენერატიზმით და ნაძირალობით, რომელიც იტყოდა: ასეთი მე ვარო და ქვებს ესროდა მას.
ამიტომაც არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს.
არანაირად არ ვადარებ მაგდალინელს. ვინც ქვას ესვრის იმათზეა საუბარი...", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.
მსახიობი თინა მხარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კეთილი ნების სერიოზული დეფიციტია. მისი თქმით, ადამიანი უნდა მოქმედებდეს თავისი კეთილი ნების, თავისი სურვილების, ემოციების, იმპულსების და ათსაგვარი სხვა რეაქციული მისწრაფებების გათვალისწინებით.
"ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს როგორც მორალური, ასევე იურიდიული და ამაში საკამათო არაფერია. ზუსტად ეს ვთქვი და კიდევ შევეხე ძალიან ცუდ და მახინჯ და მანკიერ სტერეოტიპებს, როგორიც მრავლადაა საქართველოში. არ მესმის რას ნიშნავს მსუბუქი ან მძიმე ყოფაქცევა და არ მესმის დეფინიცია - ბოზი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ სოციუმშია დამკვიდრებული. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც თავისი სურვილის და კეთილი ნების გათვალისწინებით მოქმედებს, არის ბოზი, მაშინ მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი. იმიტომ რომ, მე ვიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუმცა ჩემთვის ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ირღვევა სხვისი პირადი სივრცე. შესაბამისად, მე ჩემი საციელით არ უნდა შეურაცხვყო არავინ არც მორალურად და არც ფიზიკურად. ჩემი ქმედება არ უნდა არღვევდეს სხვის კეთილ ნებას. ანუ ჩვენი კეთილი ნების გადაკვეთა არ უნდა ხდებოდეს. თუ ეს ყველაფერი იქნება დაცული, მე მაქვს სრული თავისუფლება ვიმოქმედო ისე, როგორც ეს მე მინდა და არა ისე, როგორც მაგალითად იფიქრებს სიტყვაზე, ჩემი მეზობელი მანანა", - განაცხადა თიან მახარაძემ გადაცემა "პროფილში" სტუმრობისას.