თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ. ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.
"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას. ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.
თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.
"ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
Tbilisi’s famous monuments appear in masks - Anti-pollution campaign in the city