რამდენიმე თვის წინ ირინა სარიშვილმა "ფეისბუქზე" ტრაგიკული ამბის შესახებ დაწერა. მისი ინფორმაციით, ორი თვის ბიჭი, რომლის შვილად აყვანას აპირებდა, გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ სარიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უკვე დადგენილია.
"მძიმე დღე მაქვს დღეს.
ყველამ მაპატიეთ რომ ეხლა ჩემს განცდებს მოგახვევთ თავს.
ალბათ იმიტომ რომ მარტოს მიჭირს ამ ყველაფრის გადატანა.
დღეს საბოლოოდ დამიდასტურეს ის, რაც ამ ხნის განმავლობაში ეჭვის და ინტუიციის დონეზე ვიცოდი.
ჩემი გიორგი სახლში გამოყვანიდან რამდენიმე დღით ადრე განმეორებით რეანიმაციაში მოხვდა იმიტომ, რომ ერთ–ერთი კვების მერე ხელში არ დაიჭირეს, პირდაპირ დააწვინეს და პალატიდან გავიდნენ. გიორგის ძალიან სუსტი ხმა ჰქონდა, ვერავინ გაიგო მისი ტირილი და გული აერია შემდეგ კი გადასცდა.
რეანიმაციაში მკურნალ ექიმთან შეუთანხმებლად (მე ეს არ ვიცოდი) გიორგის უმატებდნენ საკვების დოზას ისეთი ტემპით, რაც არ შეიძლებოდა.
სახლში გამოყვანამდე ერთი დღით ადრე გიორგის მისცეს საკვების არა მხოლოდ დაუშვებელი რაოდენობა, არამედ ძალიან სწრაფად აჭამეს ზონდით, რის გამოც მას გაუსკდა ნაწლავი და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა.
ჩემს შეკითხვაზე, გაუძლებდა თუ არა გიორგის მანკიანი გული ასეთ სუსტ მდგომარეობაში ნარკოზს, მივიღე პასუხი: გული პრობლემა არ არის, მთავარია მუცელში პერიტონიტი არ გახდეს საბედისწერო.
საბოლოოდ, გიორგის გულმა ვერ გაუძლო ნარკოზს და გაჩერდა.
სად ვიპოვო დამნაშავე და რამდენი???
მან, ვინც ახალნაჭამი ბავშვი მარტო დატოვა, არ იცოდა რომ ის დაბალ ხმზე ტიროდა და გარეთ ვერ გაიგონებდა.
მან ვინც ბავშვს კვება მოუმატა, არ იცოდა, რომ ბავშვს ჭიპის თიაქარი ჰქონია და ნაწლავების შეხორცება იყო დაწყებული.
მკურნალ ექიმს, რომელიც ბავშვის მაღალ ტემპერატურას ვირუსს და დაბალ იმუნიტეტს აწერდა და მუდმივად ანტიბიოტიკებით "მკურნალობდა", არც ოპერაციის შესახებ შეატყობინა ვინმემ (ჩემგან გაიგო) და არც კვების რეჟიმის შეცვლაზე.
არც სისხლის ჯგუფი იცოდნენ – პირველი უარყოფითი და მხოლოდ ოპერაციის წინ გაიგეს.
გიორგის და მისი ტყუპისცალის გაჩენის დღეს მის გამჩენს ექიმმა ურჩია, დაეტოვებინა გიორგი, რადგან ის მაინც ვერ გადარჩებოდა და გზაში მოუკვდებოდათ (ბავშვმა 10 თვე იცოცხლა!) და მშობელმა ამის გამო ის დატოვა!
გიორგის სიცოცხლე იმდენად არ იყო სათვალავში არც ექიმებისგან და არც მშობლებისგან, რომ მას ჭიპი გადაჭრილიც არ ჰქონდა, უბრალოდ მოაგლიჯეს!
არც გამოკვლევაზე შეიწუხა არავინ თავი!
და მე გეკითხებით ყველას!
ვინ დავსაჯო?
ვინ მოვკლა?
მშობელი?
ექიმები?
თუ საკუთარი თავი, რომ ბავშვი არ მოვიტაცე საავადმყოფოდან???
როცა ყველა დამნაშავეა და არავინ დამნაშავე არ არის!!!
გარდა ერთისა – გულგრილობა!!!!!!!
არ გავბოროტებულვარ.
მე მყავს შვილები და მეგობრები რომლებსაც ვჭირდები და რომლებიც მჭირდება.
ყველა ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც გვერდით დამიდგა, ვისაც უხაროდა რომ მეოთხე ბიჭი მყავდა და ზედმეტ კითხვებს არ სვამდა.
გიორგის მადლობელი ვარ რომ დამელოდა და ახალი უზარმაზარი სიყვარული მაჩუქა უზარმაზარ ტკივილთან ერთად.
და ერთადერთი, რაშიც ჩემი თავისთვისაც და სხვებისთვისაც გამოსავალს ვხედავ – დავეხმარო შვილებს, ყველას შვილებს.
ამიტომ შევქმენი "მზე" და არ მინდა ამ გზაზეც ვინმე გადამეღობოს!
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს თუ დაგამძიმეთ.
ცხოვრება გრძელდება", - წერს სარიშვილი.