თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება პატრიარქის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
არქიმანდრიტი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე წერს, რომ "ამათ ღმერთი არასდროს წამდათ", თუმცა, კონკრეტულად ვის გულისხმობს მამალაძის გარდა ამ ფრაზაში, არ აკონკრეტებს.
"მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალებს მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში... პატრიარქის მოწამვლის საშიშროება იყო, მღვდელი არის დაკავებული უახლოესი გარემოცვიდან", - წერს არქიმანდრიტი.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.
მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.