ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი "ცენტრ-პოინტის საქმეზე" დაკავებული სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების მომხრეა. ამის შესახებ თამაზაშვილი "ფეისბუქზე" წერს.
"პირველ რიგში მიმაჩნია, რომ აუცილებელია აღდგეს ათასობით დაზარალებული, ოჯახის მიმართ სამართლიანობა და მიიღონ ის ბინები თუ თანხა, რაც მათ სამართლიანად ეკუთვნით! ჩემი, სუბიექტური აზრით, სალომე ჩარკვიანს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანების მიმართ ჩადენილ უსამართლობაში ...
წლების მანძილზე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და არის იმ ადამიანების ვინაობა, ვინც რეალურად დატოვა ეს ოჯახები ბინების გარეშე და მიმაჩნია , რომ ყველა სხვა პიროვნება, რომლებიც გამოიკვეთნენ გამოძიების მეშვეობით , არიან "უნებლიე" თანამონაწილენი ...
ამიტომ, ჰუმანური ნაბიჯი იქნება თუ სალომე მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს.... მცირეწლოვან შვილებს...", - წერს თამაზაშვილი.
ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" სპეციალური გვერდიც შეიქმნა სახელწოდებით, "თავსუფლება სალომე ჩარკვიანს".
გუშინ საქალაქო სასამართლომ "ცენტრ-პოინტის" საქმზე ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს სამართალდამცველებმა ის ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან გვიან ღამით აიყვანეს.